" ქართულის გაგონებაზე აფხაზები გაოცებული მიყურებდნენ, მაგრამ მათგან აგრესია არ მიგრძნია" - კვირის პალიტრა

" ქართულის გაგონებაზე აფხაზები გაოცებული მიყურებდნენ, მაგრამ მათგან აგრესია არ მიგრძნია"

მანანა მგალობლიშვილი: "სოხუმის ბაზარი არ შეცვლილა, ისეთივეა როგორიც 26 წლის წინ, ჩემი ბავშვობის ნაწილი. წამოვიღე ლეღვის მურაბა, შებოლილი წიწაკა, თაფლი, აფხაზური აჯიკა..."

26 წლიანი იძულებითი განშორების შემდგომ მშობლიურ აფხაზეთს ეწვია. სოხუმის ყველა ის ადგილი მოიარა, რომელთა ნახვა ოცნებად ჰქონდა გადაქცეული... აფხაზებმა ექიმ-რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილს უკვე უწოდეს "მშვიდობის მტრედი" და ენგურს აქეთ დიდი მონატრება და სიყვარული გამოატანეს.

- აფხაზეთიდან ომის დაწყებამდე წამოვედი. იმ წელს დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი. მამაჩემი, ბიძინა მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი იყო. აფხაზეთში ფსიქიატრიის განვითარებას საფუძველი მან ჩაუყარა. 27 სექტემბერს, სოხუმი რომ იცლებოდა, მამას ხალხი თავისი მანქანით სამშვიდობოს გაჰყავდა. თავად წასვლა არც უფიქრია, რადგან როგორც ქართველებში, ასევე აფხაზებში უამრავი მეგობარი ჰყავდა. თუმცა სოხუმის დაცემის შემდგომ ის ჩვენს სახლთან დახვრიტეს. სხვათა შორის, ორ დღეში აფხაზები მისულან მასთან სახლში, მამასთვის ვინმეს რამე რომ არ დაეშავებინა, მაგრამ ვეღარ მიუსწრეს. ერთ-ერთმა რუსულ-აფხაზურმა ოჯახმა მისი ცხედარი დაკრძალა, რაც დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, რადგან უამრავ ადამიანს საფლავიც არ ჰქონია. ჩვენ შვიდი დედმამიშვილი ვართ, ვიმსჯელეთ და ერთი წლის შემდეგ მისი ცხედარი მის მშობლიურ აბაშის სოფელ მარანში გადმოვასვენეთ. დედა ომამდე რამდენიმე წლით ადრე, 1989 წელს გარდაიცვალა.

- 26 წლის შემდეგ აფხაზეთში ჩასვლა, ალბათ, ძალიან ამაღელვებელი იქნებოდა. - კარგა ხანს მეგონა, ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა და წარსულიდან რაღაც ძალიან ლამაზ და სევდიან ფილმს ვუყურებდი. ამ გაზაფხულს ბიძაჩემი გარდაიცვალა. მას არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, აფხაზი ქალი, ტაია ლაბია, რომელიც ოჯახთან ერთად სოხუმში ცხოვრობს. ბიძაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა და სოხუმში ჩამოასვენეს, მეც გავრისკე აფხაზეთში ჩასვლა... რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონი ხელიდან არ გამიგდია, ყველას და ყველაფერს ვუღებდი. ქართულად ვლაპარაკობდი, ინტერნეტჩართვებში ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი, სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემ გარშემო. ქართულის გაგონებაზე აფხაზები გაოცებული მიყურებდნენ, მაგრამ მათგან აგრესია არ მიგრძნია. ყველამ გაიგო, ვინ ვიყავი, ვისი შვილი... ყავის დასალევად კაფეში რომ შევიდოდი, იქ უფრო გულახდილი საუბრები გვქონდა, რამდენიმე "პაციენტიც" კი მივიღე, გავესაუბრე და შეძლებისდაგვარად რეკომენდაციებიც მივეცი.

ვოცნებობდი, დედაჩემის საფლავზე ქვა დამედო და 30 წლის შემდეგ ავიხდინე. რამდენიმე ახლობლის საფლავიც ვიპოვე. სხვათა შორის, ზოგიერთის საფლავს ვიღაც უვლის, თუმცა ბევრი მოუვლელია და ნათესავებს ვთხოვე მიეხედათ.

უამრავი ვიდეო სოციალური ქსელის ჩემს გვერდზე დავდე, რომ სხვებსაც ენახათ თავიანთი ოჯახის წევრების საფლავები. ზოგმა იპოვა კიდეც... რამდენიმეს დავურეკე, რომ აეხსნა, სად იყო მისი ოჯახის წევრის საფლავი. კომენტარებში მადლობას მიხდიდნენ, მლოცავდნენ...

- თქვენს სახლში იყავით? - ბიცოლაჩემი, ტაია ლაბია მახლდა. აფხაზები ქალს და მით უმეტეს მოხუცებს დიდ პატივს სცემენ და სწორედ მისი დახმარებით მოვინახულე იქაურობა. ჩემი სახლი დამწვარია, ეზოში ვერც შევედი, იქაურობა ისეთი გაველურებულია. ვინც ახლა ჩვენს მეზობლად ცხოვრობს, ის კაციც ვნახე და ვუთხარი, ვინც ვიყავი. ერთ-ერთმა მეზობელმა ამდენი წლის შემდეგაც მიცნო, რამაც ძალიან გამახარა. ომამდე მამამ ეზოში დეკორატიული ბალახი დარგო. ახლა აქა-იქ იყო დარჩენილი, მაგრამ სიმბოლურად მაინც წამოვიღე რამდენიმე ღერი. მეგობარმა მთხოვა, სოხუმის სანაპიროდან ერთი კენჭი წამომიღეო. ბლომად წამოვიღე, რომ ყველასთვის გამენაწილებინა.

სოხუმის ბაზარი არ შეცვლილა. ისიც ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო და იქაური კუთხე-კუნჭულიც კი მიყვარს. წამოვიღე ლეღვის მურაბა, შებოლილი წიწაკა, თაფლი, აფხაზური აჯიკა...

ქუჩაში ვესაუბრე აფხაზ მხატვარს, ტაქსის მძღოლიც გავიცანი, რომელმაც თბილისში იმკურნალა და ძალიან მადლიერია. მოვიარე ყველა მონატრებული ადგილი, რომელიც სოხუმის სავიზიტო ბარათად ითვლებოდა - რესტორანი "ამრა", სოხუმის სანაყინე "პინგვინები", საჩებურეკე...

სოხუმი, რესტორამი "ამრა"

აფხაზებმა დამპატიჟეს და ერთმა ბიჭვინთის ღვინო მაჩუქა, მეორემ უთხრა, შენ მაგას ღვინით გააკვირვებ, კახური ღვინის მერეო? იმან უპასუხა, მისი მშობლიური მაინც სხვანაირად ეტკბილებაო. ამ სიტყვების გაგონებაზე იმ დღეებში ყელში გაჩხერილი ყველა ემოცია ჩუმად გადავყლაპე. ვიგრძენი, რომ აფხაზები ცდილობდნენ ჩემთვის ესიამოვნებინათ.

პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. თუმცა თავად თქვეს, ომი პოლიტიკის ნაწილია, კარგი და ცუდი ჩვენთანაც არიან და თქვენთანაცო. ერთმა ქალმა რაღაცნაირი იმედით მითხრა, ჩვენ შორის "მშვიდობის მტრედივით" ხართო.

- რა ხდებოდა სოხუმის ქუჩებში? - რისი გადაღებაც მოვასწარი, ვეცადე ყველაფერი აღმებეჭდა. ქუჩებს სახელები შეცვლილი აქვს, თუმცა რად მინდოდა, თვალდახუჭული ვაგნებდი ყველაფერს.

მშობლიურ ქალაქში ვიყავი, მაგრამ ნაცნობი არავინ შემხვედრია, ჩემს ქუჩებში დავდიოდი, მაგრამ მაინც უცხო ვიყავი. ბუნება კი ისევ ისეთი ლამაზია - ახლობელი და მშობლიური, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სუროთი და მინდვრის ყვავილებით დაფარული მიტოვებული სახლებია, ჩემს სახლთან, ავტოფარეხის კედელზე ვნახე 30 წლის წინ ცარცით მიჯღაბნილი ჩემი დისშვილების წარწერა: "აქ ცხოვრობენ იკა და მარი".

ქუჩებში მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტროლეიბუსია. ზღვა ანკარა, ლურჯი, სუფთა და კამკამაა. ისეთი ჰაერია, რომ რაღაცნაირად რბილად და გემრიელად სუნთქავ. აფხაზები მეუბნებოდნენ, გეჩვენებაო. არ მეჩვენებოდა, მართლა ასე იყო, იქ სხვანაირი ჰაერია, ზღვის სურნელით გაჟღენთილი...

დრანდული პურიც წამოვიღე, რომლის სურნელიც ბავშვობას მახსენებდა. ჩემი დიდი ბაბუა, ანდრია ჯოჯუა, იქ XIX საუკუნეში დასახლდა და ლეჩქოფში მთა იყიდა, სადაც ლიმონის პლანტაციები, თეთრი და შავი ბლის ხეივნები გააშენა. პლანტაცია აღარ არის, მაგრამ ლიმონის ხეები დარჩა.

კომანი, იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია

- ვიცი, რომ სოხუმის ცნობილ აფთიაქსაც ესტუმრეთ. - დიახ, იქ მეუფე სერაფიმე ჯოჯუას და, ლიანა ჯოჯუა 40 წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება. ცოტა ხნით მეც შევითავსე ფარმაცევტობა და რამდენიმე ადამიანსაც მოვემსახურე. მაჩვენეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მეუფემ 2013 წელს შესწირა ქალაქის მთავარ აფთიაქს.

კამანიც მოვილოცე, სადაც იური ანუას საფლავს ვეძებდი. მახსოვდა, რომ მისი სახლის უკან იყო, მაგრამ ვერ მივაგენი. თუმცა ვნახე იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი, სადაც მამა ანდრია ყურაშვილია დასაფლავებული. იქაურობა ძალიან მოვლილი იყო. დავათვალიერეთ გუმისთის ხეობა. იქვე იყო წმინდა ვასილისკოს საფლავიც, სადაც პატარა ქვები ელაგა ლოცვიდან ამონარიდი ფრაგმენტებით, თხოვნებით, მე ქართულად დავაწერე: "უფალო, შეგვიწყალენ", რითაც ვფიქრობ, ქართველებისა და აფხაზების სათქმელი ვთქვი...

სოხუმიდან ენგურის ხიდისკენ ტაქსით წამოვედი. მძღოლი ახალგაზრდა აფხაზი იყო, როდესაც გაიგო, ქართველი ვიყავი, მანქანაში დათო კენჭიაშვილის სიმღერა ჩამირთო. "ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა", - ქართველი ბიჭი სევდიანი ხმით მღეროდა და გული ამომიჯდა. ეს თითქოს ჩემი სოხუმური მოგზაურობის ლოგიკური ფინალი იყო. ჩემმა წარსულმა, იმ ბედნიერმა და ლაღმა წლებმა კინოფირივით გამირბინა თვალწინ... მანამდე არც კი მქონდა ეს სიმღერა მოსმენილი, მერე ვიპოვე ინტერნეტში. სიყვარულზეა, მე კი ვიტყოდი, რომ ყველანაირ გრძნობაზეა, თუნდაც ჩემი მონატრებული აფხაზეთის სიყვარულზე. თურმე ამ 26 წლის განმავლობაში აქეთ და იქითაც ერთმანეთის მონატრებით გვიცხოვრია.