ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიმართა - კვირის პალიტრა

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიმართა

სათხილამურო კურორტმა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (GNFC) მიერ ორგანიზებულ რიგით მესამე კინოფორუმს უმასპინძლა.

კინოცენტრმა კინომცოდნეებსა და ჟურნალისტებს მიმდინარე წლის განმავლობაში გადაღებული ფილმები წარუდგინა, რომლებიც კინოცენტრის თანადაფინანსებით შეიქმნა. ოთხდღიანმა პროგრამამ ექვსი სრულმეტრაჟიანი და ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოიცვა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბაკურიანის კინოთეატრის კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღია იყო.

სეანსებს აგრეთვე წარმოდგენილი ფილმების შექმნაში მონაწილე კინომოღვაწეები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩვენების შემდეგ მაყურებლების შეფასებას ისმენდნენ და კითხვებს პასუხობდნენ. აღსანიშნავია, რომ წინა ფორუმებისგან განსხვავებით, ორგანიზატორებმა დღის განრიგში, პანელდისკუსიების სახით, სიახლეც შემოიტანეს.

ფორუმი დიტო ცინცაძის "შინდისით" გაიხსნა. საომარი დრამა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. მიუხედავად ეფექტური, ქართული კინოს მასშტაბით, უნიკალური ბატალური სცენისა, სურათმა კინოკრიტიკოსების ნეგატიური შეფასება დაიმსახურა, თუმცა თავისუფალ ჩვენებაზე მოსული ადგილობრივი მაყურებლის სიმპათია მაინც ერგო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით "შინდისი" წელს ამერიკის კინოაკადემიის ("ოსკარის") საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.

მეორე დღე კონტროვერსიული გამოდგა. პირველმა ფილმმა მაყურებელში მხოლოდ უარყოფითი ემოციები გამოიწვიაა. სალომე დემურიასა და გიორგი ნაკაშიძის კარგი პერფორმანსის მიუხედავად, დიტო ცინცაძის ფილმმა "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" "ბ" კატეგორიის კინოფესტივალისთვის შექმნილი, ტრენდული თემებით დახუნძლული, ხელოვნური სურათის შთაბეჭდილება დატოვა.

გულდაწყვეტილ პუბლიკას ხასიათი მეორე სეანსმა გამოუსწორა. დებიუტანტი რეჟისორის უტა ბერიას ფილმმა "უარყოფითი რიცხვები" მაყურებლების ოვაციები დაიმსახურა. რეალურ ამბავზე გადაღებული სურათის მოქმედება არასრულწლოვანთა კოლონიაში ვითარდება, დახურულ სივრცეში ახალი აქტივობა - რაგბი შემოდის. ფილმი ბრწყინვალედ წარმოაჩენს როგორც სასჯელაღსრულების, ისე ე.წ. "ქურდული" სისტემის აბსურდულ ასპექტებს. მთავარი როლის შემსრულებელმა სანდრო კალანდაძემ რეჟისორის ჩანაფიქრს ხორცი შეასხა და საკუთარი გმირის ტრანსფორმაცია მაღალი ოსტატობით წარმოგვიჩინა.

მომდევნო დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა. მაყურებლის წინაშე კინოცენტრმა სამი ახალი ქართული ფილმი წარადგინა. პირველ სეანსზე გიგა ლიკლიკაძის "ღორი" ვნახეთ. ორიგინალური სცენარი, ავთენტური ატმოსფერო, ოპერატორის ნამუშევარი და არაპროფესიონალი მსახიობების მიერ შექმნილი დასამახსოვრებელი სახასიათო პერსონაჟები სურათის მთავარი ღირსებებია. "ღორი" დამთრგუნავი, სოციალური პრობლემებით დახუნძლულ გარემოსა და სპეციფიკური სატირის კარგი ნაზავია.

დღის მეორე ნახევარში ეკრანი მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმ "დაკარგული 8 ½-ს" დაუთმეს, რომელშიც რეჟისორი, მიშა კობახიძე თავის ისტორიას გვიყვება. იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ეკრანზე დიდი ხელოვანის უკანასკნელ ინტერვიუს ვხედავდით...

საღამოს, "დიდველში" რუსეთში მოღვაწე კინორეჟისორის, დიმიტრი მამულიას "ბოროტმოქმედის" შესაფასებლად მივბრუნდით. ვენეციის კინოფესტივალის მონაწილე სურათის მიმართ დიდი მოლოდინი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ატმოსფერულ კინოდ ჩაფიქრებულმა ფილმმა არანაირი ატმოსფერო არ დატოვა და დარბაზში მყოფებს მრავალი კითხვა დაუტოვა. პასუხები ალბათ რეჟისორს ჰქონდა, რომელიც ფორუმზე არ იმყოფებოდა.

დასკვნითი დღე მოკლე გამოდგა. რეჟისორმა გიორგი მრევლიშვილმა ბაბუისა და შვილიშვილის გულისამაჩუყებელი ურთიერთობის ისტორია დოკუმენტურ ფილმ "12 გაკვეთილით" გადმოგვცა. ფილმის ავტორს სიუჟეტური ხაზების საკვანძო, კულმინაციურ მომენტამდე მიყვანა გაუჭირდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ფილმი სამონტაჟოდან პირდაპირ ჩვენებაზე მოხვდა და თავად რეჟისორმაც საბოლოო ვერსია პირველად ჩვენთან ერთად ნახა.

ოთო ჯანგავაძე