ერთი გარდაცვლილი და სამი მძიმედ დაშავებული - ავარია ზუგდიდში - კვირის პალიტრა

ერთი გარდაცვლილი და სამი მძიმედ დაშავებული - ავარია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოყვანილია სამი ადამიანი. ორის მდგომარეობა მძიმეა. იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მესამე დაშავებულის მდგომარეობა კი ნაკლებად მძიმეა. უტარდებათ შესაბამისი კვლევები", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში.

შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"