"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროში გაგა ბოჭორიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროში გაგა ბოჭორიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "ჯორჯიან მანგანეზმა" შიდა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

"პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ჯორჯიან მანგანეზი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

"ინტერპრესნიუსი"