"კავკასიური ნაციის" ნიშანი - კვირის პალიტრა

"კავკასიური ნაციის" ნიშანი

"თავის ქალები არასოდეს ტყუიან..."

მეცნიერება ისე განვითარდა, გგონია, იდუმალი აღარაფერი დარჩა, მაგრამ ასე სულაც არ არის - ჩვენს ისტორიაში მრავალი იდუმალი ფაქტია შემონახული, რომელთა ახსნას ცდილობენ საქართველოს ეთნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაშიც, სადაც შესვლისთანავე იწყებ იმაზე ფიქრს, რომ არასოდეს არაფერი მთავრდება, რომ ათასწლეულობით გარინდებული თავის ქალებიც კი რაღაცას უსათუოდ ჰყვებიან. მათ შორის იმასაც, რა მსხვერპლს სწირავდნენ სილამაზეს მათი "პატრონები"...

- XIX საუკუნეში, როდესაც კავკასიის სამხედრო გზა გაჰყავდათ, გზის მიმდებარედ მოგრძო და ვიწრო თავის ქალები აღმოჩნდა. ამ დროს ქართველი ანთროპოლოგები არ გვყავდა და თავის ქალები რუსმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, მათ კი "დაასკვნეს", რომ ეს ქალები ქართველების წინაპრებს არ ეკუთვნოდათ. როგორც ამბობდნენ, ქართველები მკვეთრად მრგვალთავიანები ხართ, აქ ხალხი კი მოგრძოთავიანი ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ საიდანღაც მოხვედით მათ მიწაზეო. ასეთივე დასკვნა გაკეთდა სამთავროს სამაროვნის (ძვ. წ. X-IX სს.) ვიწრო და გრძელი თავების შესახებაც. მერე ქართულ ანთროპოლოგიაში გამოჩნდა დიდი მეცნიერი მალხაზ აბდუშელიშვილი და მან სხვადასხვა ეპოქაში აღმოჩენილი თავის ქალები ერთმანეთის მიყოლებით დაალაგა და დაამტკიცა, რომ ისინი ათასწლეულების მიხედვით იცვლებოდნენ და ყალიბდებოდნენ, მოგრძო და ვიწრო თავებიც ამ ცვლილებებით ჩამოყალიბდა. ასეთი ანთროპოლოგიური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა დღევანდელი კავკასიური რასა, რომლის ორგანული ნაწილიც ჩვენ ვართ.

თავის ქალები არასოდეს ტყუიან. მაგალითად, აფხაზების, ჩერქეზებისა და ინგუშების თავის ქალების ზომები ემთხვევა ერთმანეთს და მათ ერთ გენეტიკას ადასტურებს. ჩვენი ანთროპოლოგიური თავის ქალების ჩამოყალიბების პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა - მაგალითად, ყველა ამჩნევს, რომ ბოლო დროს არა ბრტყელთავიანი, არამედ კვერცხისებური, მოგრძოთავიანი ბავშვები იბადებიან, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი თავის ქალები კვლავ ყალიბდება. საერთო ჯამში კი, კავკასიელთა და მათ შორის, ქართველთა თავის ქალა ეპოქალურად იმდენად სიმეტრიულად ჩამოყალიბდა, ცნობილი გერმანელი პროფესორი და ანატომი ფრიდრიხ ბლუმენბახი სწორედ მას მიიჩნევდა სიმეტრიულობისა და სილამაზის იდეალად. მას საკვლევად 70 თავის ქალა ჰქონდა, მათ შორის იყო XVIII საუკუნის ქართველი ქალის თავის ქალა, რომელიც ბლუმენბახმა "მშვენიერებად" აღიარა - წერდა, რომ სწორედ ეს თავის ქალა იყო სიმეტრიულობის სიმბოლო და ევროპეიდული რასა სწორედ კავკასოიდური რასისგან წარმოიშვა.

- როგორი იყო ჩვენი თავის ქალები მანამდე, სანამ ასეთ სიმეტრიამდე მიაღწევდა?

- შედარებით ვიწრო, ბევრად გრძელი სახის ძვლებით. ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი თავის ქალა და მასთან ერთად სახის ძვლები დამოკლდა და დავიწროვდა, სამაგიეროდ, გაგვიგანიერდა შუბლი და გაგვეზარდა მანძილი ყვრიმალებს შორის. ჩვენ პროფილირებულ რასად ვიქეცით, ანუ პროფილში ჩვენ ამაღლებული ცხვირის უნაგირი გვიჩანს.

- უძველეს საბეჭდავებზე გამოსახულებით თუ შეგვიძლია დადგენა, ვინ არის მისი პროტოტიპი? მაგალითად, II საუკუნის დროინდელი ასპარუგ პიტიახშის ბეჭედ-საბეჭდავით შეგვიძლია გავიგოთ ის ჩვენი წინაპარი იყო თუ არა?

- ასპარუგის გრძელი კეხიანი ცხვირი მიუთითებს, რომ ის ჩვენსავით კავკასიელი იყო. სხვათა შორის, საუკუნეების განმავლობაში სწორედ ჩვენი ცხვირის ძვალი არ შეცვლილა. რაც შეეხება ოდნავ სქელ ტუჩებს, კავკასიელებს თხელი ტუჩები ჰქონდათ, თუმცა ისიც საკითხავია, საბეჭდავი რამდენად სტილიზებულია, ან ასპარუგის გენეტიკაში ხომ არ იყო ვინმე უცხო. ამას მხოლოდ დნმ-ის ანალიზი თუ დაადგენდა. მაგალითად, მცხეთაში გვაქვს ადრეული შუა საუკუნეების (IV საუკუნიდან) სამარხი, რომელშიც ოთხი კაცია დაკრძალული. მათ შორის ერთი ბავშვია, რომელსაც ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალა აქვს. ახლა დნმ-ით უნდა დავადგინოთ, სამარხში ბავშვის დედაა თუ არა დაკრძალული და თუ ასეა, ხომ არ არის რომელიმე უცხო გენეტიკის, რომელმაც ბავშვის თავის ქალის დეფორმირების წესი საკუთარი კულტურიდან მოიტანა და შვილს გარეგნობა ხელოვნურად შეუცვალა. არც ის არის გამორიცხული, ბავშვის დედა ადგილობრივი იყოს - ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალები ჩვენს უძველეს სამარხებში პერიოდულად გვხვდება. სავარაუდოდ, თავის ქალის ფორმის შეცვლის "მოდა" ჩვენში დროდადრო შემოდიოდა.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩვენში თავის ქალის ხელოვნური დეფორმაცია ჰუნებმა შემოიტანეს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ გვაქვს მტკვარ-არაქსის კულტურის დროინდელი (ძვ.წ. IV ათასწლეული) 50-60 წლის მამაკაცის ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალაც და შედარებით გვიანდელებიც. ეს წესი პერიოდულად ჩნდებოდა, ქრებოდა და მერე ისევ ბრუნდებოდა. ყველაზე ხშირი ადრეული შუა საუკუნეებიდან, ანუ IV საუკუნიდან ჩანს.

- რატომ აკეთებდნენ ამას ან როგორ? ეს მაშინ, როცა ბრტყელთავიან ბავშვებს დღესაც ვერ უხერხებენ თავის გასწორებას.

- მაგალითად, უნგრეთში, რომლის ტერიტორია სხვათა შორის, ჰუნებს ჰქონდათ დაკავებული, ბავშვებს ორი სახვევით უცვლიდნენ თავის ფორმას, ჩვენთან კი მხოლოდ ერთით. სახვევების მოჭერის კვალი ათასწლოვან თავის ქალებზეც კარგად ჩანს. თუ რატომ აკეთებდნენ, ეს ჩვენი ვარაუდით ეპოქის ესთეტიკის ნიშანია.

საერთო ჯამში კავკასიური ანთროპოლოგიის ნიშანი პროპორციულობით იყო გამორჩეული - ჩვენ ვიყავით საშუალო ან საშუალოზე მაღლები, გვქონდა პროფილირებული სახე, საშუალო ან დიდი თვალების ჭრილი და თხელი ტუჩები. ასე რომ, როდესაც გვეძახიან "კავკასიურ ნაციას" და მათ შორის, რუსებიც, ამ ერთიანობაში საკუთარ თავს უნდა მოვიაზრებდეთ და რაც მთავარია, უნდა ვამაყობდეთ კიდეც.