"ქალაქიდან ყოველდღე 1000 ტონა ნაგავი გაგვაქვს" - კვირის პალიტრა

"ქალაქიდან ყოველდღე 1000 ტონა ნაგავი გაგვაქვს"

"მეტროს მოპირდაპირე მხარეს "ღია ტუალეტი" თავად ვიხილე, რიგიც კი იდგა: როდესაც ერთი ადამიანი ძლივს წამოზრდილ ხეებში იყო შემძვრალი, იქვე მეორე ახალგაზრდა ელოდებოდა"

მომრავლებული პრობლემების ფონზე ქალაქის დანაგვიანება ერთი შეხედვით "უხმაურო" პრობლემად რჩება. როცა დედაქალაქის გული - რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი და მისი მიმდებარე ტერიტორია მრავალრიცხოვან სტუმარ-მასპინძელს აყროლებული გროვებით ხვდება და ეს არავის აღელვებს, უბედურებაა. წესით, უნდა გვრცხვენოდეს, როცა უამრავ სტუმარს ასეთ სიბინძურეს ვაგებებთ. ნაგვისა და ფეკალიების სუნით გაჟღენთილი გარემო ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, რასაც ამ ტერიტორიაზე დასაქმებულთა არმია და რაც მთავარია, ქალაქის მერია, მშვიდად იტანს. ისე, პრობლემა იმდენად ღრმაა, მის გადაჭრას მერიის ჩარევა ვეღარ უშველის, სხვა სახელმწიფო სამსახურების მობილიზებაა საჭირო.

"ჩვენ რომ გავაგდოთ, წავლენ და 40-50 მეტრის დაშორებით მაინც მოშარდავენ!"

ამ ადგილების შემოვლა იმ მოქალაქეების წუხილმა მაიძულა, რომლებიც სიბინძურემ ძალიან გატანჯა. მათ შორის სამარშრუტო ტაქსის მძღოლებიც არიან, რომლებმაც შემომჩივლეს, აქაურობა ღია ტუალეტებად არის გადაქცეული, კაცებს ვინღა დაეძებს, ქალები შარდავენ ღია ცის ქვეშ, აღარ ვიცით, სირცხვილით სად წავიდეთო.

ალბათ, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, პირველად ეს გადაჭარბებული მეჩვენა, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავად, ბევრი ძებნა (ან როგორი საძებნია!) არ დამჭირვებია - მეტროს მოპირდაპირე მხარეს "ღია ტუალეტი" თავად ვიხილე, რიგიც კი იდგა: როდესაც ერთი ადამიანი ძლივს წამოზრდილ ხეებში იყო შემძვრალი, იქვე მეორე ახალგაზრდა ელოდებოდა. ამით გაოგნებული მოვაჭრე მამაკაცებს დავადექი თავზე, ამ ხალხს როგორ აძლევთ უფლებას, ცხვირწინ მოგიშარდონ, ტუალეტი ხომ აქვეა-მეთქი. მათ კი ხელი ამიქნიეს, თუ სხვას არ აწუხებს, ჩვენ რატომ ვილაპარაკოთო (რაზეც იმავე წამს ლუარსაბ თათქარიძე გამახსენდა, ილიას რომ ეჩხუბება, ჩემ მეტი ვერავინ ნახე, მაინცდამაინც მე რომ ჩამავლე ხელიო?!), თუმცა მერე ჩემმა რესპონდენტებმა საუბარი გადაწყვიტეს და შემომჩივლეს:

- რა ვქნათ? ჩვენ რომ გავაგდოთ, წავლენ და 40-50 მეტრის დაშორებით მაინც მოშარდავენ!

- თუკი იქაც დაუშლიან, იძულებული იქნებიან ტუალეტში შევიდნენ, მით უფრო, რომ აქვეა, 30 თეთრი ღირს. - მაგ 30 თეთრის გადახდაც რომ არ უნდათ, ეგ არის საქმე.

- თუ საზოგადოება ხართ, ადეკვატური რეაქცია უნდა გქონდეთ. თუმცა ადეკვატურობაზე ძნელია ლაპარაკი, როცა ტერიტორია არა მარტო ფეკალიების, დამპალი ნაგვის სუნითაც ყარს. შოკის მომგვრელი კი ის არის, რომ ზოგიერთ მოვაჭრეს ნაგვის პარკებს შორის აქვს "სუფრა" გაშლილი. - აბა, რა ქნან, როცა მოშივდებათ, არც რესტორანში შესასვლელი ფული აქვთ და არც სხვაგან გასაქცევი! გაქცევა ჩვენც გვინდა, ხომ არ გგონიათ, ამ დამპალ ვაგზალზე წვალებით ნაშოვნი და გაუფასურებული ფული რაიმეში გვყოფნის?!

მოკლედ, პრობლემის გათავისების ნაცვლად მოვაჭრეებმა კარგა ხნის ნაცნობი ჭეშმარიტებით მომიშორეს. ხასიათი კიდევ უფრო გამიფუჭა უცნაური ფუთებით გარშემორტყმულმა ქალმა, რომელმაც თავისი უსახლკარობის შესახებ მიამბო. მითხრა, ბევრი ჩემისთანა ათევს ღამეს აქაურ მიწისქვეშა გადასასვლელებში. მე ფუთებზე ვიძინებ, იმიტომაც დამაქვს თანო!

"ხანდახან ფიქრობ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი დედაქალაქი სძულთ"

გუნებამოშხამული და ნაგვის გროვების თვლით დაღლილი "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილეს, დავით დოლიძეს დავუკავშირდი:

- რკინიგზის ვაგზლის ტერიტორია დასასუფთავებლად კატასტროფული რომ არის, ეგ ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ პრობლემას ვერაფერს ვუხერხებთ. ეს ტერიტორია სპეციფიკური ადგილია, გამთენიისას ვერ დაიწყებ მის დასუფთავებას, რათა მთელი დღე სუფთად გამოიყურებოდეს. იმ დროს პროდუქციის შესაძენად ათეულობით გარე მოვაჭრე გამოდის, რომელთაც გვერდს ვერ აუვლი და დასუფთავებაც შეუძლებელია.

ამიტომ მუშაობას ღამით ვიწყებთ, როდესაც მოვაჭრეები დაიშლებიან, გამთენიისას კი ჩვენი სამსახურის სპეცმუშაკები შეძლებისდაგვარად ალაგებენ. ამასობაში თავიდან იწყება დაბინძურება. აქ დასაქმებულთა უმრავლესობა ნარჩენებს თავის შორიახლო ყრის. ხანდახან ფიქრობ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი დედაქალაქი კი არ უყვართ, სძულთ. რას აღარ ნახავთ ნაგვის ურნებში, საქონლის თავებსა თუ ნაწლავებსაც კი. მსგავს ნარჩენებს საკლავების ადგილებზევე უნდა უკეთდებოდეს ლიკვიდაცია, რადგან ჰიგიენის თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს, მაგრამ ამ ადამიანებზე არანაირი შეგონება არ ჭრის. ეს კიდევ "მსუბუქ" დაუდევრობად მოგეჩვენებათ იქაური კლინიკების მოქმედების ფონზე, რომლებიც ურნებში ოპერაციების შემდგომ ნარჩენებს ყრიან: სისხლიან სახვევებს, შპრიცებს, ზონდებს და ა.შ. კლინიკების მფლობელებს პრობლემის მოგვარება მშვენივრად შეუძლიათ, მაგრამ არ სურთ. გარდა ამისა, ამ ადგილების დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აქ არსებული კერძო, უკვე გაყიდული ტერიტორიებია - რამდენიმე მეტრი რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მეორე რამდენიმე მეტრი კერძოა და ნარჩენი მასალებით არის სავსე, ამ უკანასკნელს კი ხელს ვერ ვახლებთ. განა იმიტომ, რომ გული არ შეგვტკივა, ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის - მუნიციპალიტეტის სამსახურმა კერძო საკუთრება რომ დაასუფთაოს, დასუფთავების სამსახურსა და მფლობელებს შორის შეთანხმება უნდა დაიდოს, კერძო მფლობელების უმეტესობა კი ამის სურვილს არ გამოთქვამს. ხშირად კურიოზულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, მიწისქვეშა ფეხით სავალი ადგილები მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მაგრამ მისი მარჯვენა და მარცხენა მხარეები კერძოა, პატარ-პატარა ობიექტებით. ტერიტორიის ნაწილი მსხვილ მფლობელებს, "საქართველოს რკინიგზასა" და საპარტნიორო ფონდს ეკუთვნით.

- გამოსავალი რა არის ან კერძო მფლობელების, ან იმ მოქალაქეთა მოსარჯულებლად, რომლებიც საზოგადოებას იმდენად არაფრად აგდებენ, პირდაპირ მათ თვალწინ ისაქმებენ? - საზოგადოება ზოგჯერ თვითონვეა დამნაგვიანებელი. მსგავსი "ტუალეტები" ქალაქში სხვაგანაც იყო და მოვშალეთ. ახლა ვაგზალზე მოშლაა საჭირო. ვაგზლის დანაგვიანებისთვის ბევრი კერძო მფლობელი დაჯარიმდა, მაგრამ ან თანხა არ არის საკმარისი, ან დარღვევის გამოსავლენად საკმარისი ბერკეტი არ მოქმედებს.

ურნაში რომ ადამიანი ხბოს თავს ან ნახმარ შპრიცებს ჩაყრის, ის როგორ უნდა დასაჯო, თუ იქვე დამონტაჟებული კამერით არ დაინახავ, კამერა კი ბევრგან არ არის, არ ხერხდება. რომც ხერხდებოდეს, ამდენი დარღვევის აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ქალაქიდან ყოველდღე 1000 ტონა ნაგავი გაგვაქვს და ასეთ სიტუაციაში ყველა დარღვევის გაკონტროლება ძნელია. საზოგადოების გამოფხიზლებაა აუცილებელი. ამის ერთ-ერთი საშუალება დახარისხებული ნარჩენების ურნებია, მაგრამ მოსახლეობა თავად უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ ეს აუცილებელია. ქალაქში ჯერჯერობით ასეთი 300-მდე ურნა დგას, მაგრამ დიდ მონდომებას ვერავის ვამჩნევ.