"ჯერ არ ვიცი ვის დავუკავშირებ ცხოვრებას... გვარს და წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა" - ვინ არის ბატონიშვილი ირაკლი ღვანკითიდან? - კვირის პალიტრა

"ჯერ არ ვიცი ვის დავუკავშირებ ცხოვრებას... გვარს და წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა" - ვინ არის ბატონიშვილი ირაკლი ღვანკითიდან?

არქივი, 2019 წელი, 25 ოქტომბერი

ამ ცოტა ხნის წინ, "აბრეშუმის გალერეაში", იმერეთის ბაგრატიონთა სახლის შთამომავლის, ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონის თაოსნობით, წმინდა დიდმოწამეთა არგვეთის მთავრების - "დავითისა და კონსტანტინეს ორდენის" წარდგინება მოეწყო. შემდეგ კი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. მე, ამ ღონისძიებაზე მოხვედრით ვისარგებლე და სოლომონ პირველის მამისა და სოლომონ მეორის პაპის - იმერეთის მეფის ალექსანდრე მეხუთის (მმართველობის წლები: 1720 - 1752) შთამომავალ ბატონიშვილ ირაკლისთან ჩავწერე ინტრევიუ, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თერჯოლის რაიონ სოფელ ღვანკითში.

- როგორ მოხვდნენ თქვენი წინაპრები ღვანკითში?

- ალექსანდრე მეხუთემ ჩვენ დიდ წინაპარს, ბაგრატ ბაგრატიონს უბოძა ღვანკითში მამულები. ბაგრატის ძმა გახლდათ სოლომონ პირველი, იმერეთის ყველაზე ცნობილი მეფე. მართლა საოცარი სოფელია ღვანკითი. შეიძლება ითქვას, კოლხეთის დაბლობი ჩვენი სოფლით იწყება. სოფელი 4 გორაზეა გადაშლილი. თითოეულ გორაზე სხვადასხვა წარჩინებული გვარის წარმომადგენლთა შთამომავლები სახლობენ.

- თქვენ იმთავითვე ბაგრატიონის გვარს ატარებდით? - დიახ. 200-ზე მეტი წელი გავიდა იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი ტერიტორიის რუსული ჯარების მიერ ოკუპაციიდან. ჩემს ოჯახს უშუალოდ დაატყდა თავს ის უბედურება, რასაც შედეგად მთლიანად იმერეთის დაპყრობა მოჰყვა. ამას, რა თქმა უნდა, არ ეგუებოდნენ ჩემი წინაპრები - 1818-1820 წლის იმერეთის აჯანყებაში მონაწილეობისთვის როსტომ ბაგრატიონი, შვილთან, 8 წლის სიმონთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. იქ მათ უმძიმესი წლები გადაიტანეს. მხოლოდ 1841 წელს მისცეს სამშობლოში დაბრუნების უფლება, რის შემდეგაც ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა როსტომმა. საბედნიეროდ, საგვარეულო შტო მისმა ძემ გააგრძელა. ბატონიშვილი ირაკლი ოჯახთან ერთად საბჭოთა მმართველობის დროს ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა სიმონის შთამომავალს, მამაჩემის ბაბუას - გრიგოლ ბაგრატიონს. მისი დახვრეტის საბაბად ბაგრატიონის გვარი საკმარისი აღმოჩნდა. გრიგოლს 4 შვილი დარჩა: ალექსანდრე, იგივე დუდუნა, ირაკლი, მერი და ციალა. დუდუნა საღორიის ტყეში დახვრიტეს. მე ირაკლის შთამომავალი ვარ, რომელსაც 3 შვილი ჰყავდა: დავითი, ნარგიზი და მაია. დავითი მამაჩემია.

- დედა ვინაა? - დედაჩემი ირინა კობახიძეა. ოჯახში ნაბოლარა ვარ - ქეთევანისა და თამარის მერე დავიბადე.

- როდის გააცნობიერეთ თქვენი წარმომავლობა? - გავიზარდე სოფელში, ძალიან კარგ საზოგადოებაში, სადაც ყველა თანასწორი ვიყავით. არასდროს არ ხდებოდა ჩემი წინ წამოწევა. ისტორიას განსაკუთრებული ინტერესით ვეცნობოდი, მინდოდა, როგორც ბაგრატიონს, მეტი ცოდნა მიმეღო სამშობლოსა და წარმომავლობაზე. სახლში ყოველთვის ძალიან ბევრი მკვლევარი გვსტუმრობდა. საეკლესიო პირების მხრიდან ჩემს მიმართ ინტერესი იმთავითვე დიდი იყო. ბაგრატიონების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში, ღვთის მადლით, ყველას კარგი აქვს. ეს გვარი გაიგივებულია ქართველობასთან, თუმცა ერთიცაა - ეჭვი, ხარ თუ არა წარმომავლობით ნამდვილი ბაგრატიონი, ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში.

- ეს არც არის გასკვირი, მარტივი პროცედურის შედეგად, შეგიძლია გახდე ბაგრატიონი, გურამიშვილი, წერეთელი, ჭავჭავაძე და ა.შ. - თავაწეულს არასდროს მივლია. ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და შესაბამისად, მეც მომსვლია ისეთი შეცდომები, რომლის შედეგადაც წავქცულვარ, თუმცა მაშინაც არ მისარგებლია ბოროტად ჩემი წარმომავლობით, ბაგრატიონის გვარით. გაფრთხილება უნდა ამ გვარს! იმიტომ, რომ ბაგრატიონი თითოეულ პიროვნებაზე დიდია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩასაფრებულის პოზიცია აქვს...  დავითისა და კონსტანტინეს ორდენის წარდგენა - თანადამფუძნებელ ციცინო დევრისაშვილთან ერთად

სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. რამდენიმეჯერ მქონდა შემთხვევა, როცა პირველ ლექციაზე დაგვიანებით შესულს, აუდიტორიაში სამღვდელო პირები დამხვედრიან, ჩემს მოსასმენად ლექციაზე მოსულნი. მათი სურვილი ჩემი გაცნობა იყო. 2000 წელს გავხდი სტუდენტი, მაშინ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ თვითგამორკვევის პროცესში იყო, საკმაოდ რთული წლები გავიარეთ. ბაგრატიონების მიმართ ინტერესის მუხტი ეკლესიაში ბევრად მძაფრად არის შემონახული, მათ კარგად მოეხსენებათ, თუ რა როლი აქვს ბაგრატიონს ქართულ რეალობაში. წარმოგიდგენიათ, 15 წმინდანი მეფე გვყავს და მათ შთამომავლად რომ ითვლები, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამავდროულად - ძალიან დიდი ჯვარიც.

ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა, ავტოინჟინერი ვარ პროფესიით. შემდგომ თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე თეოლოგია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად, 4 წელი ვცხოვრობდი თაბორის მონასტერში. იქიდან დავდიოდი ყოველ დილით სემინარიაში. მეამაყება, რომ სასულიერო სემინარია დავამთავრე. ამან ბევრი მომცა. რელიგიური განათლება სხვანაირად გაყალიბებს.

- სხვა ბაგრატიონებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- თითქმის ყველასთან. თითოეულს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე. ჩემი შეხედულება ასეთია - რა მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ იქცევა, ყველა ადამიანი საკუთარ ქმედებაზე აგებს პასუხს.

- ამჟამად სად მოღვაწეობთ?

- ამჟამად პირველი სპეციალობით ვმუშაობ - სასწავლო ცენტრ "ტრანს მენეჯერში", სადაც მიმდინარეობს ავტო სპეციალსიტების მომზადება-გადამზადება, მენეჯერის პოზიცია მიკავია. პარალელურად ქალბატონ ციცინო დევრისაშვილთან ერთად დავაარსეთ "დავით და კონსტანტინეს ორდენი", გარდა საქველმოქმედო დანიშნულებისა მოიცავს ძალიან ბევრ საგანმანათლებლო პროექტს. თითოეული მათგანი უფასო იქნება.

- რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება ეს პროქეტები?

- სტუდენტებისთვის. ქართველებს ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია, ღვთის მადლით, ამის ნიჭი ნამდვილად გვაქვს, რაც შეეხება გამოფენას, ის საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. შემოსული თანხა მოხმარდება საზღვრის პირას მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს. ჩვენი მხრიდან ყველა აქტივობა იქნება გახსნილი და საჯარო.

- უკვე 37 წლის ბრძანდებით, საზოგადოებას აინტერესებს ვინ იქნება იმერეთის პრინცის, ირაკლის მომავალი მეუღლე? ისტორიულად თუ გადავხედავთ და ყველაზე რბილად თუ ვიტყვით, სამღვდელოება ყოველთვის საქმის კურსში იყო, თუ ვისზე იქორწინებდა ბაგრატიონის შთამომავალი. თქვენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

- მაგ მხრივ ძალიან ურჩი ადამიანი ვარ... ჯერ არ ვიცი ვის დავუკავშირებ ცხოვრებას. ღვთის მადლით, ეს ის ადამიანი იქნება, რომელთანაც ჰარმონიული ურთიერთობა ამეწყობა, გვარს და წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა.

- ერთგან ბრძანეთ, კონსტიტუციური მონარქიის მმართველობის მომხრე ვარო...

- საპრეზიდენტო მმართველობა გვქონდა, ახლა - საპარლამენტო გვაქვს, რომელიც, ვნახოთ რას მოგვიტანს... არ ვიცი, როგორი მმართველობა იქნება მომავალში - საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს საით წაიყვანს ქვეყანას. ცნობილ საოპერო მომღერალ თამარ ივერთან ერთად

კონსტიტუციური მონარქია საკმაოდ საინტერესო წყობაა, მითუმეტეს თუ ამას შეუთავსებ დღევანდელ საპარლამენტო მმართველობას. სამწუხაროდ, ამაზე მსჯელობა ძირითადად არ ხდება საზოგადოებაში. საზოგადოება სხვა და სრულიად გასაგებია, რა პრობლემებითაცაა დაკავებული. არასდროს ყოფილა მსჯელობა თუ რა დადებითი შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო მონარქიულ მმართველობას. თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, უნდა გამოვიდნენ კომპეტენტური ადამიანები და ახსნან - რა სიკეთის მომტანია ასეთი მმართველობა ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ამის შემდეგ, საბოლოო არჩევანი, რა თქმა უნდა, საზოგადოების გასაკეთებელია და არა ვიღაც სხვის. მე, როგორც ბაგრატიონი, თავს შევიკავებ ჩემი შეხედულები გაგიზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

- როგორია 21-ე საუკუნეში იმერეთის ბაგრატიონთა პირდაპირი შთამომავლის ერთი ჩეულებრივი დღე?

- როგორც ბევრის, ბაგრატიონიც ადრე იღვიძებს, დღეს ყავით იწყებს (იცინის)...

- ყავას თვითონ იდუღებს? - აბა, ვინ მომიდუღებს... მერე მივდივარ სამსახურში, ზოგჯერ საკუთარი მანქანით, ზოგჯერ - საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვმუშაობ. საღამოს კი მეგობრების წრეში ვატარებ.

- როგორ გგონიათ, თქვენი შვილი რა პრინციპებზე უნდა აღიზარდოს? - ჩემი შვილი უნდა აღიზარდოს იმავე პრინციპებზე, რაზეც მე აღვიზარდე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, ვინმე ეკონომიკური პირობების ან წარჩინებული გვარის გამო იყოს პრივილეგირებული. უფალმა ყველა თანასწორი გაგვაჩინა. თითოეული ადამიანი თავისი საქმით წარმოჩინდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

ალექსანდრე მეხუთი