ახალი კინოვარსკვლავის მოლოდინში... - კვირის პალიტრა

ახალი კინოვარსკვლავის მოლოდინში...

"ფილმი რაჭაში უნდა გადავიღოთ, ამ ულამაზეს და ჰარმონიულ ბუნებაში ადამიანის ცხოვრების მძიმე ლაქები უფრო კარგად აღსაქმელი და დასაფიქრებელია"

იცით თუ არა, რა არის "ევრიმაჟი"? - ევროსაბჭოს პროგრამაა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის, ფინანსურად. "ევრიმაჟთან" ევროპის ყველა ქვეყნის კინოინდუსტრია და ცნობილი რეჟისორი თანამშრომლობს. კინოგადაღებებისთვის გაღებული მისი თანხები კი კოლოსალურია.

როდესაც "ევრიმაჟში" ქართული კინოს მიღების საკითხი დადგა, მისმა ავტორიტეტულმა კომისიამ გაწევრებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადალახა და ქართული კინო წევრად, ასე ვთქვათ, "ულაპარაკოდ" მიიღო: ფორმულით: "ევრიმაჟი" - საქართველო". ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა - ქართული კინოს ფენომენი საუკეთესოდ იყო ცნობილი "ევრიმაჟისთვის".

"ევრიმაჟმა" წელს ფილმის გადასაღებად 60.000 ევრო ქართველ რეჟისორებს: გიორგი გოგიჩაიშვილსა და დავით აბრამიშვილს გადასცა ფილმის გადასაღებად "ინგა", რის შესახებაც გიორგი გოგიჩაიშვილს ვესაუბრეთ. თუმცა სანამ გავესაუბრებოდით, მანამდე შევამჩნიეთ, რომ "ინგას" მთავარი როლის შემსრულებელი საოცრად ჰგავს ლიკა ქავჟარაძეს.

- როგორია იმ ფილმის სცენარი, რომლის გადასაღებად 60.000 ევრო მიიღეთ და ასეთი ლამაზი გოგონა გყავთ მოწვეული მთავარ როლზე?

- როდესაც მსახიობს ვეძებდით, მეგობარმა ანი ბებიას მოწვევა გვირჩია. მისი ნახვის შემდეგ აღარაფერი გვითქვამს, ისე დავამტკიცეთ მთავარი როლის შემსრულებლად.

- ვინ არის "ინგა", ვის როლსაც ანი შეასრულებს? - რეალური პერსონაჟია, ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგონა, რომელიც ისე გაათხოვეს მეზობელ სოფელში, წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვის აყოლებდნენ. ინგა იმ გოგონების სიმბოლოა, რომელთაც გარემო აიძულებს, დაივიწყონ საკუთარი თავი და ისე მოიქცნენ, როგორც გარშემო მყოფთ უნდათ. ინგაც იძულებულია, სხვებს დამორჩილდეს, გაჰყვეს ადამიანს, რომელიც დაჩაგვრას მოუნდომებს, მაგრამ გოგონა ძალიან ძლიერი აღმოჩნდება და ბრძოლას იწყებს. მთავარი ეს არის, მას ბრძოლის უნარი აქვს.

- და სხვებსაც ასწავლის, როგორ უნდა იბრძოლონ. - დიახ, და ძალიან საინტერესოდ ასწავლის... ფილმი რაჭაში უნდა გადავიღოთ, ამ ულამაზეს და ჰარმონიულ ბუნებაში ადამიანის ცხოვრების მძიმე ლაქები უფრო კარგად აღსაქმელი და დასაფიქრებელია.

ამხელა ჯილდოს არ ველოდით. როცა ჩვენმა პროდიუსერმა გვითხრა, ბიჭებო, დაფინანსდითო, ენით აღუწერელი ემოცია გვქონდა. ახლა ეიფორიამ გაიარა და იმას ვფიქრობთ, ისეთი კინო გადავიღოთ, რომელიც ამ ჯილდოს გაამართლებს, რაც მთავარია, ქართული კინოს ტრადიციებს გააგრძელებს.