"მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა" - ლიკა ქავჟარაძე დღეს 64 წლის გახდებოდა - კვირის პალიტრა

"მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა" - ლიკა ქავჟარაძე დღეს 64 წლის გახდებოდა

ულამაზესი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე დღეს 64 წლის გახდებოდა. ქართველი კინოლეგენდა 2017 წლის ოქტომბერში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. კინოში 30-მდე როლი შეასრულა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნაში 15 წლის მარიტად დარჩა. იმ დღეს, როცა მაყურებელი უკანასკნელ გზაზე აცილებდა, ამბობდნენ, მარიტას როლი თავადაც ისე მოსწონდა, გადასაღები მოედნიდან შინ დაბრუნებული, მარიტას კაბით დადიოდაო.

გთავაზობთ მსახიობის ინტერვიუდან ამონარიდებს, რომელიც "კვირის პალიტრის" არქივში ინახება.

- გოგონა ნუშის რტოთი, გოგონა "ნატვრის ხიდან", ქალბატონი შოთიკო კალანდაძის ფილმიდან და ახლა უკვე ბებია - ეს თქვენი ცხოვრების ეტაპებია...

- ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს.ცხოვრებაში ყველა პერიოდი საინტერესო და თავისებურად გამორჩეულია. მხოლოდ ხატვა ან ფილმში გადაღება ხომ არ არის მნიშვნელოვანი - სხვა რამეებიც არსებობს, რითიც შეიძლება შეივსო ცხოვრება.

- კარიერის განმავლობაში რამდენი როლი გაქვთ განსახიერებული?

- 34! პირველი როლი იყო თემო ბაქრაძის ფილმში "შადრევანი". მერე "როცა აყვავდა ნუში". წამიყვანეს გადასაღებ მოედანზე, დამაჭერინეს ნუშის რტო, ორი დუბლი გადაიღეს და გამომიშვეს. ყველა, ვინც უყურებს ამ კადრებს,"აღფრთოვანებული რჩება. მე კი მიკვირს - რა მოსწონთ? კი, სასიამოვნოა, გოგონა რომ მოდის, მაგრამ მერე რა... მერე იყო "კავკასიური რომანსი", "ივერია, სიყვარული და..." მერე კი იყო "ნატვრის ხე"...

- ამ ფილმის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე სილამაზის სიმბოლოდ იქცა...

- მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა. ყველა "ნატვრის ხეზე" ლაპარაკობდა. შოთიკო კალანდაძესთან რომ მნახეს ეროტიკულ სცენებში, ასეთი რაღაც როგორ გადაიღე "ნატვრის ხის" მერეო, ამბობდნენ. მსახიობი ვარ და თუკი გამომდის, რატომ არ უნდა ვითამაშო?! ზოგი აცხადებდა, მე ასე ვერ გამოვალო! ესე იგი, არ შეგიძლია, როლი განასახიერო. ემოციის გამოვლენის უნარი თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა. მინდოდა და ვითამაშე! გადაღება ჩემთვის სამუშაო პროცესია - ითამაშე, გააკეთე და წადი.

- რა ყოფილა მთავარი ცხოვრებაში?

- ჩემთვის სულიერი სიმშვიდეა მნიშვნელოვანი, ჰარმონიულობაა მთავარი. მეოცნებე ვარ, მაგრამ ჩემი ოცნებები შესაძლებლობების შესაბამისია. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა