"მძიმე წელი იქნება თავისი ჩირქის მოცხებით, ბოტებით და ტროლებით..." - კვირის პალიტრა

"მძიმე წელი იქნება თავისი ჩირქის მოცხებით, ბოტებით და ტროლებით..."

"ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში. პოლიტიკას სხვა ხედვები, სხვა უნარები სჭირდება"

"დღეს ის დროა, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა მივიდნენ საზოგადოებასთან და არა საზოგადოება მათთან. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც მესამე ძალის ამბიცია აქვს, კარდაკარ უნდა იაროს, თითოეულ მოქალაქეს ესაუბროს და ხელახლა გადოს ხიდები, რომლებიც დიდი ხანია ჩატეხილია საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის", - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი და "კვირის პალიტრასთან" საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

- სახელმწიფოებრივი პერსპექტივის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ნიჰილისტური ეპოქაა. დროა იმგვარი, ნათლად ვერ ვხედავთ ჩვენს პერსპექტივას, ბუნდოვანია ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ბედი - სასამართლოს, პარლამენტის, პროკურატურის, ძალაუფლების სწორი გადანაწილებისა და სამართლებრივი ინსტიტუციების. დღეს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი. ყველაფერი რთულად და საბედისწეროდ არის.

- ნიჰილისტურია თქვენი განწყობაც და რა არის ამის მიზეზი? - ივანიშვილი ნებისმიერ გამართულ ინსტიტუციაზე ეჭვიანობს - იქნება ეს სახელმწიფოს ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, პარლამენტისა და ყველა ის, რასაც შეუძლია დამოუკიდებლად, მისი ჩარევის, ფინანსური დახმარების ან კონსულტაციის გარეშე იმუშაოს. ჩრდილოვან მმართველობას რაც გამორიცხავს, მისთვის მტერია. შესაბამისად, მტერი ყოფილა კვალიფიციური სახელმწიფოც. რატომ? პასუხი მარტივია - ერთი ადამიანის სიმპათია-ანტიპათიაზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი. ამ კაცმა მძიმე ბედი აირჩია, ვინაიდან ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს.

ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ყველა ეპოქაში ადამიანებს აინტერესებთ თავიანთი ბედი, შვილების მომავალი - ეს ლეგიტიმური ინტერესია და ის კვეთს ასევე სახელმწიფოებრიობის ინტერესს - შენი და შენი შვილის პირადი ბედი ვერ იქნება კეთილდღეობით მოცული, თუ შენი სახელმწიფო განადგურებული და მთავარი ფუნდამენტური ღირებულებები პატივაყრილი იქნება. ასე რომ, ჩვენი, მოქალაქეების გადასაწყვეტია, რას აირჩევენ - აირჩევენ გარიგებას, კონფორმიზმს, ივანიშვილის სისტემასთან კომპრომისს, თბილად ყოფნას, თუ გააცნობიერებენ იმ სავალალო შედეგს, რაც ივანიშვილის მმართველობის შემდგომ შეიძლება დაუდგეს მთელ ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეს. ეს ყველაზე მეტად 2020 წლის არჩევნებზე გამოჩნდება.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება საარჩევნო წელი? "ოცნება" მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. - მესამეზე კი არა, მეოთხეზეც აქვთ პრეტენზია. ეს წელი ძალიან მძიმე იქნება თავისი ჩირქის მოცხებით, ბოტებით, ტროლებით... სახელმწიფოს არა ჰყავს მოაზროვნე ადამიანები. სახელმწიფოში ვგულისხმობ სისტემას და ამ მთავრობაში მოკალათებულ, პირად კეთილდღეობასა და გამორჩენას გამოკიდებულ ტიპებს, რომელთაც დიდი საღი აზრი და ამ ქვეყნის მომავლის ხედვა არ გააჩნიათ.მეორე მხრივ, არიან ცილისმწამებლური ზონდერჯგუფები, ბოტები, ტროლები და ჩრდილოური სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლები, რომლებიც ძირითადად დაკავებული არიან თავდასხმებით, ჩირქის მოცხებით, აგრესიული გამოხდომებით, ქუჩაში ადამიანების ცემით და ასე შემდეგ. ასე რომ, ამ წელზე ვერ ვიტყვით, რომ მშვიდი და ნათელი იქნება, მაგრამ ეს გამძლეობასა და ღირებულებების ქონაზეა დამოკიდებული. გადარჩება ის, ვისაც ღირებულებები და იდეალები აქვს. იმათ გაუჭირდებათ, ვინც არ იცის, საით მიდის და რატომ ცხოვრობს.

- 20-21 ივნისის მოვლენებზე მინდა გკითხოთ. ახლახან გამოქვეყნდა სტატისტიკა, დაზარალებულად 67 პოლიციელია ცნობილი, მოქალაქე კი 4. არადა, ბევრი დაშავდა, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. ამაზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, დანაშაულის სტანდარტი არ არის დადგენილი, ანუ ვინმეს დანაშაული დადასტურებული, ამიტომ არ არიან დაზარალებულად ცნობილიო. - როდესაც აჩვენებ რუსეთს, რომ სჯი ყველას, ვინც ანტისაოკუპაციო გამოსვლებში მონაწილეობს, მერე მათ დაზარალებულად ვერ ცნობ. თუ ეს საჩვენებელი დასჯა იყო, ბუნებრივია, მათ სახელმწიფო არ ცნობს დაზარალებულად. თუ რუსეთს აჩვენებ, აი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ დაგიმტკიცო, შენი ერთგული ვასალი ვარო, რატომ აღიარებ შეცდომას? მთავარია დავინახოთ მოტივაცია, როგორ იქცევა ხელისუფლება, როგორ კეკლუცობს რუსეთის იმპერიასთან და მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება.

- უზენაესი სასამართლოს უვადო კანდიდატ მოსამართლეთა მოსმენა ხმაურიანად მიდის და ერთგვარ სანახაობადაც გადაიქცა... - რამდენიმე სხდომას ვუცქირე და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა - მოსამართლე ელემენტარულ კითხვებს პასუხს ვერ სცემს, არ გააჩნია აზრი სამართლის ფილოსოფიაზე კი არა, ელემენტარულ სამართლებრივ სახელმწიფოზე. ჩვენს ბედკრულ საქართველოსა და სამართლებრივად გაუმართავ სისტემაში მათ პატარ-პატარა ჩალიჩითა და კარიერული წინსვლით საქმეების ჩაწყობის ტექნიკური ცოდნა აქვთ მხოლოდ. სულაც არ მიხარია, ამას რომ ვამბობ. გვიკვირს, რატომ ვართ ასეთი მაჩანჩალა ქვეყანაო, გვინდა მსოფლიო ცივილიზაციაში დიდი ადგილი გვქონდეს და პატივს გვცემდნენ. სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდება, თუ სამართლებრივ სახელმწიფოს არ შევქმნით და კანონის უზენაესობას არ დავამყარებთ. ამას დაამყარებენ კარგი გაგებით ამბიციური ადამიანები, პროფესიონალები, პროფესიული სინდისისა და ღირსების მქონე ადამიანები სახელმწიფო ინსტიტუციებში. ახლა კი ამის საპირისპიროს ვხედავთ - ეძებენ ისეთებს, რომელთაც არანაირი ღირსება და სინდისი არ გააჩნიათ. პირიქით, რამდენადაც ისინი დამოკიდებული და კომპრომეტირებული არიან, იმდენადვე კარგ შემსრულებლებად თვლის ჩვენი ხელისუფლება.

- პროფესიული ამბიციები არ ვიცი, მაგრამ თანამდებობრივი ამბიციები ბევრს აქვს. რა ჰქვია, მაგალითად, მთავარი პროკურორის ამბიციას, რომელიც ელვისებურად დაწინაურდა და ახლა, როგორც გაირკვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს უმიზნებს? - ქვეყნის მთავარი პროკურორი რომ მილიარდერებთან მუშაობით კეკლუცობს და არა სახელმწიფო ინსტიტუციებთან დაკავშირებული საქმეებით, ეს არის პრობლემა. მაშინ დაანებე თავი სახელმწიფოს და მიხედე მილიარდერებს! სახელმწიფოებრივ აზროვნებას სხვა კრიტერიუმები აქვს, სახელმწიფოსთვის გაკეთებულ საქმეებს კი სხვა ღირებულებები. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს ღირებულებები არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მილიარდერებთან ურთიერთობა.

ამ 7 წლის ბოლო 3-4 წელი იმ ტენდენციის მაჩვენებელია, საითაც მიდის მმართველი პარტია და მისი სულის ჩამდგმელი. ბუნებრივია, რომ ვლაპარაკობთ საკადრო პოლიტიკაზე, თუ როგორი ადამიანები სჭირდება მმართველ პარტიას. ეს არ არის ერთგულება, ერთგულება კარგი სიტყვაა, ეს ყურმოჭრილ მონობას უფრო ჰგავს - ადამიანი, რომელიც ყველაფრით შენზეა დამოკიდებული. ივანიშვილზე დამოკიდებულება გულისხმობს არაკვალიფიციურობას, ვალდებულებებს, არათავისუფლებას და ამით ხარ ვალდებული.

- საზოგადოებისთვის არანაკლები პრობლემა გახდა პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები. - ერთია, რა წერია კონსტიტუციაში და მეორე, რას გრძნობს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მთავარი წარმომადგენლობითი პერსონა - ის უნდა გრძნობდეს ვალდებულებას, რომ პასუხი გასცეს ასეთ მნიშვნელოვან კითხვებს.

ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ჯოჯოხეთის კარები გახსნა და ვალდებულადაც არ თვლის თავს, კომენტარი გააკეთოს. ამაში არის მნიშვნელოვანი სიმართლე, რომ ის არ არის არაფრით ვალდებული ჩვენთან, ამომრჩეველსა და საზოგადოებასთან. როგორც ჩანს, პრეზიდენტი მხოლოდ ერთ კაცთან არის ვალდებული და ფიქრობს, მთავარია, იქ უპასუხოს.

- პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგამოჩენილი მამუკა ხაზარაძე და მისი "ლელო" თუ იქონიებს გავლენას პროცესებზე? - ქვეყანა რომ ჯანსაღად განვითარებულიყო, ძალიან კარგი იქნებოდა, მამუკა ხაზარაძე იმ პროექტების სულის ჩამდგმელად გვეხილა, რომელთა განხორციელებასაც აპირებდა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ანაკლიის პროექტი, მაგრამ როდესაც ქვეყანაში დღის წესრიგში დგას გეოპოლიტიკური არჩევნის, გეოპოლიტიკური განვითარების ვექტორის შეცვლა, ბიზნესში დარჩენისა და პროექტებზე მუშაობის დრო აღარ რჩება.

ბუნებრივად მიმაჩნია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა, ეს არის სწორი ნაბიჯი ამ მძიმე რეალობაში. მას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ მის პოლიტიკურ ორგანიზაციასაც.

- თქვენ თუ გიხილავთ "ლელოში"? - არა. ვფიქრობ, პოლიტიკაში უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სათქმელი.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, რომ არჩევნები და პოლიტიკა ღირსეულთა შეჯიბრება უნდა იყოს და არა გვარჯილით, კარტოფილით მოსყიდვით და შანტაჟით ადამიანების იძულება, ვინმეს მისცენ ხმა. ჩვენ აღარ გვაქვს იმედგაცრუებების დრო და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატება."

ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში. პოლიტიკას სხვა ხედვები, სხვა უნარები სჭირდება, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დღის წესრიგთან, პოლიტიკურ უნარ-ჩვევებსა და საკუთარ მოტივაციასთან. ჩემს თავს ვხედავ წიგნთან, ფურცლებსა და ჩემს სტუდენტებთან. თუმცა არც არასდროს ვარ პასიური და ჩემს პოზიციას ყოველთვის გამოვხატავ.

- მამუკა ხაზარაძეს სექსისტურად ჩაუთვალეს მინისტრზე გამონათქვამი ხაჭაპურის ცხობაზე და მას პირველმა პირებმა საგანგებო განცხადებებიც მიუძღვნეს. - ეს ხელისუფლების ორმაგი სტანდარტია. ხელისუფლების ფარისევლობა დავინახეთ, როცა ხაზარაძის გამონათქვამის შემდეგ უცებ გახდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები და ფემინისტები, მეორე დღეს კი, როცა საკრებულოს დეპუტატის ქალზე ძალადობის ფაქტი გახმაურდა, კაციშვილს ხმა არ გაუღია.

- სააკაშვილის ტრანსფორმაციაზე რას იტყვით, როცა ტელეეთერში ჯვარზე, რელიგიასა და 600 ეკლესიაზე დაიწყო საუბარი.

- ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილზე, როდესაც ძველ ტაძრებს აღადგენდა, თუ ჩათვლიდა, რომ არჩევნებში ხმას მისცემდნენ. აქ რელიგიურ განცდასა და კულტუროლოგიურ კავშირ-ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეს განწყობებზე თამაშია.

- "ნაციონალები" და "ოცნება" რეტროგრადულ ძალებად მიგაჩნიათ? ვის მოიაზრებთ მესამე პოლუსად, ვის აქვს პოტენციალი? - მათ შორის რაღაც უთქმელი გარიგება არსებობს. ვფიქრობ, ჩვენს გონიერ საზოგადოებაში მომწიფდა არა მარტო აზრი, არამედ ძალა იმისა, რომ ამ ორ პოლიტიკურ ურჩხულს არ მივცეთ საშუალება, ერთმანეთის წეწვა-გლეჯაში ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადავაყოლოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია მესამე პოლუსის შექმნა და ამიტომ საგულისხმოა "ლელოს" გამოჩენაც. მას აქვს რეალური შესაძლებლობა, იტვირთოს მესამე ძალის როლი. ამისთვის აუცილებელია გახსნილობა, ძალების რწმენა და საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია.