"ჩაჭერით კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები!" - რა გახდა საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ჩაჭერით კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები!" - რა გახდა საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების მიზეზი?

გურამიშვილის გამზირზე, #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. აფეთქებისას კორპუსის მეოთხე სართული ჩამოინგრა, მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში კი ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

განცხადება გააკეთა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმაც, რომელიც გურამიშვილის გამზირზე იმყოფება:

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო აბონენტებს, რომ კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩაჭრან. ამ წუთას, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა "თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა.

„თბილისი ენერჯი“ წელიწადში ერთხელ აკეთებს გეგმურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე მეორდება ასეთი ტიპის შემოწმება. ამას გარდა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ნებისნიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და "თბილისი ენერჯის“ საინფორმაციო ხაზზე მოითხოვს, რომ შემოწმდეს მის საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარები და გაზის ქსელის გამართულობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება გაზის ქსელის შემოწმება და ამის შემდეგ გაიცემა საბუთი უსაფრთხოა თუ არა, აღნიშნული გაზდანადგარი.

შემთხვევების 99% დაქირავებულ, ან დაგირავებულ ბინებში ხდება. ყველა მოქალაქეს გვინდა მივმართოთ, რომ ბინის ქირაობის, ან გირაობის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება ბინის მფლობელს მოსთხოვოთ „თბილისი ენერჯის“ მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს ამ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარებისა და გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

ამასთან, როგორც „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემაშფოთებელი სტატისტიკა არის, ვინაიდან აბონენტების უმეტესობა, ჩახსნილ გაზდანადგარებს თვითნებურად კვლავ აერთებენ.

„გვაქვს შემაშფოთებელი სტატისტიკა. „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანაგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5000-მდე აბონენტმა ხელმოერედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება. მივმართავთ ყველა აბონენტს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არამხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემომყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც. ასე, რომ დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ და „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფი დაუყოვნებლივ აღმოფრხვის ამ ტიპის საქმეებს.

აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის, ან რაიმე ტიპის გაუმართავობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მომხდარის მიზეზებზე საუბარი რამდენიმე დღეში შეგვეძლება, როცა შესაბამისი სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მიზეზის დადგენას. აუცილებლად ფოტომსალასაც გავავრცელებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახნილია წყალაგამცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით