"ეს საქართველოა და, აი, მე აქ ვარ" - კვირის პალიტრა

"ეს საქართველოა და, აი, მე აქ ვარ"

1987 წლის გაზაფხულზე თბილისი-მოსკოვის რეისით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედის" სახელით ცნობილი მარგარეტ ტეთჩერი ჩამოვიდა. ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი, რომლის ორგანიზება საქართველოს მთავრობის წევრებმა ერთ დღეში მოახერხეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პროტოკოლში, მოსკოვის გარდა, სხვა ადგილების მონახულებაც იყო დაგეგმილი, მან კი არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. ბრიტანეთში დაბრუნებულ ტეთჩერს ჟურნალისტმა ჰკითხა: "რატომ საქართველო?" "მინდოდა თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისთვის, რომელმაც ისტორიის განმავლობაში არასდროს იცოდა, რა არის სხვების მიმართ ზიზღი", - იყო პასუხი.

1-ლ აპრილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ტეთჩერთან ერთად თბილისს ეწვივნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სსრკ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი. მათ დახვდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ჩერქეზია და მისი პირველი მოადგილე, მასპინძლობას კი საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი უწევდა. სწორედ ბატონ ჯუმბერს ვთხოვეთ "რკინის ლედის" მოგზაურობის დეტალების გახსენება.

- საბჭოთა პარტიულ ხელმძღვანელ პირებს კაპიტალისტურ სამყაროს პოლიტიკურ სპექტრთან ისეთი უშუალო ურთიერთობა და თანამშრომლობა არ გვაკავშირებდა, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაშია შესაძლებელი, მაგრამ იმის თქმა, რომ აბსოლუტურ კარჩაკეტილობაში ვცხოვრობდით, მართებული მაინც არ არის. ეს ვიზიტი იმ პერიოდისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობის იყო, შეიძლება 2005 წელს ჯორჯ ბუშის ვიზიტს შევადაროთ. მარგარეტ ტეთჩერი მაშინ პოლიტიკური მოღვაწეობის ზენიტში იყო როგორც პრემიერ-მინისტრი და ინგლისის ხელისუფალი. ვიზიტი უცბად დაიგეგმა, მან მოულოდნელად მოითხოვა საქართველოში ჩამოსვლა.

თამარ გვერდწითელი, ქორწილში მისული ინგლისის პრემიერი და "ტიბაანით" მოხიბლული ბრიტანელები

- ვიზიტი დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით. ძველი თბილისის უბნებში გაისეირნა, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში, იმ დროისთვის ახალგახსნილ ქორწინების სასახლესაც ეწვია და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა თამარ გვერდწითელის ქორწინების ცერემონიაზე. იქვე ახალგაზრდა მოცეკვავეებმა სტუმრებს 15-წუთიანი წარმოდგენა მოუწყვეს. მე იმ დროს არ ვყოფილვარ ქორწინების სახლში, მაგრამ როგორც ვიცი, ტეთჩერს მიუტანეს სკამი, თუმცა არ დაჯდა, აღფრთოვანებული ტაშს უკრავდა. შემდეგ წამოიყვანეს ოპერაში და მე სწორედ იქ შევხვდი. ოპერაში ქართულ შემოქმედებას, ქართველ ოსტატებს გავაცანით, იქიდან ფეხით წავედით სასტუმრო "თბილისში", სადაც პირველ სართულზე დიდი სუფრა იყო გაშლილი და ანსამბლი "რუსთავი" მღეროდა. ქალბატონი ტეთჩერი არ სვამდა, მაგრამ "ხვანჭკარა" დავუსხი, არ მოეწონა, ტკბილიაო, შემდეგ "ქინძმარაული" და ისიც არ დალია. სუფრაზე კახური "ტიბაანიც" იყო, სანამ შევთავაზებდი, შესავალი გავუკეთე, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება-მეთქი. სასმელს საერთოდ არ სვამდა, ორი ჭიქა მიირთვა. ძალიან მოეწონა კახური "ტიბაანი", ქართული კერძებიც დააგემოვნა.

ზურაბ წერეთელმა ქალბატონ ტეთჩერს მისი პორტრეტი გადასცა და საღამოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ზარზეიმით გავაცილეთ.

თითქმის 35 წელი გავიდა იმ ვიზიტიდან. საქართველო საბჭოთა კავშირის სახით იყო წარმოჩენილი, მაგრამ მან პირადად საქართველოსადმი გამოხატა თავისი დამოკიდებულება. იმდენად კმაყოფილი იყო, მოგვიანებით ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა ამ ვიზიტს - ინტერვიუებში საქართველო ყველგან სიყვარულით მოიხსენია.

სასტუმრო "თბილისში" მარგარეტ ტეთჩერი დაუგეგმავი სიტყვით გამოვიდა

"როდესაც მოსკოვის გარდა რომელიმე ადგილის მონახულება შემომთავაზეს, რჩევა ვთხოვე ჩემს კოლეგასა და თანაშემწე ლორდ უაითლოუს, რომელიც შარშან პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა აქ და მითხრა, არის ერთი ადგილი, სადაც უნდა წახვიდეთ უყოყმანოდ - ეს საქართველოაო და, აი, მე აქა ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ის აბსოლუტურად მართალი იყო... მე თავად დავრწმუნდი თქვენი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის არაჩვეულებრივ სილამაზეში. თქვენ ყველაზე ძველი ხალხი ხართ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თქვენი კულტურა მსოფლიოშია ცნობილი... მე დღეს მცხეთაში ვიყავი და ვიხილე, თუ შეიძლება ასე ითქვას, დღესაც ჩვენ გზას ტაძარში მივყავართ. მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ტრადიციები, რითიც ვამაყობთ და რასაც წმინდად ვინახავთ. როგორც თქვენ, ისე ჩვენ ჩაის დიდი მოყვარულები ვართ. ჩვენ მფარველიც კი ერთი გვყავს - წმინდა გიორგი".

ქართველი მეწაღის საჩუქარი "რკინის ლედის"

მარგარეტ ტეთჩერს თბილისში სტუმრობისას ეროვნული სამოსი და ვერცხლისფერი ფეხსაცმელი აჩუქეს, ფეხსაცმელი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოსტატმა - თენგიზ ხუროშვილმა სპეციალურად მისთვის შეკერა. სამწუხაროდ, ბატონი თენგიზი ცოცხალი აღარ არის, თუმცა გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან (სტილი დაცულია).

"ოპერაში ნაჩალნიკის მოადგილე, დათო ფირცხალავა მოვიდა და მითხრა, რომ საქართველოში მარგარიტა ტეტჩერი ჩამოდიოდა და მისთვის ტუფლი ქართულ კაბასთან ერთად უნდა ეჩუქებინათ. ფეხსაცმელების შეკერვა მე მომანდეს. მითხრეს, რომ ვოცდათვრამეტნახევარი ჰქონდა ფეხის ზომა. ლამაზი, პატარა კოლოფი გავაკეთებინე საამკინძაოში ბიჭებს, შლეიფის ნაჭერში გავახვიე და გავბანტე. ფეხსაცმელების შიგნითა მხრიდან ამოვტვიფრე: "მარგარიტა ტეტჩერს თენგიზ ხუროშვილისგან". მსურდა,"ნა პამიატ დარჩენილიყო და თუკი ფეხსაცმელებს დაშლიდნენ, წარწერას აუცილებლად ნახავდნენ".