"აქ ჩემი გარეგნობა ბევრს აკვირვებს. ზოგი ქუჩაში მაჩერებს და ჩემთან ფოტოებს იღებს" - ბექა "თიჩა" საქართველოდან - კვირის პალიტრა

"აქ ჩემი გარეგნობა ბევრს აკვირვებს. ზოგი ქუჩაში მაჩერებს და ჩემთან ფოტოებს იღებს" - ბექა "თიჩა" საქართველოდან

"თუ ეტყვი, "გრუზია", მაშინვე სტალინს ახსენებენ... ამ ქალაქში ბევრი უცხოელი არ ცხოვრობს, ამიტომ ჩემი გარეგნობა ბევრს აკვირვებს"

27 წლის ქართველი სტუდენტი ბექა მამულაშვილი ჩინეთის ქალაქ ჩიჯოუში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. ამბობს, დროებით მაინც უნდა იცხოვრო სხვა ქვეყანაში, რათა მიხვდე, რა მაგარი სამშობლო გაქვსო. ბექა გეგმებზე, ჩინურსა და ქართულ რეალობაზე გვესაუბრა.

- საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. სამაგისტრო პროგრამის თემად საჯარო პოლიტიკა ავირჩიე, მერე აკადემიური ავიღე და ჩინეთში წამოვედი სამუშაოდ. რომც დამემთავრებინა მაგისტრატურა, კვალიფიკაციას მაინც ითხოვენ, თან ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში პროტექციის გარეშე ვერაფერს გახდები.

ჯობს.გე-ზე რაც სამუშაოები მიშოვია, იყო ონლაინკაზინოს თანამშრომელი ან ქოლცენტრის ოპერატორი. ვერ ვნახე ისეთი, რომელიც საშუალებას მომცემდა, ისე მეცხოვრა, ელემენტარული მოთხოვნილებები დამეკმაყოფილებინა.

ასე რომ, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ ჩამოსვლას ანაზღაურების გარდა, კიდევ ის პლუსი აქვს, რომ ჩინურს ვსწავლობ. საქართველოში ინგლისური ყოველმა მეორემ იცის, ჩინეთში კი შეიძლება ათიდან ერთმაც არ იცოდეს.

- რომელ ქალაქში ხართ? - ჩიჯოუ, ასე ჰქვია ქალაქს, სადაც ვმუშაობ და ვცხოვრობ, შანხაისთან ახლოს მდებარეობს. ჩიჯოუ პროვინციაა, ჩინელები კი მას პატარა ქალაქად თვლიან, თუმცა მოსახლეობის რაოდენობით მილიონ-ნახევარს აღემატება, თბილისზე დიდია და ცხოვრების დონითაც წინ არის.

ქალაქი ძალიან კარგად არის დაგეგმილი, ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია. ახალი რაიონებიც ემატება, ქალაქში შენობებს არავინ აშენებს. კორუფცია აქაც არის, მაგრამ ამის პარალელურად ყველაფერი კეთდება. უმრავლესობა, ასაკის მიუხედავად, ველოსიპედებითა და ელექტროსკუტერებით დადის. დასასვენებელი ზონები ყოველ ნაბიჯზეა, ქალაქი სუნთქავს, გამწვანებულია.

ძალიან მშრომელი ხალხია, დილით 6-ზე თუ 7-ზე ყველა ფუსფუსებს. სამაგიეროდ, ღამის 11 საათზე ყველას სძინავს. აქ ყველა ტელეფონში ჩატვირთული აპლიკაციის საშუალებით იხდის, ბაზარშიც კი. ჯერ არ მინახავს, სამუშაო საათებში ვინმე ლუდის ბოთლით ხელში ბოლთას სცემდეს ან უსაქმოდ დაიარებოდეს.

ერთი რამ არ მომწონს - ჭამის მანერა გამაღიზიანებელი აქვთ, თუმცა აქ ითვლება, რომ რაც უფრო ხმამაღლა დააწკლაპუნებ პირს, ესე იგი, ძალიან მოგწონს, რასაც მიირთმევ. ნამგალი და ურო, პროპაგანდა, ყოველ ნაბიჯზე გხვდება, თუმცა ხალხი ამაზე არ რეაგირებს, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.

- გულწრფელად სჯერათ კომუნისტური იდეების? - აქ ძალიან აპოლიტიკური გარემოა. ყველა თავის საქმეს აკეთებს. ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავთ დაუმუშავებელს.

ჩინეთში პედაგოგები დაფასებული არიან, უზრუნველყოფილი უფასო საცხოვრებლით. კომუნალურსა და საკვების ხარჯს თავად ვიხდი. ორივე იმდენად იაფია, შინ თითქმის არავინ ამზადებს საჭმელს.

- კერძებს როგორ შეეგუეთ? ამბობენ, ყველაფერს ჭამენ, რაც მოძრაობსო. - ეს მითია. ერთადერთ რესტორანში ვნახე დაბრაწული ბაყაყები, არც გველი მინახავს, არც ძაღლი და არც მაიმუნი.

ქართული გემოს რეცეპტორების პატრონს, აქაური სამზარეულო უგემურად მეჩვენება. ვერ ვხვდები, რატომ გიჟდებიან ჩინურ სამზარეულოზე. ჩაიც ხომ განთქმულია, მაგრამ ისიც არ მომწონს, ყველი არ არის, არც პური, მხოლოდ ტკბილ ფუნთუშებს აცხობენ. თუ პური მოგენატრა, თავად უნდა გამოაცხო. აქ პურის ნაცვლად ბრინჯს ჭამენ.

- საქართველოზე რა იციან? - თუ ეტყვი, "გრუზია", მაშინვე სტალინს ახსენებენ... ამ ქალაქში ბევრი უცხოელი არ ცხოვრობს, ამიტომ ჩემი გარეგნობა ბევრს აკვირვებს. ზოგი ქუჩაში მაჩერებს და ჩემთან ფოტოებს იღებს. ბავშვები მოდიან, ხელით მეხებიან. ჩინეთში თმიანი კაცი არ უნახავთ. მე კი... ხომ იცით, ქართველი როგორია - ხელებზე ბეწვებს მწიწკნიან.

მოსწავლეებს შევუყვარდი. ბექა თიჩას მეძახიან. მშობლების უმრავლესობა დიდ ქალაქებში მუშაობს და ბავშვებზე, ძირითადად, ბებია-ბაბუები ზრუნავენ. აქაც იშოვიან სამსახურს, მაგრამ უფრო დაბალანაზღაურებადს, ვიდრე მეგაპოლისებში.

- ალბათ, ბევრი გეპრანჭებათ... - აქაური გოგონები მორცხვები არიან. საქართველოში გოგოს რომ უთხრა, რა ლამაზი ხარო, რიგითი კომპლიმენტი იქნება და ამის გამო არც გაყვითლდება და არც გამწვანდება. აქ ასეთი რამ რომ უთხრა ვინმეს, თავს ვერ ასწევს.

- სწავლის მეთოდი როგორი აქვთ? - სკოლას თავისი მეთოდი აქვს. ვასწავლით კითხვებით, თამაშებით.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? - ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ ან სასეირნოდ დავდივარ. როცა დრო მაქვს, სადილს ვამზადებ. დღეს ლობიო მაქვს. ბებიაჩემს ვურეკავ და მიხსნის, რა როგორ მოვამზადო. ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი ბრიტანელია და ზოგჯერ ლუდის დასალევად გავდივართ ერთად. სახლის ახლოს მაღაზიაა და გამყიდველები უკვე მცნობენ, თბილად მომიკითხავენ ხოლმე.

ვერ წარმოიდგენთ, საქართველოში რამხელა პლუსია, როცა წყალი მოგწყურდება, ონკანს მოუშვებ და სვამ. აქ რომ ასე მოიქცე, საავადმყოფოში აღმოჩნდები. სასმელი წყალი ან უნდა იყიდო, ან შინ გაფილტრო.

- რა გეგმები გაქვთ? - შარშან ჩემთვის რომ ეთქვათ, ახლა ჩინეთში ვიქნებოდი, ბევრს ვიცინებდი. მომავალს ვერ დაგეგმავ, იმიტომ, რომ გეგმები სულ იცვლება. დამოუკიდებლად ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე. დროებით მაინც უნდა იცხოვრო სხვა ქვეყანაში, რათა მიხვდე, რა მაგარი სამშობლო გაქვს.