"დაცვა არ მყავდა, თან რა დრო იყო, ქუჩაში ავტომატებით დადიოდნენ" - კვირის პალიტრა

"დაცვა არ მყავდა, თან რა დრო იყო, ქუჩაში ავტომატებით დადიოდნენ"

"თბილისელობისთვის ორჯერ დაბადებაა საჭირო", - ამბობს ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე და ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი. ის ყოველთვის საინტერესოდ მოსაუბრე რესპონდენტია. რას ნიშნავს "ორჯერ დაბადება", რა ხიბლი აქვს ამ ქალაქს, რა ენატრება თბილისური ურთიერთობებიდან, როგორ იხსენებს საკუთარი მმართველობის პერიოდს და რას ურჩევს დღევანდელ მერს? - ამ ყველაფერს, ბევრ მოგონებასთან ერთად, ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გეტყვით, თბილისელად თავი პირველად როდის ვიგრძენი. 12 წლისა ზღვაზე დასასვენებლად ვიყავი. თბილისში დილის 6 საათზე დავბრუნდი, მატარებელი ამ დროს ჩამოდიოდა. ჩემი სადარბაზოს კედლებზე ულამაზესი ორნამენტები იყო და რომ შევედი, გული გამისკდა. ის დამხვდა, რაც ახლა თქვენ ნახეთ. კედლები ლურჯად და ჭერი თეთრად შეეღებათ. ძალიან განვიცადე. 28 აგვისტო იყო. მეორე დღესვე აღმასკომში გავიქეცი. მივედი, ვიკითხე, ასე დამხვდა, ვინ და რატომ გააკეთა-მეთქი? იმ ადამიანთან მიმაგზავნეს, რომელიც ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო... მთელი ამბავი ავტეხე, მივხვდი, ჩემთვის სულ ერთი არ იყო, ჩემს ქალაქში, ჩემს სოფელში, ჩემს სადარბაზოში რა ხდებოდა..."

"გოფილექტში" კონცერტი იყო. რომელსაც ჩემი ნათესავი და ძალიან ახლობელი ადამიანი, სოლოლაკელი ნუგზარ თალაკვაძე ესწრებოდა. მითხრა, აქ ბიჭები არიან მოსულები, რომლებთანაც დიდი კონფლიქტი მაქვს და რაღაც უნდა იღონოო. თურმე ისინი ამის გარეთ გამოსვლას ელოდებოდნენ. დირექტორის კაბინეტში შევედი და ჩემს კლასელ გოგონებს დავურეკე. ისინი უკვე სტუდენტები იყვნენ. ორივე კონცერტზე შევიყვანე. დასრულდა კონცერტი და ნუგზარი ამ გოგონებთან ერთად გამოვიდა, ტაქსი გააჩერა და წავიდა. რადგან გოგონებთან ერთად იყო, ხმა არავის გაუცია. მაშინ თბილისში ასეთი წესი იყო. არ ვიცი, მსგავსი რამ დღეს კიდევ ხდება?.."

"მთელი ჩემი ცხოვრება საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი. მარჯანიშვილის მეტრომდე ფეხით მივდიოდი, შემდეგ მეტროში ჩავდიოდი, რუსთაველზე ამოვდიოდი და გზას მერიამდე ფეხით ვაგრძელებდი. ახლა ჩინოვნიკები არჩევნების წინ, მეტროში 2-ჯერ ჩავლენ და სულ ეგაა. შენ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხარ, კამერა რად გინდა?.."

"დაცვა არ მყავდა, თან რა დრო იყო, ქუჩაში ავტომატებით დადიოდნენ. შევარდნაძეს რომ ტერაქტი მოუწყვეს, დაცვა მეც დამინიშნეს. კარგი ადამიანი იყო, მაგრამ იარაღი სამჯერ მოვპარე, ვერ გაიგო. ერთხელ რაჭაში ჰამაკში ჩაეძინა, ყველაფერი შემოვხსენი, განვაიარაღე, სამი დღე არ მივეცი, ლამის გამიგიჟდა.

დაცვა სულ რამდენიმე თანამდებობის პირისთვის არის საჭირო, მაგრამ ტრიპაჩობად გადაიქცა. ბევრი ბარიერს ქმნის, ხალხმა რომ არ შეაწუხოს. ეს ტრიპაჩობა უნდა მოისპოს, მაგაზე ხალხის ფული არ უნდა იხარჯებოდეს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე