"იმედია, ოდესმე ვნახავ კარგ ქართველ კაცს და ცოლად გავყვები" - კვირის პალიტრა

"იმედია, ოდესმე ვნახავ კარგ ქართველ კაცს და ცოლად გავყვები"

"როდესაც თბილისში მოვფრინავ და აეროპორტიდან გამოვდივარ, თითქოს რაღაც საყვარელი, ნაცნობი სურნელი მეგებება"

სანიტა ბატლერი 51 წლის ლატვიელი სტილისტია. ის უკვე 12-ჯერ იყო საქართველოში და ჩვენი ქვეყნის სიყვარულით ხელზე საქართველოს რუკა სამუდამოდ აღბეჭდა, წარწერით "საქართველო".

- თქვენი ქვეყანა პირველი ჩამოსვლისთანავე სიგიჟემდე შემიყვარდა. თავიდან მეგობრებთან ერთად ბათუმში წავედი. ყველაფერი იდეალური იყო. უკან დაბრუნებისას თბილისში ერთ-ერთ საიტზე ამოვარჩიე სასტუმრო, რომელიც პრეზიდენტის სასახლიდან არც ისე შორს არის. მეგობრებთან ერთად ქუჩებში ვსეირნობდი, საღამოობით კი სასტუმროს ეზოში ვიკრიბებოდით, სხვა სტუმრებთან ერთად ლუდს ვსვამდით, ვვახშმობდით და დაუსრულებლად ვსაუბრობდით.

- როგორც ვიცი, მოინათლეთ კიდეც. - მონათლული არ ვიყავი. ერთხელ ამ თემაზე სიტყვა ჩამოვარდა და გავამხილე, სიამოვნებით მოვინათლები-მეთქი. მეორე დღეს სასტუმროს მფლობელმა მომნათლა.

უკვე 12-ჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში. ერთ დღესაც გადავწყვიტე, საქართველოს რუკის მსგავსი ტატუ გამეკეთებინა, თანაც აუცილებლად ქართველ სპეციალისტთან. ლაშა ჩხაიძემ კარგად იმუშავა და ახლა უკვე ჩემი მეგობარია.

როდესაც საქართველოზე გავიკეთე ტატუ და დავდე ჯგუფში "გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში", 2000 მოწონებასა და 500 კომენტარზე მეტი მივიღე. ქართველები პირად შეტყობინებებსაც მწერდნენ, მადლობას მიხდიდნენ. ქუჩაში ბევრი ამჩნევდა ტატუს და ჩემთან სურათის გადაღება უნდოდათ. მოკლედ, საქართველოში ვარსკვლავი გავხდი. სულ 8 ტატუ მაქვს, მათ შორის, ქალაქ რიგის სილუეტი წყალში.

- თქვენ შესახებ მოგვიყევით.. - სტილისტი ვარ, 33-წლიანი სტაჟით. სილამაზის სალონი მაქვს რიგის ცენტრში. ერთი შვილი მყავს, მადარა, ექიმი-დიეტოლოგია. ორი არაჩვეულებრივი ბავშვი ჰყავს - ოდრია 4 წლისაა, ერნესტი კი 2-ის. ყველა ნამყოფია საქართველოში, ისინიც და ჩემი სიძეც. ერთადერთი, რასაც მთხოვენ შვილიშვილები, როცა უკან ვბრუნდები, ჩურჩხელაა. სიგიჟემდე უყვართ. მარტო ვცხოვრობ და იმედია, ოდესმე ვნახავ კარგ ქართველ კაცს, რომელსაც ცოლად გავყვები.

- რომელი კუთხე მოგეწონათ ყველაზე მეტად საქართველოში? - რაჭა. საინტერესო ის არის, რომ კუთხეები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, ყველა მხარეს სპეციფიკური კერძები და მისთვის დამახასიათებელი კილო აქვს. საქართველო ისე შემიყვარდა, როგორც ლატვია. დიდი ხნის წინ ერთ ქალთან ვიყავი, რომელიც კარტზე მკითხაობდა და ხუმრობით მითხრა, აქედან ასე ჩანს, რომ წინა სიცოცხლეში თბილ ქვეყანაში ცხოვრობდი, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმულიო და ვფიქრობ, ის ადგილი ნამდვილად საქართველოა.

ამ ზაფხულს საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვედი, მეგობრის აგარაკზე ვიყავით, ბორჯომში. რამდენიმე წამში გაიშალა სუფრა. სავსე იყო განუმეორებელი კერძებით და, რა თქმა უნდა, ღვინით. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ქართული სამზარეულო? კიდევ ერთი, რასაც გამოვყოფდი, სუფრასთან ჯდომის კულტურაა. სხვა ქვეყნებშიც მღერიან და ცეკვავენ, მაგრამ, რასაც მოლხენა ჰქვია, თქვენზე უკეთ არავინ იცის. შეგიძლიათ ცხოვრების დაფასება. ჩემი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სახლში, სულ მცირე, 3 კილოგრამით მომატებული ვბრუნდები ხოლმე.

ჩემი მეგობრები მეუბნებიან, შენ ისე შეგიყვარდა საქართველო, სხვა ქვეყნებში აღარც წახვალო, მე კი ვპასუხობ, ერთხელ რომ მოხვდებით საქართველოში, სხვაგან აღარ გაემგზავრებით-მეთქი.

შარშან 50 წელი შემისრულდა და იუბილეზე ქართველი სტუმრებიც მყავდნენ. ჩემი მეგობარი წელს 50-ის გახდა და დაბადების დღე თბილისში გადაიხადა. ლატვიაში ამბობენ, საქართველო იმას არ უყვარს, ვინც იქ ნამყოფი არ არისო. მეკითხებიან, როგორი ქვეყანააო, მე კი ვპასუხობ და მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდი.

- "თბილისობის" შესახებ რას იტყვით? - ქართველები დღესასწაულებს მთელი სულითა და გულით აღნიშნავთ. საქართველოს ჩემთვის სულ სხვანაირი, სიყვარულით გაჯერებული სურნელი აქვს. როდესაც თბილისში მოვფრინავ და აეროპორტიდან გამოვდივარ, თითქოს რაღაც საყვარელი, ნაცნობი სურნელი მეგებება. ეს ყველაფერი ჩემშია და იმდენად მშობლიურია, ჩამოსვლისას მეორედ ვიბადები.

ნათია სიბაშვილი