"იმდენად ვიწრო შარვლებს ვიკერავდით, ძლივს ვიხდიდით. ბუბა კიკაბიძე ჩვენს სალონში ასეთ შარვლებს იკერავდა" - კვირის პალიტრა

"იმდენად ვიწრო შარვლებს ვიკერავდით, ძლივს ვიხდიდით. ბუბა კიკაბიძე ჩვენს სალონში ასეთ შარვლებს იკერავდა"

"როდესაც ეს ხელობა დავიწყე, სწორედ მაშინ იყო მოდაში მოკლე პიჯაკები და ვიწრო შარვლები, იმდენად ვიწრო შარვლებს ვიკერავდით, ძლივს ვიხდიდით. ბუბა კიკაბიძე ჩვენს სალონში ასეთ შარვლებს იკერავდა"

ვაკეში, მოსაშვილისა და კავსაძის ქუჩების გადაკვეთაზე, ახლაც მუშაობს ატელიე #55. 71 წლის ზაქრო კალატოზიშვილი ატელიეში 55 წლის წინ მივიდა სამუშაოდ. ვინ არ იკერავდა სამოსს მასთან - პოლიტიკოსები თუ უბრალოდ მოხდენილად ჩაცმის მოყვარულები.

- ამ ატელიეში 1964 წლის 1-ლ ივნისს შემოვდგი ფეხი და საუკეთესო სპეციალისტს, არჩილ ვარდიაშვილს მიმაბარეს. მაშინ ვასილ მჟავანაძე იყო ცეკას მდივანი.

- პირადად შეხვედრიხართ?

- არა. ჩვენს ატელიეში განთქმული გამომჭრელი ვალიკო მანჯავიძე მუშაობდა. მხოლოდ ის მიდიოდა მჟავანაძესთან, ზომას აუღებდა, დეტალებს შეათანხმებდა და მერე ატელიეში იკერებოდა კოსტიუმი.

- ბიჭები თერძობაზე ნაკლებად ოცნებობენ, 60-იან წლებში მათი უმრავლესობა კოსმონავტობაზე ოცნებობდა. - მე-4 კლასში შრომის მასწავლებელმა დაგვავალა, ჩვენი ფანტაზიით შეგვექმნა რაღაც. მე ძველი შინელისგან ფლოსტები შევკერე. ისეთი კოხტა გამომივიდა და იმდენი მაქეს, დავიჯერე, რომ ყველაფრის შეკერვას შევძლებდი. ერთხელ ახალთახალი ხავერდის ბრიჯი გამეხა. მშობლებს რომ არ გაეგოთ, ისე კოხტად გავკერე, კარგად რომ გაცვდა, მაშინღა შეამჩნიეს. სკოლა რომ დავამთავრე, მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში გადავწყვიტე ჩაბარება. მაშინ კორუფცია ყვაოდა. 500 მანეთის გარეშეც ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ მესამე გამოცდაზე ჩავიჭერი. მშობლებმა, ატელიეში შეგირდად მივაბაროთ და ოსტატს გადავუხადოთ ეგ 500 მანეთიო. მაშინ დედაჩემის ბიძა სამედიცინო ტექნიკუმის დირექტორი იყო. მისი პროტექტორობით მოვედი ატელიეში.

თბილისის "დინამო" რომ დინამოობდა, ჩვენი შეკერილი ფორმები ეცვათ. მანუჩარ მაჩაიძე ისეთი მიზეზიანი იყო, უმცირეს დეტალსაც უღრმავდებოდა. ჩვენთან იკერავდა მოცეკვავე ლატავრა ფოჩიანი, ამას წინათ კი მიშა მშვილდაძემ ჩემი შეკერილი კოსტიუმით იქორწინა. რა გითხრათ, მრგვალი ბაღიდან ვაკის პარკამდე ვინც კი ცხოვრობს, კალატოზიშვილს ყველა იცნობს.

- ისე, თქვენს გვართან კინოსაქმე უფრო ასოცირდება. - "ლონდრეში" პატარა ეპიზოდში გადამიღეს. ამ ფილმს ჩემს მშობლიურ სოფელ მეტეხში იღებდნენ. მაშინ გავიცანი ჩემი მოგვარე ტიტე კალატოზიშვილი, დიდი მიშა კალატოზიშვილის ვაჟი.

- პოლიტიკოსებიდან ვის მომსახურებიხართ? - ახლაც მოდიან და უწინაც ბევრი მაკითხავდა, ესკორტით მოსულან "პრიმერკაზე". ძმები შარტავები იკერავდნენ ჩემთან - ჟიულიც და სოსოც, ედიშერ მაღალაშვილიც... ოთარ რამიშვილი აიღებდა გიტარას და ბევრი კარგი სიმღერა ჩვენს ატელიეში აქვს შექმნილი. ირაკლი აბაშიძე ქუჩაზე თავისი გრძელი ლაბადით რომ ჩამოივლიდა, ქუდს მოიხდიდა, მოგვესალმებოდა და გზას განაგრძობდა. ხშირად გვსტუმრობდა ბიძინა კვერნაძე.

"საშა პარტნოი", რომელთანაც თბილისელი მოდნიცები იმოსებოდნენ, ჩვენთან იკერავდა კოსტიუმს. ჟანრი ლოლაშვილი დღემდე ჩემთან იკერავს, მამუკა ონაშვილიც.

- საქორწილო კაბაზე თუ გიმუშავიათ?

- ქალებთან მხოლოდ გადაკეთებაზე ვმუშაობდი. ჩვენს ატელიეში დადიოდნენ ლიკა ქავჟარაძე, ლია გუდაძე...

- დაახლოებით რამდენი წყვილი კოსტიუმი გექნებათ შეკერილი? - ვინ მოთვლის... თვეში 40 კოსტიუმი უნდა შემეკერა, ისე ვინ გამაჩერებდა...

- ახლა რა არის მოდური? - მოკლე პიჯაკები და ვიწრო, მოკლე შარვლები. როდესაც ეს ხელობა დავიწყე, მაშინ იყო ასეთი მოდა, იმდენად ვიწრო შარვლებს ვიკერავდით, ძლივს ვიხდიდით. ბუბა კიკაბიძე ჩვენს სალონში ასეთ შარვლებს იკერავდა=. მხოლოდ ბედის ბორბალი კი არა, მოდაც ტრიალებს...

საბჭოთა წლებში თბილისი უცბად ირგებდა ევროპულ მოდას. ჩვენს ატელიეში სხვა რესპუბლიკებიდანაც ჩამოდიოდნენ, განსაკუთრებით კარგი გადამხდელები აზერბაიჯანელები იყვნენ, ძირითადად - ნავთობბაზის დირექტორები.

- ოჯახის წევრებს თუ შეასწავლეთ თქვენი პროფესია? - 4 ქალიშვილის მამა და 9 შვილიშვილის ბაბუა ვარ. აღარ არის ჩვენი საქმის დიდი ინტერესი. თავის დროზე ამ ატელიეში ტევა არ იყო, ახლა 5 კაცი ვმუშაობთ. ყველაზე უმცროსი თანამშრომელი 63 წლის გვყავს. მოსწავლეებიც აღარ გვაკითხავენ... სანამ ძალა შემწევს, ვიმუშავებ, მერე კი რა იქნება, აბა, რა ვიცი.

"საშა პარტნოი"

"საშა პარტნოი", იგივე ალექსანდრე ახვლედიანი, წარმოშობით ქუთაისიდან იყო. მან ტანსაცმლის კერვა და მოდელირება პარიზში შეისწავლა. 30-იანი წლებიდან ის თბილისში ცნობილი ოსტატი იყო. თავდაპირველად რუსთაველის პროსპექტზე, ვოლკოვების ატელიეში მუშაობით გაითქვა სახელი. კერავდა სასცენო სამოსსაც. მაგიდაზე გაშლილ ქსოვილზე საპნით დახატავდა თარგს, დაჭრიდა, შეკერავდა და საოცარი სიზუსტით არგებდა ტანზე კლიენტებს. საშა პარტნოის შეკერილი კაბები ეცვათ ნატა ვაჩნაძეს, ნინა გეგეჭკორს, ნინო რამიშვილსა და სხვებს.