"სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა" - კვირის პალიტრა

"სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა"

"კვირის პალიტრის" არქივი, 2019 წელი, 22 ოქტომბერი

"სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა..."

გოდერძი ჩოხელი

ახლახან გუდამაყრის ხეობაში ტრადიციული დღესასწაული მოეწყო - გოდერძობა. ჩოხში გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე აღნიშნეს. დღესასწაული კი იყო ტრადიციული, მაგრამ ნამდვილად სასწაული დღე გამოდგა - პირველი ის, რომ ჩვენი საყვარელი გოდერძი 65 წლის გახდა, მეორე ის, რომ... ან, იქნებ - პირველზე უპირველესი ის, რომ ჩოხში გოდერძის სახლი აიგო, ლამაზი და დიდი, ორსართულიანი სახლი, სადაც მუდამ გოდერძის სული იტრიალებს; სადაც გოდერძის კაბინეტი იქნება, ბიბლიოთეკა და დარბაზებიც; სადაც იქნება ადგილი, ადამიანებმა თავი კარგად რომ იგრძნონ.

დღესასწაული იყო ღიმილიანიც და სევდიანიც, სიყვარულით, მოგონებებითა და სიმღერებით გაჟღენთილი, სადა და თბილი, როგორიც გოდერძის შეეფერებოდა და იუმორით სავსე - როგორსაც გოდერძი მოიხდენდა...

გოდერძის მეუღლის - ნინო მელაშვილის თქმის არ იყოს, აქ ისეთი ადგილია, ყველა სიყვარულით მოდის, თორემ, აბა, შემთხვევით ვერავინ მოხვდებაო. გოდერძი ჩოხელის მუზეუმის გახსნა

ირგვლივაც ზღაპრული სილამაზე დაგვხვდა - საითაც გინდა გაგეხედა, წითელ-ყვითელ-მწვანედ შეფოთლილი ბალახ-ბუჩქ-ხეები და გაშიშვლებული ტოტები გაჯადოებდა, თუმცა იმწამს მზერა პირდაპირ გაგირბოდა, დაფოთლილ მთებს შუა, და სრულიად ინუსხებოდი - ლამის ცას რომ ფარავდა და თითქოს, ორი ფეხის ნაბიჯზე გეგონა, ისე წამომართულიყო მუდამ რუხი, პირქუში და იდუმალი, ოქტომბრის მზისა და ღრუბლის ქულებისგან ალაგ დაჩრდილული ჭაუხი... იმ ეზოში ერთი ღამეც რომ გაგეთია, ლექსთა ჯარს დაწერდი... მაგრამ ეგ ამბავი ყველაზე კარგად იმ სახლის იუბილარმა მასპინძელმა იცოდა - ლექსისა და მოთხრობის წერაც, ადამიანების სიხარულიცა და სევდაც და... ბუნების ენაც. იმ დღეს, მზითა და ერთმანეთით კარგად რომ გავთბით, უცებ წვიმა შემოშხაპუნდა, მერე ისევ მზემ გაგვიხსნა გულები. მე რას მივხვდებოდი, გოდერძიაანთ კი ჩაეღიმათ - ეგ სულ გოდერძის ოინებია, ახლაც აქ არის და თავისებურად გვეხუმრებაო.

გოდერძი ჩოხელის მუზეუმის გაკეთების იდეა მის ოჯახსა და ახლობლებს - საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, ირმა სანაძეს, მაია ჭინჭარაულს, ნინო ზედელაშვილსა და კიდევ რამდენიმეს გოდერძის გარდაცვალებიდან რაღაც ხნის შემდეგ გაუჩნდათ, მაგრამ წლების განმავლობაში მისი განხორციელება ვერაფრით მოხერხდა. თავად გოდერძის გუდამაყრის სოფელ ჩოხში სახლი არ ჰქონდა. იგი ქვემო ჩოხში, ბიძის სახლში ცხოვრობდა. იმ ადგილას კი, სადაც დღეს მუზეუმი აშენდა, თავისუფალი სივრცე იყო, შემოუსაზღვრავი, ცოტათი უკან კი ორსართულიანი სკოლის შენობა იდგა. ვისაც გოდერძი ჩოხელის მხატვრული ფილმი - "ლუკას სახარება" უნახავს, ის შენობაც ემახსოვრება და იმ სივრცესაც ამოიცნობს - ფილმი სწორედ იქ არის გადაღებული. დროთა განმავლობაში სკოლის შენობა ნაწილობრივ დაინგრა და როდესაც მუზეუმის გაკეთებაზე კვლავ ალაპარაკდნენ, ნინო მელაშვილმა სწორედ იმ შენობის აღდგენაზე იფიქრა. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. შალვა კერესელიძე, ნინო მელაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი მერე კი სასწაული მოხდა - ერთი წლის წინ ზუსტად იმ ადგილას, თავისუფალ სივრცეში, ტრადიციულად, გოდერძის დაბადების დღეზე რომ შეიკრიბნენ, ნინოსთან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მივიდა და უთხრა, ამ ადგილას გოდერძის მუზეუმი უნდა ავაშენოთო. - მახსოვს, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი, რადგან ვერაფრით წარმომედგინა, რომ ერთ წელიწადში ასეთ მუზეუმს მართლა ააშენებდნენ და გუდამაყარში კულტურის ცენტრიც გაკეთდებოდაო, - იხსენებს ნინო და მღელვარებასა და მადლიერებას ვერ ფარავს: დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ასე უჭირს, ბევრი რამ სჭირდება, საქართველოს მთავრობამ გუდამაყრისა და რეგიონის ხელისუფლების თხოვნა გაიზიარა და გამოჰყო თანხა გოდერძი ჩოხელისთვის - ქართველი მწერლისა და რეჟისორისთვის, და, ამავე დროს, რასაც ყოველ წამს ვგრძნობ - ქართველების საყვარელი ადამიანის მუზეუმის ასაშენებლადო.

რაც შეეხება ბატონ შალვა კერესელიძეს, იგი გოდერძის მეგობრის შვილი აღმოჩნდა, ისეთი მეგობრის, რომელსაც გოდერძიმ 1984 წელს თავისი "თევზის წერილების" ხელნაწერის ორიგინალი აჩუქა. დანარჩენი თავად განსაზღვრეთ. გოდერძის გარდაცვალების შემდეგ მამას ვაჟისთვის უთქვამს, ეს ორიგინალი საქართველოსა და ქართველი ერის საკუთრებაა და მას უნდა გადავცეთო.

- სამწუხაროდ, მამა ამ დღეს ვერ მოესწრო და ამიტომ მე შევუსრულე სურვილი. დღეიდან ეს შედევრი, ხატ-ქმნილება სამუდამოდ დაიდებს ბინას გოდერძი ჩოხელის მუზეუმშიო, - მითხრა შალვა კერესელიძემ.

ამირან არაბული, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გოდერძის მეგობარი:

- მე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მისი მოთხრობების, ნოველების, რომანების პირველი მკითხველი. გოდერძი ამბობდა, - მე ვწერ იმ ადამიანებზე, ვინც ჩემს სულში ჩაიარაო. განცდის გარეშე გოდერძის ერთი სიტყვა, ერთი ფრაზა, ერთი წინადადება არ უთქვამს, არ დაუწერია. ყველაფერი გამოტარებული ჰქონდა საკუთარ გულსა და გონებაში, მდუღარე სულში და ისე მოჰქონდა ჩვენამდე...

ეთერ თათარაიძე, პოეტი და ფოლკლორისტი, ამირან არაბულის მეუღლე:

- დღეს სევდიანად ბედნიერი ვარ. ეს არის ძალიან დიდი ამბავი, რაც ჩვენ დღეს აქ დაგვიხვდა. ჩვენ მოვალთ ხოლმე შინ, გოდერძისთან, სანამ სული გვედგმება. ჩვენ გვაქვს მოსასვლელი... არა მხოლოდ ჩემი და ამირანის ოჯახს, არამედ ყველას, ვისაც გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება ეგ გვარ-სახელი, ეგ ადამიანი. ჩვენ და გოდერძი, ლამის, ოჯახის წევრები ვიყავით. მე და ამირანს ბევრი რამ გვაქვს ამ მუზეუმისთვის შესაწირი. ჩვენ ამას აუცილებლად შევუდგებით და მთელი ზამთრის მანძილზე ნელ-ნელა დავალაგებთ, რა უნდა წამოვიდეს ჩვენი სახლიდან ამ მუზეუმში. ეს არის მისი ხელნაწერები და წერილები, მისი მაისურები... გოდერძის ვეუბნებოდი ხოლმე, - ბალღო, დაკარგე ეს შენი ტანსაცმელი ჩვენი სახლიდან-მეთქი... ამირანი და გოდერძი ერთად ცხოვრობდნენ. ვიდრე მის გვარ-სახელს გავიგონებდი, პირველად ამირანმა მითხრა გაცნობის შემდეგ, - შენ იცი, გოდერძი ჩოხელი ვინ არისო? - არც გამიგია, მე რა ვიცი, ვინ არის-მეთქი, - ვუპასუხე. - ჰო, ჯერ არავინ იცის, მაგრამ... ძალიან დიდი მწერალიაო. ეს რომ მითხრა, - დიდიო, გოდერძი ტანადაც დიდად წარმოვიდგინე, ახოვანი, ახმახი კაცი მეგონა. ერთმანეთს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, მელიქიშვილის გამზირსე, ძველ საჩაიესთან შევხვდით... ახლა ის საჩაიე აღარ არის. ხომ ბევრი ადგილი დაიკარგა თბილისში, ძალიან საჭირო ადგილი, ძალიან დიდი პოეტების ნამყოფი ადგილები, ხეები, კაფეები?! ძალიან მწყდება ამაზე გული. იმ ყველაფრის აღდგენაც შეიძლება და - იმ წარმოუდგენელი ისტორიების გაცოცხლებაც...

მე მიყვარს ადამიანებისთვის ჩემი და გოდერძის გაცნობის ამბის ხშირად მბმობა: ერთხელ ამირანმა მოიმიზეზა, რომ ისიც იქით მიდიოდა, მე საითაც მივდიოდი - საჯარო ბიბლიოთეკისკენ. უცებ მეუბნება, გოდერძი მოდისო. - სად-მეთქი? - აიო, - პირდაპირ მანიშნებს. ვხედავ, ძალიან პატარა ტანის ბიჭი მოდის. დერმატინის ტყავის მოკლე ქურთუკი ეცვა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაყოფილი. ერთ გოგოს, ხელკავი ჰქონდა მისთვის გაკეთებული და ჩამოკონწიალებული მოჰყვებოდა. როგორც კი მოგვიახლოვდნენ, უცემ გადაშალა ჯიბეებში ჩაყოფილი ორივე ხელი და დაიყვირა, ეთერო ვნახეო! მითხრა, მე გოდერძი ვარო და დავინახე, ხელებით გადაშლილი ერთი ჯიბე გახეული იყო, შიგნიდან კი ბაყაყს ჰქონდა თავი გამოყოფილი. ბაყაყის ყელი მახსოვს, დგაფადგუფით სცემდა. ისე შემეშინდა, უკან-უკან დავიწიე და ვიფიქრე, ესენი ვინ ყოფილან-მეთქი! - ეთერო, იცი, ეს ბაყაყი ჩემი და ამირანის ძმაკაცია და დღეს ჩემი სეირნობის ჯერი იყოო, - მითხრა გოდერძიმ... არ ვიცი... რაღა გითხრათ...

სინამდვილეში, ეს მუზეუმი მარტო ხსოვნას არ ეძღვნება, მას სტრატეგიული ფუნქციაც აკისრია - გუდამაყრის ხეობის გაცოცხლებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს. გარდა იმისა, რომ იგი კულტურის კერად იქცევა, სწორედ ჩოხიდან გადის მოკლე გზა ხევისკენ და ხევსურეთიდან თუ მთიულეთიდან მომავალი ქართველი თუ უცხოელი ტურისტიც ბევრი გაივლის ამ გზას, ჩამოისვენებს გოდერძის სახლთან, თვალს შეავლებს ულამაზეს არემარეს, ჰორიზონტზე წამომართულ ჭაუხებს, თუ მლოცველია, ეზოს უკან, ფერდობზე მდგარ ღვთისმშობლის პატარა სალოცავს მშვიდობიან გზას შესთხოვს, ახლად გაშვებული ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტით ადგილმდეობარეობასაც დააფიქსირებს და გზას განაგრძობს. ამ ყველაფრით აქაურობა ნამდვილად ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

იხილეთ ასევე: "ჩემს ოჯახს არ სურდა, გოდერძის გავყოლოდი. მახსოვს, იმხანად ვთქვი, ძალიან მიყვარს და გოდერძის უნდა შევეწირო-მეთქი. რამ მათქმევინა ეს სიტყვები"