მისი წლები მისი სიმდიდრეა - კვირის პალიტრა

მისი წლები მისი სიმდიდრეა

საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ ჟურნალ GQ-ის სკანდალური ჟურნალისტები ქსენია სობჩაკი და ქსენია სოკოლოვა ზურაბ წერეთელს ეწვივნენ.

ზურაბ წერეთელს მის დიდებულ სახლში ვესტუმრეთ ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩაზე. მასპინძელმა ჯერ შიდა ეზოში გამოფენილი სკულპტურები დაგვათალიერებინა, შემდეგ მის სამუშაო ოთახში გადავინაცვლეთ.  კედლებზე გამოჩენილი პიროვნებების ფოტოებია. ერთ-ერთზე ვეკითხებით - ეს ხომ ვისოცკია?

- "რასაკვირველია, - გვპასუხობს ის, - როცა მარინა ვლადი შეირთო ცოლად, ისინი თბილისში წავიყვანე, ქართველებმა ქორწილი გადაუხადეს. მახსოვს, ყველა მღეროდა. ვალოდიას უნდოდა სიმღერა, მაგრამ ვინ აცალა... მაშინ გიტარას დაავლო ხელი და მაგიდაზე ახტა. მაგიდამ ვერ გაუძლო და ჩატყდა. მერე გიტარაზე სიმი ჩაუწყდა - ძალიან ცუდად გვენიშნა...

სობჩაკი: - ზურაბ კონსტანტინოვიჩ, ერთხელ დედასთან ერთად გესტუმრეთ და დამამახსოვრდა, რაც მაშინ მოგვიყევით. თქვენ თქვით, რომ დღეში ერთ, ორ, ხან სამ ნახატს ქმნით. ახლაც ასეა?

წერეთელი: - დიახ, ახლა მეტსაც ვქმნი.

სობჩაკი: - კი, მაგრამ რატომ? არსებობს აზრი, როცა მხატვარი მეტისმეტად ბევრს ქმნის, თავის შემოქმედებას აუფასურებსო.

წერეთელი: - არ არის მართალი! თუ პროფესიული მოთხოვნილება გაქვს, ყოველდღე უნდა აკეთო შენი საქმე, უნდა ივარჯიშო, რომ ყოველთვის ფორმაში იყო.

სობჩაკი: - ნამუშევრებს ყიდით?

წერეთელი: - არა. ზოგჯერ ვჩუქნი ხოლმე, მაგალითად, ამერიკას ვაჩუქე.

სოკოლოვა: - 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნას რომ ძეგლი მიუძღვენით, მასზე დიდხანს ამბობდა უარს ჯერ ნიუ-იორკი, მერე ნიუ-ჯერსი.

წერეთელი: - არავის უთქვამს უარი! ამას წინათ ნიუ-იორკში ოქროს საპატიო მედლით დამაჯილდოეს.

KvirisPalitra.Geსობჩაკი: - მომხდარა ისე, რომ თქვენი საჩუქარი არ მიეღოთ?

წერეთელი: - არასოდეს! ამერიკაში ჩემი ხუთი ძეგლი დგას.

სობჩაკი: - კოლუმბის ძეგლზე რას იტყვით? ესპანეთში, სევილიაში, საკუთარი თვალით ვნახე პეტრე I-ის  შემცირებული ასლი, მხოლოდ თავი ჰქონდა კოლუმბის. ამბობენ, რომ ესპანელებმა მისი მიღება არ ისურვეს და თქვენ ძეგლს თავი შეუცვალეთ.

წერეთელი: - ტყუილია. მაშინ ჩემს წინააღმდეგ კამპანია იყო გაჩაღებული. ამბობდნენ, თითქოს კოლუმბი ოქროსაგან იყო ჩამოსხმული. წარმოგიდგენიათ, 126-მეტრიანი ოქროს ძეგლი! ისიც ითქვა, თითქოს ამ გზით მინდოდა ქვეყნიდან ოქროს გატანა.

სობჩაკი: - უცხოეთის ქალაქებს ძეგლებს ჩუქნიდით, თუ ფულს იხდიდნენ?

წერეთელი: - ვჩუქნიდი, მხოლოდ ტრანსპორტირების ფულს იხდიდნენ.

სოკოლოვა: - ძეგლის ჩამოსხმა ხომ ძალიან ძვირი ჯდება, საკუთარ ფულს იხდით?

წერეთელი: - მასალას ვყიდულობ, დანარჩენს თავად ვაკეთებ, ყველაფერი მაქვს, ღუმელები... მოკლედ, რაც  ტექნოლოგიურ პროცესს სჭირდება, ყველაფერი.

სოკოლოვა: - მასალა ხომ ძალიან ძვირი ღირს?

წერეთელი: - ნამუშევრებს ვყიდი.

სობჩაკი: - აკი არ ვყიდიო? მაგალითად, გოგოლის ძეგლში, რომელიც ბოლოს დასავლეთში გაყიდეთ, რამდენი მიიღეთ?

წერეთელი: - არ მახსოვს. საერთოდ, უნდა გითხრათ, ჩემი ხელოვნება შეუფასებელია.

სობჩაკი: - თქვენს ნამუშევრებს ხშირად უგემოვნოს უწოდებენ. გწყინთ ხოლმე?

წერეთელი: - არა, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ.

სობჩაკი: - რასაც აკეთებთ, თქვენთვის უფრო ბიზნესია თუ ხელოვნება?

წერეთელი: - ხელოვნება ხელოვნებისათვის.

სობჩაკი: - თქვენი გულწრფელად მჯერა, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ უზარმაზარი იმპერია შექმენით, მდიდარი კაცი ხართ.

წერეთელი: - გავბედავ და ვიტყვი, რომ არა ვარ მდიდარი. ჩემი სიმდიდრე ჩემი ხელოვნებაა!

სობჩაკი: - ერთი ისტორია მინდა გავიხსენო, რომელმაც გულწრფელად განმაცვიფრა. რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ორი დღით ჩამოვიდა რიჩარდ გირი. არავის გაცნობა არ სურდა. სადილად ზურაბ კონსტანტინოვიჩთან მოიყვანეს. მაშინ საკუთარი თვალით ვნახე, სულ რაღაც ნახევარ საათში მასპინძელმა, რომელიც არცთუ ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურს, როგორ მოხიბლა ჰოლივუდის ვარსკვლავი. გირს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ზურაბ კონსტანტინოვიჩი, არც მის ნამუშევრებს იცნობდა, მაგრამ ისე მოიხიბლა მხატვრის პიროვნებით, რომ მეორე დღესვე მის სახელოსნოს ეწვია.

წერეთელი: - თქვენს მონათხრობს განვაგრძობ. ამას წინათ ნიუ-იორკის მერისგან, მაიკლ ბლუმბერგისაგან მივიღე წერილი, ჩასვლას მთხოვდა და უფლებას მაძლევდა, თან 50 კაცი ჩამეყვანა. ჩავედი. კულტურის ცენტრში, ორ სართულზე ჩემი გამოფენა იყო განთავსებული. თვალს არ დავუჯერე. მერმა დამაჯილდოვა, მერე კი გრანდიოზული მიღება გამიმართა. თავად თქვა სეფესიტყვა, რაც კი შემიქმნია, ყველაფერი ჩამოთვალა.

სოკოლოვა: - მანამდე იცნობდით მაიკლ ბლუმბერგს?

წერეთელი: - არა... მაღალი კლასის ადამიანებმა იციან ხელოვნების ფასი... ზოგიერთისგან განსხვავებით...

სობჩაკი: - ეზოში პუტინის ძეგლი გიდგათ, მოგწონთ პუტინი?

წერეთელი: - მე პუტინის ძეგლი არ გამიკეთებია, ჩემს სკულპტურას ჰქვია "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია". დიდი ხნის წინ სანქტ-პეტერბურგში ბავშვების შეჯიბრებას ვესწრებოდი. ტრიბუნაზე პუტინი დავინახე, მომეწონა მისი დგომის მანერა და მაშინვე ჩანახატი გავაკეთე, ხასიათი დავიჭირე.

სობჩაკი: - მედვედევის სკულპტურა არ გაგიკეთებიათ?

წერეთელი: - არა.

სოკოლოვა: - გააკეთებთ?

წერეთელი: - რა ვიცი, თუ მისი ხასიათი დავიჭირე...

სოკოლოვა: - მიხეილ სააკაშვილი მოგწონთ?

წერეთელი: - მე ქართველი ვარ. ჩემთვის ცუდი ქართველი არ არსებობს.

სობჩაკი: - ბოლო შეკითხვას გისვამთ: თუ 2012 წლის არჩევნებში პუტინიც მიიღებს მონაწილეობას და მედვედევიც, ვის მისცემთ ხმას?

წერეთელი: - ო, ო...

სობჩაკი: - ნუ ეშმაკობთ, უბრალოდ მიპასუხეთ!

წერეთელი: - ისეთ შეკითხვას მისვამთ, ალბათ, 37 წელში რომ შეეკითხებოდნენ: თუ სიმართლეს იტყვი, ციმბირში გაგამწესებენ. გინდათ, ციმბირში მიკრან თავი? ციმბირში თუ არ მიკრავენ, ციმბირულად ცხოვრება მაინც არ ამცდება. ამიტომაც გთხოვთ ამგვარ კითხვას ნუ დამისვამთ. თქვენი შეკითხვით ერთსაც ცუდ საქმეს უკეთებთ და მეორესაც. ეტყობა, არც ერთი გიყვართ და არც მეორე, არც პუტინი და არც მედვედევი.

სობჩაკი: - ოჰ, საითკენ წაიყვანეთ საუბარი...

წერეთელი: - აბა, რა! ყველას დაფასებაა საჭირო - მედვედევისაც და პუტინისაც. მხატვრის საქმე კი ყველა დროში ადამიანებისთვის საკუთარი თავის მიძღვნა იყო. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, განზე უნდა გადგე.

თარგმნა ნანა ანტონოვა - ილურიძე