"პლასიდო დომინგოს იუბილეზე ქართული თასი მივართვი, მოიყუდებ და სიმღერას იწყებს... როგორც კი მოსვა, ჩვენი დუეტი ჩაირთო და გადაირია" - კვირის პალიტრა

"პლასიდო დომინგოს იუბილეზე ქართული თასი მივართვი, მოიყუდებ და სიმღერას იწყებს... როგორც კი მოსვა, ჩვენი დუეტი ჩაირთო და გადაირია"

"ლაა-დოოო - ასე სიმღერით მეძახის დომინგო"

"ლადო მსოფლიო მასშტაბის უდიდესი ბარიტონია, რომლითაც ქართველები უნდა ამაყობდნენ", - ეს პლასიდო დომინგოს სიტყვებია ლადო ათანელზე, რომელსაც წელს საოპერო კარიერის 30 წელი შეუსრულდა. ის აღიარებულია ვერდის, პუჩინის, ჯორდანოს, ლეონკავალოს, მასკანის ოპერების საუკეთესო შემსრულებლად, მის რეპერტუარში კი 40-მდე საოპერო პარტიაა.

როგორ დაიწყო მომღერლის კარიერა და რა კურიოზები გადახდა მას ცნობილ ოპერის თეატრებში, თავად ლადო ათანელი გვიამბობს.

- თავიდან ვფიქრობდი, რა მარტივია მომღერლობა, ფიზიკა-მათემატიკა არ მჭირდება-მეთქი, თუმცა არ ვაპირებდი საოპერო მომღერლობას, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზე ვფიქრობდი. მოგვიანებით უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობაზე გადავწყვიტე ჩაბარება, მაგრამ მანამდე ასეთი შემთხვევა მოხდა - ჩემი უფროსი და დადიოდა ვოკალზე ჯემალ ლორთქიფანიძესთან. ერთ დღეს გავაცილე და გაკვეთილზე მეც დავესწარი. პედაგოგმა მითხრა, თქვენს დას კარგი ხმა აქვს და წესით, თქვენც ასეთი უნდა გქონდეთო. რომ წავიმღერე, კარგი ბარიტონი გაქვს, მოდი, ჩააბარე კონსერვატორიაშიო. აღმოსავლეთმცოდნეობაზე სამი გამოცდა ჩავაბარე და სანამ მეოთხეს ჩავაბარებდი, გამახსენდა ის პედაგოგი, დავანებე თავი გამოცდას და კონსერვატორიას მივაშურე. ვფიქრობდი, რა მარტივია, იმღერე და მორჩა-მეთქი, მაგრამ დრო რომ გავიდა, საკმაოდ რთული პროფესია აღმოჩნდა. კონსერვატორიაში მოცარტის "ფიგაროზე" ვიმუშავეთ მე და დირიჟორმა ზაქარია ხუროძემ. სწორედ მისი რეკომენდაციით მეხუთე კურსიდან ჩავირიცხე ოპერაში სტაჟიორად, 1989 წელს კი ჩემი დებიუტი შედგა ვერდის "ბალ-მასკარადში", რენატოს პარტიით. თბილისის ოპერის თეატრში 1995 წლამდე ვიმუშავე, შემდეგ გერმანიაში წავედი. ქვეყანაში 90-იანი წლების რთული პერიოდი იდგა და ჩემს პროფესიულ შემოქმედებას აქ დიდი წინააღმდეგობები ჰქონდა. სწორედ ეს გახლდათ ჩემი გამგზავრების მიზეზი.

ერთ კვირაში ნასწავლი გერმანული ენა

- როდესაც გერმანიაში მოცარტის "მოტაცება სერალიდან" დავესწარი, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მივიღე, რომ გადავწყვიტე ამ თეატრისგან შემოთავაზებულ კონტრაქტზე ხელი მომეწერა. სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო - იტალიურს ვსწავლობდი, ინგლისური ვიცოდი, მაგრამ გერმანული არა. სწავლა დავიწყე და ერთ კვირაში კომუნიკაციას ვახერხებდი. იცით, რა დამეხმარა? უკომპლექსობა - არ ვნერვიულობდი, თუ სიტყვებს ვამახინჯებდი. ერთ კვირაში რეპეტიციაზე კოლეგებს ვაცინებდი, ჩემი მეუღლე დარბაზში იჯდა და უკვირდა, ნეტავ რას აგებინებს ან ლადო იმათ, ან ისინი ლადოსო.

ქიზიყელი ვირი კოვენტ-გარდენში

2003 წელია. ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში, კოვენტ-გარდენში, ფრანკო ძეფირელის "ჯამბაზებში" რეჟისორს ერთ-ერთ სცენაში შემოყვანილი ჰყავს ოქსფორდელი ვირი, თავისი მომვლელით. ამ სპექტაკლში პლასიდო დომინგო მონაწილეობს და ერთ-ერთი სცენის დროს ტონიოს, რომლის როლსაც მე ვასრულებ, ტავერნაში თითო ჭიქის დასალევად ეპატიჟებიან. მე ვეუბნები, ჯერ ეს სახედარი უნდა დავაბინაო და შემდეგ გამოგყვებით-მეთქი. გენერალურ რეპეტიციას გავდივარ და დაიღალა ვირი, არავის იკარებს, მომვლელსაც კი. მივეფერე, ამომხედა დიდი, სევდიანი თვალებით. ბიჭო, ქიზიყელი ვარ-მეთქი, ვუთხარი, მიცნო, თურმე ჩვენი რაიონიდან ყოფილა, შემდეგ მშობლები წამოსულან და ოქსფორდში დაბადებულა. პრემიერაზე ისევ აურია, შუა სპექტაკლზე აყროყინდა, ბი-ბი-სის ჩანაწერშიც დარჩა მისი ხმა, შემდეგ პურით გააჩუმეს, მე და პლასიდო დომინგო კულისებში სიცილით ერთმანეთს ვაწყდებოდით.

მომღერალი თასი

- პირველად პლასიდოს მიუნხენში შევხვდი. 2003 წელს EMI Classics-ი დისკზე წერდა პონკიელის ოპერას "ჯოკონდა" და სხვადასხვა პარტიის შემსრულებლებს ეძებდნენ, მათ პლასიდო დომინგოსთან ერთად უნდა ემღერათ. ჩემმა მენეჯერმა გაუგზავნა ჩანაწერი და პლასიდომ გადაწყვიტა, მე მემღერა. მთელი ღამე ვნერვიულობდი. რომ მივედი, ისე თბილად შემხვდა, ნერვიულობა გაქრა და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. შემდეგ მიმიპატიჟა ლოს-ანჯელესის ოპერაში, ვაშინგტონის ოპერაში, სადაც დირექტორი გახლდათ. 2011 წელს მის 70 წლის იუბილეზე ვიმღერე, მადრიდის საოპერო თეატრში. კონცერტს ესპანეთის დედოფალიც ესწრებოდა, 6 საოპერო ვარსკვლავი მონაწილეობდა და საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი. ლაა-დოოო - ასე მეძახის სიმღერით, არ შეიძლება არ წაუმღეროს და ჩვეულებრივად ლადო დამიძახოს. იუბილეზე ქართული თასი მივართვი. ისე გავაკეთებინე, როდესაც სასმელს მოსვამ, ჩვენი ერთობლივი სიმღერის ჩანაწერს უკრავს. როგორც კი მოსვა, ჩვენი დუეტი ჩაირთო და პლასიდო გადაირია. ლამაზ ქალს რომ დაინახავს, ქართველი ხარო? - ეკითხება. ძალიან მოსწონს ქართველი ქალები, თუ ქალი ლამაზია, ყველა ქართველი ჰგონია.

ფრანკო ძეფირელი, ლადო ათანელი, პლასიდო დომინგო

საქართველოში...

- მესამე წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი - ჩემს მეუღლეს აღარ უნდოდა საზღვარგარეთ ცხოვრება. ყველაზე მეტად გზებზე მოუწესრიგებელი მოძრაობა მაღიზიანებს. ყველა ცდილობს გადაგისწროს. აქ მუდმივად აფორიაქებული ვარ...

ფალიაშვილის "დაისში" კიაზოს პარტია არ მიმღერია და სიამოვნებით ვიმღერებდი, დანარჩენი, რაზეც მიოცნებია, ამიხდა. ახლა ახალგაზრდა მომღერლებს ვუწყობ ხელს. ერთი ჩემი კოლეგა შიმშილით გარდაიცვალა, ამან იმდენად იმოქმედა, რომ ჩემი მეუღლის, მანანა ჩიქოვანის დახმარებით დავაარსე ფონდი "თანადგომა", რათა დავეხმაროთ ღვაწლმოსილ ხელოვანებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს.