"პირველ რიგში, მინდა სოსო და სხვა დაზარალებულები მოვინახულო" - ნათია თურნავამ გურამიშვილის გამზირზე დაშავებული ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მოინახულა - კვირის პალიტრა

"პირველ რიგში, მინდა სოსო და სხვა დაზარალებულები მოვინახულო" - ნათია თურნავამ გურამიშვილის გამზირზე დაშავებული ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მოინახულა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სოსო ჯავახიშვილის სანახავად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა. დაშავებული ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელია.

"ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობაა. ახლა პირველ რიგში, მინდა სოსო, მისი ახლობლები და სხვა დაზარალებულები მოვინახულო. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები. გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ გეგმურ შემოვლას და ამოწმებენ მოსახლეობას, ყველგან, სადაც გაზის მოწყობილობებია და ჭრიან იმ გაზის მოწყობილობებს, რომლებიც თვითნებურადაა დამონტაჟებული, მაგრამ თუ თვითონ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლება და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, ასეთი შემთხვევების პრევენცია რთული იქნება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს: დადგა გათბობის სეზონი და მაქიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ და შეამოწმონ მოწყობილობები.

თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ჩვენ ასევე სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟება, ეს ჰაერში ზედმეტ გაზის არსებობის შემთხვევაში შეგვატყობინებს და დაგვიცავს უბედური შემთხვევისაგან. ეს კი როგორც ახალ აშენებულ შენობებს, ისე-ძველ შენობებს შეეხება", - განაცხადა ნათია თურნავამ.