"კურტს ძალიან უყვარს საქართველო... ქართულს სწავლობს. ჩემს მშობლებს ქართულად ესაუბრება" - კვირის პალიტრა

"კურტს ძალიან უყვარს საქართველო... ქართულს სწავლობს. ჩემს მშობლებს ქართულად ესაუბრება"

54 წლის ცნობილი ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი, რომელიც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინის საკითხებში, აშშ-ის დედაქალაქში "ამერიკის ხმის" ქართველ ჟურნალისტზე, ია მეურმიშვილზე დაქორწინდა.

ქორწილს საქართველოდან რამდენიმე ათეული სტუმარი ესწრებოდა - ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და დიპლომატები. ქორწილის შემდგომ წყვილი კრეტაზე გაემგზავრა საქორწინო მოგზაურობაში, საიდანაც ახლახან დაბრუნდნენ.

"კვირის პალიტრა" ია მეურმიშვილს ვაშინგტონში დაუკავშირდა.

ფოტოგალერეა

- ამერიკაში 2001 წელს ჩამოვედი, 8 წლის შემდეგ კი "ამერიკის ხმაში" დავიწყე მუშაობა.

- მომავალი მეუღლე სად და როდის გაიცანით? - ერთმანეთი 2009 წელს გავიცანით, როცა კურტი სტუმრად მივიწვიე ჩემს გადაცემაში "ვაშინგტონი დღეს". ის ახალი ჩამოსული იყო ბრიუსელიდან, მანამდე ამერიკის ელჩი იყო ნატოში. შემდგომ დროდადრო მიმოწერა გვქონდა - როცა კურტს საქართველოს შესახებ ჰქონდა შეკითხვები ან ჩემი აზრი აინტერესებდა რომელიმე თემაზე. დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა პროფესიულ მეგობრობაში გადაიზარდა. დაახლოებით 3 წლის წინ კი კურტთან გადავედი საცხოვრებლად.

კურტს 2 შვილი ჰყავს, 19 და 21 წლის, მე - ერთი, 24 წლის ნიკა. სამივე კარგად უგებს ერთმანეთს, აქვთ საერთო ინტერესები.

- თქვენი ქორწინების ამბავი როგორ მიიღეს? - დიდი სიხარულით. მანამდე მე და კურტი ცალ-ცალკე ვესაუბრეთ შვილებსაც და ყოფილ მეუღლეებსაც. პატივისცემისა და ყურადღების გარეშე არავინ დაგვიტოვებია.

- ხელის თხოვნის ამბავს მომიყვებით? - კურტი ქართულს სწავლობს. მესიჯებს ქართულად მწერს, ქართულად ესაუბრება ჩემს მშობლებს. შარშან მოულოდნელად შემომთავაზა, დღეს დედაშენი და მამაშენი ქართულ რესტორანში დავპატიჟოთო. მეუცნაურა, დედაჩემი ისედაც სულ ქართულ კერძებს ამზადებდა და რაღა მაინცდამაინც ქართული რესტორანი შეარჩია-მეთქი. სადილის დროს კურტმა მამაჩემს ქართულად მიმართა: ვახო, მე თქვენი ქალიშვილი ძალიან მიყვარს, მსურს ცოლად შევირთო და კურთხევას გთხოვო. დედაჩემს ცრემლები წამოსცვივდა ამ სცენაზე. მამა დაიბნა, მანამდე არავის უთხოვია მისთვის ქალიშვილის ხელი, მიუხედავად ამისა, კურტს კარგი პასუხი გასცა - ჩემი თანხმობა გაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩემს შვილსაც სურს ეს ქორწინებაო.

პატარა ვიყავი, ნიკა რომ შემეძინა. 1995 წელს 16 წლისა მომიტაცა ჩემზე 6 წლით უფროსმა მამაკაცმა. არ ვიცი, სოციალური ფონი იყო, ადათი, ზეწოლა თუ მენტალური ბარიერის შედეგი, მაგრამ მიუხედავად იმისა, გათხოვებაზე არ ვფიქრობდი, ოჯახური ცხოვრება დავიწყე. თუმცა 3 წელიწადში დამთავრდა. დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ჩემს ყოფილ მეუღლესთან, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ვხვდები. სიბრაზე, აგრესია არასოდეს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიგრძნია მისგან თავი არა მარტო დაჩაგრულად, არამედ მიფიქრია, რომ არ ვიყავი მისი ცხოვრების ღირებული ნაწილი. ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე, რომ ფიზიკურად ვერ გავუძლებდი ასეთ ცხოვრებას და დავშორდით.

- და დაიწყეთ ბრძოლა ახალი მომავლისთვის... - ჰო, თან ეს ბრძოლა არ იყო დაგეგმილი. ყოველ ნაბიჯზე რაღაც გამოწვევა იყო, ყოველ წელს რაღაც დიდი ხდებოდა. ისე ჩამოვედი ამერიკაში, რომ მთელ ქვეყანაში მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობდი.

- ბავშვი მშობლებთან დატოვეთ? - დაახლოებით წელიწად-ნახევარში წავიყვანე. მაშინ ერთი რიგითი, 20-ს გადაბიჯებული გოგო ვიყავი, რომელსაც საკუთარი თავისა და შვილისთვის უკეთესი ცხოვრება უნდოდა.

- დავუბრუნდეთ თქვენი და კურტის ქორწილისთვის მზადებას, რაც ქალებისთვის მთელი რიგი სასიამოვნო პროცესებით გამოირჩევა. - ძალიან მინდოდა საქორწილო კაბა მცმოდა. თავიდან ვფიქრობდი, ჩემს ასაკში თეთრი კაბა რატომ უნდა ჩავიცვა-მეთქი, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რატომაც არა-მეთქი. კაბა საქართველოში, დათუნა სულიკაშვილთან შევიკერე, არაჩვეულებრივი გამოვიდა.

- მეჯვარეებად ვინ გყავდათ? - თამუნა კორძაია და ეკა კვესიტაძე, კურტის მხრიდან დეიმონ ვოლსონს ერგო ეს პატივი, რომელიც მისი მეგობარია, ამავე დროს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. მეორე მეჯვარე, ტიმ გალენი, მერილენდის ეროვნული გვარდიის მეთაური, კურტის უახლოესი მეგობარია, რომელთან ერთადაც საბავშვო ბაღში დადიოდა.

- კურტის ოჯახმა როგორ მიგიღოთ? - კურტის ოჯახი 2,5 წლის წინ გავიცანი, როდესაც მამამისი 90 წლის გახდა. არაჩვეულებრივად მიმიღეს. წარსულში კურტის მამა პროფესორი იყო, დედა - პედაგოგი, 25 წლის წინ პენსილვანიიდან ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად. პენსილვანიაში ხშირად თოვს, მამას კი აღარ უნდოდა ყოველ მანქანის გამოყვანაზე ეზოდან თოვლის ხვეტა. კურტს 2 ძმა ჰყავს. ერთს მცირე ბიზნესი აქვს, ელექტრონულ ბარათებს აწარმოებს, მეორე მეცნიერია, კიბოს დამარცხებაზე მუშაობს.

- ცერემონიამ როგორ ჩაიარა? - მე მართლმადიდებელ ქართველად დავრჩი, კურტი - პრესვიტერიანელია. რელიგია ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი არ არის, თუმცა ორივე ვაფასებთ იმ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებს, რომლებზეც გავიზარდეთ. ცერემონიამ მხიარულად ჩაიარა.

- ქართველ სტუმრებს შორის იყვნენ: თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია; საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე და სხვები. - დაახლოებით 200 სტუმარი გვყავდა კანადიდან და საქართველოდან.

კურტს ძალიან უყვარს საქართველო. მოხიბლულია ქართული ენით. სჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც აუცილებლად წარმატებული გახდება.

- საერთო შვილის ყოლას თუ გეგმავთ? - არ ვგეგმავთ, მაგრამ არც გამოვრიცხავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართველი ჟურნალისტისა და ამერიკელი დიპლომატის ულამაზესი ქორწილი