გაჯანსაღებულმა სტალინმა, ბრძანა, რომ წყალტუბოში უწყებრივი სანატორიუმები აეშენებინათ - საბჭოური დასვენების ნაკრძალი? - კვირის პალიტრა

გაჯანსაღებულმა სტალინმა, ბრძანა, რომ წყალტუბოში უწყებრივი სანატორიუმები აეშენებინათ - საბჭოური დასვენების ნაკრძალი?

BBC-ის რუსული ბიორო აქვეყნებს ტეილორ უაიდმენის სტატიას, სათაურით: "სტალინის საბანაო აუზი, ანუ ჰიდროფიზიოთერაპია საბჭოთა პარტიული ელიტის კურორტის ნანგრევებზე", რომლესაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

კურორტი წყალტუბო, რომლის ინფრასტრუქტურა 1990-იანი წლებიდან თითქმის განადგურებული იყო, დღეს ისევ იქცევს დამსვენებლებისა და ტურისტების ყურადღებას. გარკვეულწილად იმიტომ, რომ წყალტუბოში კიდევ არის შემორჩენილი რაღაც-რაღაცეები იმ დროიდან, როცა იქ საბჭოთა ბელადები ისვენებდნენ.

სსრ კავშირის დაშლამდე დასავლეთ საქართველოში მდებარე ეს ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ქუთაისს 8 კილომეტრითაა დაშორებული, საბჭოთა ელიტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. თქვენ წარმოიდგინეთ და მოსკოვიდან წყალტუბომდე პირდაპირი მატარებელიც კი დადიოდა.

წყალტუბო მთელ საბჭოთა კავშირში იყო განთქმული თავისი რადონის შემცველი უნიკალური მინერალური წყლით. 1940-იანი წლების დასასრულიდან იოსებ სტალინის ბრძანებით პომპეზურ საბჭოთა სტილში აგებული დიდებული სანატორიუმები ყოველთვის გადაჭედილი იყო ნომენკლატურული დამსვენებლებით.

მაგრამ პოსტსაბჭოთა 1990-იან წლებში დამსვენებელთა ნაკადი დაშრა, შესაბამისად, სანატორიუმებიც დაიხურა, ოდესღაც გრანდიოზული შენობები თანდათან გაპარტახდა და განადგურდა. ტურისტები წყალტუბოში იშვიათიად თუ შეიხედავდნენ და მხოლოდ იმისთვის, რომ სტალინური დიდების პოსტსაბჭოთა ნანგრევები ენახათ, ფოტოსურათები გადაეღოთ და უცხოურ გამოცემებში გამოექვეყნებინათ.

2010 წლიდან დაწყებული, წყალტუბომ, როგორც კურორტმა, აღორძინება დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა. ინვესტორებმა ნახევრად დანგრეული სანატორიუმების შესყიდვა და მათი აღდგენა დაიწყეს, შენდებოდა სრულიად ახალი, თანამედროვე კორპუსებიც. დღეს ტურისტებს უკვე აქვთ წყალტუბოში დასვენების შესაძლებლობა. მათთვის მომსახურების დონე არანაკლებია, ვიდრე ეს საბჭოთა ელიტას ჰქონდა.

"დასვენების უფლება"

საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით, მშრომელებს დასვენების უფლება გარანტირებული ჰქონდათ. ქარხნებში, ფაბრიკებში, კოლემურნეობებში და დაწესებულებებში მოწინავე მუშები, გლეხები და ინტელიგენციის წარმომადგენლები სარგებლობდნენ მთელი საბჭოთა იმპერიის თვალუწვდენელ ტერიტორიაზე გაბნეული სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურებით.

წყალტუბო განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა ელიტისათვის - როგორც ბუნების თვალწარმტაცი პეიზაჟებით, სუბტროპიკული რბილი კლიმატით, ასევე ეფექტური რადონიანი წყლის აუზებით. ამბობენ, რომ წყალტუბოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში მკურნალობდა და გამოჯანმრთელდა საქართველოს მეფე თამარი, მოგვიანებით კი - რუსეთის იმპერატორები, შემდეგ კი - იოსებ სტალინი და მისი გარემოცვა.

სტალინის საბანაო

წყალტუბოს დიდებას საფუძველი იოსებ სტალინმა ჩაუყარა. საკურორტო კომპლექსის ყველაზე ცნობილი კორპუსი " წყარო №6" 1951 წელს რეკორდულ დროში აშენდა წყალტუბოში "ხალხთა ბელადის" ჩამოსვლის დღეს გაიხსნა. მის აგებაზე 4 ათასამდე მშენებლი მუშაობდა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჰყვებიან, იოსებ სტალინმა, როცა გაჯანსაღდა და მოსკოვში დაბრუნდა, ყველა სამინისტროს ხელმძღვანელს უბრძანა, რომ წყალტუბოში უწყებრივი სანატორიუმები აეშენებინათ. 1950-იან წლების განმავლობაში აქ 19 სანატორიუმი აიგო. 1980-იანი წლების ბოლომდე წყალტუბოში მოსკოვიდან დამსვენებლებით სავსე მატარებლები მოძრაობდნენ.

სხვათა შორის, "წყარო №6" დღესაც სთავაზობს დასვენების მსურველებს სამკურნალო და გამაჯანსაღებენ პროცედურებს, მაგალითად, ტალახის აბაზანებს. შენობა პრივატიზებულია და სრულიად აღდგენილი.

შიშისმომგვრელი და მიტოვებული

მაგრამ მანამდე, როგორც უკვე ითქვა, კურორტი დიდი ხნის მანძილზე იყო მიტოვებული და გაუდაბურებული. გრანდიოზულმა სანატორიუმებმა, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, მუშაობა შეწყვიტეს. ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კურორტი დატოვა და სამუშაოს საძებნელად ქვეყნის სხვა ქალაქებს და უცხოეთს მიაშურა.

წყალტუბოს 19-ტივე სანატორიუმის შენობები დღემდე შემორჩენილია, მაგრამ მათი უმრავლესობა მიტოვებულია (მაგალითად, "ივერია"). ზოგიერთი მათგანი შიშის მომგვრელ შთაბეჭდილებას ტოვებს კარ-ფანჯრების გარეშე - "ნაშთი ძველი დიდებისა", როგორც იტყვიან ხოლმე. მოკლედ, საბჭოთა ეპოქაში აგებული შენობების მოყვარული ტურისტებისათვის კიდევ არის დარჩენილი ნანგრევები დასათვალიერებლად...

დევნილები აფხაზეთიდან 1992 წლის აგვისტოში - მას შემდეგ, რაც რუსეთის დახმარებით საქართველოს ერთ-ერთმა ნაწილმა - აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რეგიონში შეიარაღებულმა კონფლიქტმა იფეთქა. 13-თვიანი სამოქალაქო ომი იმით დასრულდა, რომ აფხაზეთი 200 ათასმა ეთნიკურმა ქართველმა დატოვა. იმ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იყო და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, ან მარტივად რომ ვთქვათ, დევნილებისათვის საცხოვრებლის გამონახვა რთული საქმე იყო. დევნილთა ნაწილმა მოულოდნელად თავშესაფარი წყალტუბოს სანატორიუმების დიდებულ ოთახებში იპოვა. დღემდე ქალაქში აფხაზეთიდან დევნილი 960 ოჯახი ცხოვრობს.

ახალი ცხოვრება

გავიდა მეოთხედი საუკუნე. სიტუაციამ ნელ-ნელა გამოსწორება დაიწყო. საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა. ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პირობები იქმნებოდა. 2012 წელს საქართველოს მთავრობამ წყალტუბოს განვითარებისა და თანამედროვე კურორტად გარდაქმნის გეგმა გამოაქვეყნა. სანატორიუმებში მცხოვრები დევნილთა ნაწილი მათთვის სპეციალურად აგებულ საცხოვრებელ კორპუსებში შეასახლეს. ინვესტორები მიტოვებული შენობების აღდგენა-რეკონსტრუქციას გეგმავენ.

საბჭოური დასვენების ნაკრძალი?

ტურისტებისათვის საინტერესოა საბჭოთა ისტორიაში ჩახედვა და იმის პირადად გაგება, თუ როგორ ისვენებდა მაშინდელი მმართველი ელიტა. ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მათ ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და რეკონტრუირებულ-შეკეთებული სანატორიუმები დაეხმარება. მაგალითად, იგივე სტალინური "წყარო №6" მსურველს სხვადასხვა პროცედურებს სთავაზობს - ტალახით მკურნალობიდან შარკოს შხაპის (მაღალწნევიანი ჰიდრომასაჟის) ჩათვლით.

სხვათა შორის, "წყალტუბო სპა რეზორტის" დღევანდელმა მფლობელებმა, გაითვალისწინეს რა ტურისტთა ინტერესი, ხელუხლებელი დატოვეს ის ზოგიერთი ნომერი, რომლებშიც საბჭოთა პარტიული მაღალჩინოსნებს ჰქონდათ ხოლმე დაკავებული. იქვე მოქმედებს მცირე მუზეუმიც, სადაც სსრკ თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმის ექსპონატებია გამოფენილი. წყარო

იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება

იხილეთ ასევე: "ბოლო შვებულება ბორჯომში გაატარა, ხანდაზმულ ბელადს გულმა სამშობლოსაკენ გაუწია" - რა ავადმყოფობებით იტანჯებოდა სტალინი?

მოამზადა სიმონ კილაძემ