"ესენი ეშმაკები არიან თუ ვინო? - ყვიროდა მეთაური ქართველებზე" - ვინ იყო საშა დროზდოვი და როგორ აღმოაჩინა "კვირის პალიტრამ" შინდისის გმირობის ამბავი
"ესენი ეშმაკები არიან თუ ვინო? - ყვიროდა მეთაური ქართველებზე" - ვინ იყო საშა დროზდოვი და როგორ აღმოაჩინა "კვირის პალიტრამ" შინდისის გმირობის ამბავი
ფოტო:კადრი ფილმიდან "შინდისი"
ბოლოხანს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის შესახებ გადაღებულ ფილმს "შინდისი". თუმცა შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ შინდისის გმირობის ამბავი "კვირის პალიტრამ" აღმოაჩინა, უფრო მეტს კი ჩვენი ჟურნალისტებისგან შევიტყობთ:

ნინო ბურჭულაძე, ჟურნალისტი:
- აგვისტოს ომის დღეებში ყველა ჟურნალისტი და რა თქმა უნდა გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, ვცდილობდით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას. სამწუხაროდ, თავად საბრძოლო მოქმედებების დროს შიდა ქართლში არ ვყოფილვარ. ომის დამთავრების შემდეგაც
გარკვეული ხანი რუსული ჯარის ნაწილები საქართველოში კვლავ რჩებოდნენ, რამდენიმე ადგილას საგუშაგოები ჰქონდათ გახსნილი. სწორედ მაშინ მოვახერხე ერთი რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ჩაწერა. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო, ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა. ჩემი მოსაუბრე გეოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი აღმოჩნდა.

- რას მოგიყვა?
- რადგან ჩემთვის
ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, არ დამიწყია კონკრეტული კითხვების დასმა. სიმართლე გითხრა, მეშინოდა არ დაეწყო - რა ინტერვიუს მართმევო? (მან იცოდა, რომ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით) მივეცი საშუალება, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, მოეყოლა. ძალიან გამიკვირდა როცა მითხრა, რომ ქართველი მეგობარი ჰყავდა ვინმე გია, როგორც მერე საუბრისას გაირკვა, ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ სარატოვში. როცა ეს გავიგე, ვკითხე თუ იყო მანამდე საქართველოში ნამყოფი, მითხრა, რომ არა და შემდეგ მომიყვა თუ როგორ შემოვიდნენ საქართველოში. რაღაც მომენტში ომის ერთი ეპიზოდი გაიხსენა, უბრალოდ, როგორც ამბავი.

ის, რაც მომიყვა მოულოდნელი იყო, რადგან ამის შესახებ არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ამას გარდა, ემოციურად იყო ძალიან მძიმე მოსასმენი, მინდოდა ბევრი კითხვის დასმა, მაგრამ შიში მქონდა, საერთოდ არ შეეწყვიტა საუბარი, ამიტომ უბრალოდ ვუსმენდი. მან არ იცოდა სოფლის დასახელება, ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამს, თუმცა დეტალურად მოყვა იქ რაც შეემთხვათ. დაძაბული ვუსმენდი, თუ რას იტყოდა ქართველებზე, დაიწყებდა თუ არა ძაგებას, რომ ისინი მოიქცნენ ლაჩრულად და ა.შ. მაგრამ როცა მან მითხრა: "ჩვენი მეთაური კაი ხანს იდგა მათ ცხედრებთან - აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - შვება ვიგრძენი, კარგად მახსოვს შეგრძნება, რომელიც დამეუფლა, ეს იყო წარმოუდგენელი სიამაყის შეგრძნება. როცა მტერი შენი ჯარისკაცების ვაჟკაცობას აღიარებს. მე მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ საშა დროზდოვი შინდისის ისტორიას მიყვებოდა.

მახსოვს დავპირდი, რომ მის მონაყოლს არ გავასაჯაროებდი, მაგრამ საუბრის ბოლოსვე ვიცოდი, რომ პირობას აუცილებლად დავარღვევდი. დღემდე ვფიქრობ, საშა დროზდოვთან ჩემი საუბარი რომ შედგა, ეს ერთგვარად მისი ქართველი მეგობრის დამსახურებაა ალბათ.

სტატიის წერისას გვარიანად ვიტირე. მახსოვს, რედაქციაში ჩემი კოლეგების, კორექტორების, სტილისტების ქვითინი, როდესაც საგაზეთო გვერდი მზადდებოდა.
გაზეთ 'კვირის პალიტრის' 2008 წლის 15-21 სექტემბრის ნომერი
დიდი გამოხმაურება იყო, რეკავდნენ რედაქციაში და კითხულობდნენ - ვინ არიან დაღუპული გმირებიო, ყველას მათი გვარსახელები აინტერესებდა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ სჯეროდათ საერთოდ ამ ისტორიის. "კვირის პალიტრაში" მხოლოდ ერთს ვფიქრობდით - უნდა გაგვეგო, ვინ იყვნენ გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, რედაქციაში გახლდით, ჩემს კოლეგას, ჟურნალ "გზის" ჟურნალისტს, ხათუნა ბახტურიძეს სტუმრად ჰყავდა რესპონდენტები, როცა ტირილის ხმაც მომესმა, მათი ვანაობით დავინტერესდი, ხათუნა გამოვიდა და მითხრა, რომ ისინი იმ ბიჭების მშობლები არიან შენ რომ სტატია დაწერეო, მაშინ ვიფიქრე, რომ თავიდან დავიბადე, ერთხელ როდესაც დროზდოვი მომიყვა ამბავს და მეორედ, როდესაც უკვე ვიცოდით კონკრეტულად ვინ იყვნენ ის ბიჭები. გამეხარდა, რომ ამ სიმართლეს კონკრეტული გვარ-სახელი ჰქონდა და მტკიცდებოდა, რომ აგვისტოს ომში გმირები გვყოლია. არასდროს დამავიწყდება მშობლების სახეები, როდესაც მთელი რედაქცია მადლობას ვუხდიდით ასეთი შვილების გაზრდისთვის.

თუმცა მინდა გითხრათ, რომ მკითხველი იმხანად კიდევ ერთი ადამიანის ბედით ინტერესდებოდა, ჩემთანაც იყო უამრავი ზარი, საქმე იმაშია რომ სტატიას აქვს ფოტო, რომელზეც ქართველი ჯარისკაცები არიან აღბეჭდილნი, ფოტო იმდენად შთამბეჭდავია, ყველა კითხულობდა წინა პლანზე მყოფ ჯარისკაცის ვინაობას და იყო თუ არა ცოცხალი, სამწუხაროდ, მისი ვინაობა არ ვიცოდით, არც მისი ბედის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, წლების შემდეგ გავიგეთ, რომ ის ჯარისკაცი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრია. ისე გაგვეხარდა ცოცხალი რომ აღმოჩნდა, პირადად დავურეკე კიდეც.

რას ჰყვებოდა რუსი ჯარისკაცი "კვირის პალიტრის" ჟურნალისტთან:
"რაციით გადმოგვცეს რომ ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. ჩვენც იქით წავედით. გზაში ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა ქართველისთვის მესროლა. გასასვლელთან ჩვენს მესამე მანქანას ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა, მხოლოდ სამი ჯარისკაცის გადარჩენა მოვახერხეთ, ლიოშა ნახევრად დამწვარი იყო. თავიდან მკვდარი მეგონა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ომია და შენ თუ არ მოკლავ, მოგკლავენ. ლიოშა ასეთ დღეში რომ დავინახე, აღარავინ მახსოვდა, - არც გია, არც ჩვენი ეზო. ნუ გავჩერდებით, თორემ ყველას დაგვხოცავენო, ყვიროდა მეთაური, მაგრამ ვინ უსმენდა?! ვიდექით გაოგნებული და ჩვენს დამწვარ ჯავშანმანქანას ვუყურებდით. ერთი ჯარისკაცი ხმამაღლა ატირდა, ყველანი შეშინებული ვიყავით. გონს მაშინ მოვედით, როცა სროლის ხმა გავიგეთ. საბედნიეროდ, მანქანებს არ მოხვედრია. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში და გავაგრძელეთ გზა. როცა მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო, ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულებიც ჰყავდათ და დაჭრილებიც, ესენი ვინ არიანო, ყვიროდა მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ (ქართველებზე), უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. მოკლედ, 2 ჯავშანმანქანა, 1 ტანკი გვყავდა და სამოცი ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! აღარავინ გადარჩენილა. ერთს ხელში "ლიმონკა" შერჩენოდა, ეტყობა, სროლა ვერ მოასწრო.

ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა მათ ცხედრებთან. აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა მაშინო... მივხვდი, ჩეჩნეთი გაახსენდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია, ისე ჩაჯდა მანქანაში და ცხინვალში დავბრუნდით. 11 აგვისტო იყო". იხილეთ სრულად

ხათუნა ბახტურიძე, ჟურნალისტი:
"აგვისტოს ომის მერე ზოგადად ვეძებდი იმ ადამიანებს, ვინც რაიმე ფორმით თავი გამოიჩინა ომის დროს. ჩემი მეგობარი, გელა კორძაძე მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი მეზობელი ბიჭი, მიშა დვალიშვილი დაიღუპა აგვისტოს ომში, თუ დაინტერესდები, მისი მშობლები თბილისში არიან და შეგახვედრებო. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და ცოლ-ქმარი მოვიდა რედაქციაში. მათ ბევრი რამ მიამბეს თავიანთ შვილზე.
მიხეილ დვალიშვილი
შინდისის გმირების ვინაობა მიშას მშობლებისგან გავიგე და მათაც ვესაუბრე. მიშა დვალიშვილი ამ გმირებიდან ერთ-ერთია. ის მოწოდებით იყო ჯარისკაცი, სამშობლოს მოყვარული, ლექსებს წერდა, ზეპირად იცოდა საქართველოს ისტორია. მისი ლექსებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავისი ბედი  წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, თითქოს იცოდა, რომ სამშობლოსთვის ბრძოლაში უნდა დაღუპულიყო.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოვაჩინეთ, რომ რუსი სამხედროს მონაყოლი და ჩვენი აღმოჩენილი ბიჭები ერთიდაიგივე პიროვნებები იყვნენ. როდესაც მიშა დვალიშვილის მშობლების ნაამბობი მოვისმინე, გამახსენდა ჩემი კოლეგა, ნინო ბურჭულაძის სტატია, რომ შევადარე, თითქმის ყველაფერი დაემთხვა, ასე ჩაიწერა შინდისის ამბავი საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართველების გმირობის მორიგი მაგალითი..."


(სპეციალურად საიტისთვის)

ტოტო
09 ნოემბერი 2019 19:29
ძალაინ ბედნიერები ვართ,რომ ასეთი გმირები გვყავს.
კობა
16 ოქტომბერი 2019 17:54
369: თუ არ იბრძოლებ, გახდები მონა, რომელსაც გმირობა არ შეუძლია
arsena
16 ოქტომბერი 2019 17:49
სხვადასხვა ამბებია დროზდოვის მონაყოლი და შინდისის ბროძალა,შინდისთან რუსებს იმთავითვე ჰყავდათ 4 ერთეული ტექნიკა,რომლებმაც მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი ჩვენი სამხედროების ავტოკოლონას,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები