"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო" - რას აცხადებს ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა - კვირის პალიტრა

"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო" - რას აცხადებს ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა

ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, სამედიცინო პერსონალი მისი შვილის მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა, მას არ მიაქციეს სათანადო ყურადღება.

"სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და მსგავსი ფაქტები ამ ჰოსპიტალში ხშირად ხდება.

ამასთან, გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ყველა იმ მედპერსონალის დასჯას ითხოვს, ვინც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა ვერ შეასრულა და ოთხი შვილის დედა დაღუპა.

"ჩვენ მოვითხოვთ რომ ის მედპერსონალი, ყველა ექიმი, ვინც აგრესიულად გვპასუხობდა, სამსახურიდან გათავისუფლდეს. ყოველდღე ხდება ასეთი შემთხვევები და სხვაც რომ არ დაიღუპოს და სხვამაც რომ არ გაიზიაროს მათი ბედი, ან ნორმალური ექიმები შეიყვანონ ან საერთოდ დაიხუროს ხაშურის საავადმყოფო", - აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

ერთ-ერთი ნათესავი ჰყვება, რომ კლინიკის დაცვა მშობიარემდე მისვლაში ახლობლებს ხელს უშლიდა.

"დაცვის წევრს რომ ვეუბნებოდი, შემიშვით-მეთქი, შიგნით არ მიშვებდა. ამ სიტყვებით მისტუმრებდა "ჯერ გათბობის სეზონი არ მოსულა, კარები გაგიღო, შიგნით რომ შემოგიშვა და გათბეთო?!“ ძაღლებივით ქუჩაში ვეყარეთ მთელი დღის განმავლობაში და მთელი ღამის განმავლობაში, მანამ პოლიცია არ მოვიყვანე, მანამ მომაკვდავი არ გახდა. მკვდარს გაუკეთეს საკეისრო და მკვდარს ამოუღეს ნაყოფი მუცლიდან", - აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

"ინტერპრესნიუსი"