უმდიდრესი მასალა ანტიკურ სამყაროსთან კოლხეთის ურთიერთობის კვლევისთვის - კვირის პალიტრა

უმდიდრესი მასალა ანტიკურ სამყაროსთან კოლხეთის ურთიერთობის კვლევისთვის

შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ქობულეთში სეირნობისას, იქ, სადაც კინოთეატრი მეგულებოდა, სარეკლამო სტენდები და წარწერა შევნიშნე - "ქობულეთის მუზეუმი". დროებით გამოფენას ან მხოლოდ საზაფხულოდ ტურისტებისთვის მომზადებულ სანახაობას არ ჰგავდა და მაშინვე ვიცვალე გეზი... ქართველებს ხომ წარსულით თავმოწონება გვჩვევია! აბა, ის რა ქართველია, ყანწით და მკერდზე მუშტების ბაგუნით საქართველოს ისტორიას თუ არ ახსენებს და წინაპრების სადღეგრძელოს თვალცრემლიანი არ დალევს! მერე რა, თუ ამის შემდეგ თავს საცივში ჩაყოფს და მაინცდამაინც იმ წინაპართა ღირსეული შთამომავალივით არ მოიქცევა! სიტყვა გამიგრძელდა... კარგი, შოთას მივდიოთ და გრძელი სიტყვა შევამოკლოთ.

ეს საოცარო მუზეუმი შვიდი წლის წინ შეუქმნიათ. ინიციატორი ახლანდელი დირექტორის მოადგილე ქალბატონი მადონა ბასილაძე ყოფილა, თუმცა, როგორც ამბობს, მხოლოდ ინიციატივა არ იკმარებდა, რომ არა იმ ადამიანების მხარდაჭერა და თავდადება, რომელთაც ყველაფერი გაუკეთებიათ, ჩანაფიქრი საქმედ რომ ექციათ. სანამ ვისაუბრებდით, ქალბატონმა მადონამ სურათების გადასაღებად დაგვტოვა. დავდიოდით დარბაზებში და უნებლიე ამოძახილებით ვარღვევდით გამეფებულ სიჩუმეს. ახალგაზრდებიც კი ისეთი გაფართოებული თვალებით და "აუ, რა მაგარია!" შეძახილით აკვირდებოდნენ ყველაფერს, ლამის გავუგე ყანწიან და გულზეხელაბაგუნებულ ქართველებს... სასაუბროდ ქალბატონ მადონასთან ვბრუნდებით.

- ქალბატონო მადონა, როგორ გაჩნდა ქობულეთში მუზეუმის შექმნის იდეა? მითხრეს, ინიციატორი თქვენ ყოფილხართ...

- ასე ნუ ვიტყვით... მარტო კაცი ვერაფერს გააკეთებს, მთავარია ადამიანების თანადგომა. ქალაქის ხელმძღვანელობისა და ჩვენი ათკაციანი კოლექტივის მონდომებით ძალიან საჭირო საქმე გავაკეთეთ.

- ექსპოზიციაზე ვისაუბროთ, რომელმაც ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია. - ჩვენი ექსპოზიცია, ძირითადად, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალაა - აქ არის ქვის ხანის, ბრინჯაოს ხანის, რომაული ხანის, ასევე ანტიკური პერიოდის საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკაული, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი - ანუ უმდიდრესი მასალა ანტიკურ სამყაროსთან კოლხეთის ურთიერთობის კვლევისთვის. გამოფენილია აქაური ფლორისა და ფაუნის ნამარხი ნიმუშები. გვაქვს ასევე ეთნოგრაფიული განყოფილება და საბჭოთა ოთახი. ეთნოგრაფიული მასალა, ძირითადად, მოსახლეობაში შევაგროვეთ, უსასყიდლოდ გვითმობდნენ წინაპრების დატოვებულ ნივთებს. ბევრიც მეცენატებმა გვიყიდეს... ამას ემატებოდა მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა და შვიდი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ბევრ საინტერესო ექსპონატს მოვუყარეთ თავი. ჩვენთან ნახავთ განსაკუთრებული სინატიფით დამზადებულ ხისა და ქვის ორნამენტების ნიმუშებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამეურნეო იარაღს; გვაქვს ტიპური ქობულეთური ოდასახლის მაკეტი. ვცდილობთ, ჩვენი წარსულით არა მარტო უცხოელების წინაშე მოვიწონოთ თავი, ჩვენს შთამომავლობასაც შემოვუნახოთ ძვირფასი განძი. ჩვენთან ხშირად მოდიან ბავშვები და დიდი ინტერესით ათვალიერებენ ყველაფერს, ყურადღებით ისმენენ თავიანთ ისტორიას... დღეს ყველა ქობულეთელი ამაყია, რომ ჩვენ უკვე არა მხოლოდ ზღვითა და სამზარეულოთი, არამედ ასეთი საინტერესო მუზეუმითაც ვიზიდავთ ტურისტებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით, თუმცა, მინდა ქართველებმაც ნახონ ჩვენი ექსპოზიცია. სამწუხაროდ, ბევრმა არაფერი იცის ჩვენ შესახებ.

- თქვენ გაქვთ საბჭოთა ოთახიც... - დიახ, ესეც ჩვენი წარსულია და დავიწყება არ შეიძლება. ახალგაზრდებს ეღიმებათ, როცა მაგალითად, პირველი რაიკომის მდივნის მაგიდას, მოსამართლის სკამს, რევოლუციის ბელადების ფოტოებს, უძველეს ტელეფონის აპარატს ხედავენ, თუმცა ჩვენთან საუბრის შემდეგ სხვაგვარი ინტერესით აკვირდებიან ყველაფერს. გვაქვს ასევე XIX საუკუნის რუსეთ-ოსმალეთის ომის ამსახველი ფოტომასალა. ძალიან საინტერესო ექსპონატია ე.წ. დედაბრული ხელნაწერი - მხედრულის მოდიფიკაციით მიღებული დამწერლობით აღმოსავლურ უჭვირნიშნო ქაღალდზე ორმხრივად შესრულებული ლოცვებისა და შელოცვების წიგნი. მას პირობითად კინტრიშულ კარაბადინს ვეძახით.

- გარდა ექსპოზიციისა, რა ღონისძიებები ტარდება თქვენი მუზეუმის ეგიდით? - გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამებიც, ვმუშაობთ ბავშვებთან, ვხვდებით უცხოელებს, ვესწრებით ტრენინგებს...

- შევნიშნე სარეკლამო ბანერი ძალიან საინტერესო პროექტისა - "მარკებით მოთხრობილი საქართველოს ისტორია". - ეს ახალი პროექტი ჩვენი დირექტორის, ბატონ რეზო ტაკიძის ინიციატივით წამოვიწყეთ. გამუდმებით ვფიქრობთ სიახლეებზე, ვცდილობთ, ბევრი საინტერესო რამ შევმატოთ ჩვენს მუზეუმს, რომ შთამომავლობას ჩვენი ისტორია შემოვუნახოთ.

ანტიკური პერიოდის ნაქალაქარი

ფიჭვნარი - ანტიკური პერიოდის ნაქალაქარი; მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩოლოქის სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე. სამარხულ კომპლექსებში წარმოდგენილი ინვენტარით დასტურდება, რომ ძვ.წ.აღ.-ის I ათასწლეულის შუა ხანებში დასრულებულია ადრეკლასობრივი საზოგადოების, ქალაქების, სავაჭრო ფენის ფორმირება. კლასიკურ ხანაში კოლხური კულტურა განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს. ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია მსოფლიო ისტორიულ პროცესში, აქტიური ურთიერთობა აქვს ანტიკური, კერძოდ, ბერძნული სამყაროს სხვადასხვა ცენტრთან. ფიჭვნარის სამაროვანი ჯერჯერობით ელინურ ეთნოსთან უშუალოდ დაკავშირებული ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში.

დედაბრული ხელი

ქართული მხედრული დამწერლობის სახეობა, რომელიც გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა. სახელწოდება უკავშირდება ფაქტს, რომ იგი, ძირითადად, ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები, აგრეთვე ისტორიული საბუთები. დედაბრული ხელის პირველი ზოგადი დახასიათება ეკუთვნის დიმიტრი ბაქრაძეს. ტერმინი "დედაბრული ხელი" პირველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. დედაბრული ხელისათვის დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობა. ცალკეულ შემთხვევებში მხედრულად ნაწერ ტექსტში ჩართულია ნუსხური ასოები.

ლალი ჭინჭარაული