"კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი" - კვირის პალიტრა

"კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი"

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგოომბუდსმენმა განუცხადა, აღნიშნული კორპუსი გასული წლის ამ დროს შემოწმდა. მისი თქმით, კორპუსის შემოწმება ლიცენზიის მქონე კომპანიის მხრიდან სავალდებულოა წელიწადში ერთხელ და სწორედ ამიტომ კომპანია უკვე ცდილობდა ბინის შემოწმებას უსაფრთხოების თვალსაზრისით.

"პირველადი შემოწმება უკვე ჩავატარეთ. შესაბამისად, ზეპირი ახსნა-განმარტებები მივიღე "თბილისი ენერჯის" მეეჯმეტისგან. აქ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მომხმარებლის მხრიდან დაუდევრობას, ვინაიდან საცხოვრებელი ფართი ტექნიკური თვალსაზრისით შემოწმებული იყო. არსებობს შესაბამისი აქტი, სადაც ის დანადგარი, რომელიც ფართში აღარ უნდა ყოფილიყო, დაილუქა. მოქალაქე გაფრთხილებული იყო მის გამოცვლასთან დაკავშირებით. ასევე აქტში წერია, რომ ამ დანადგარის მოხმარება არის დაუშვებელია. როგორც ჩანს, რეკომენდაცია არ დაკმაყოფილდა. კომპანია ცდილობდა ობიექტის ხელმეორედ შემოწმებას, თუმცა ვერ შეძლო იმის გამო, რომ მოქალაქე სახლში არასდროს იყო და ამის შემდეგ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ორშაბათს ოფიციალურად ვითხოვ ახსნა-განმარტებას კომპანიისგან, რათა ზუსტად შევამოწმო მისი ქმედებები და ასევე მივიღოთ ოფიციალური დასკვნა, თუ რას ჰქონდა ადგილი",- განაცხადა ვარდიაშვილმა.