"უცებ ექიმი შემოვიდა პალატაში, გაბრიელი გასინჯა და ამბობს, ბავშვს კისტა აღარ აქვსო" - მამა სოგრატის სასწაულები - კვირის პალიტრა

"უცებ ექიმი შემოვიდა პალატაში, გაბრიელი გასინჯა და ამბობს, ბავშვს კისტა აღარ აქვსო" - მამა სოგრატის სასწაულები

"გაბრიელს სექტემბერში კისტა ძალიან გაუსივდა. ოპერაციამდე მამა სოგრატის საფლავზე მივედით, მისი კანდელიდან ზეთი ვაცხე, მერე წავედით საავადმყოფოში. იქ ანალიზები აუღეს, 10 წუთში იქნება პასუხები და საოპერაციოში შევალთო, გვითხრეს. უცებ ექიმი შემოვიდა პალატაში, გაბრიელი გასინჯა და ამბობს, ბავშვს კისტა აღარ აქვსო"

მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი განკურნა, ბრმას თვალი აუხილა, სარეცელს მიჯაჭვული ფეხზე დააყენა - ეს სასწაულები არქიმანდრიტ სოგრატის (ჭულუხაძის) სახელს უკავშირდება, რომელიც წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. მამა სოგრატი ამავე ტაძრის ეზოშია დაკრძალული. სასწაულის იმედით დღესაც მრავალი მორწმუნე დადის მის საფლავზე.

გაბრიელ კალანდაძის დედა ნატალია ვაშაკიძე სწორედ სასწაულს მიაწერს, რაც მისი 3 წლის გაბრიელს თავს გადახდა.

- მამა 8 წლიდან მამა სოგრატის პირადი მორჩილი იყო. როდესაც ავლაბარში, არამიანცის საავადმყოფოს ეზოში წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი გაიხსნა, მამას კაბა ჩააცვეს და კაბოსანი მორჩილი გახდა. მეც მამა სოგრატის თვალწინ გავიზარდე და მინახავს, რამდენი ადამიანი განუკურნია.

როდესაც ჩემი გაბრიელი დაიბადა, მამა სოგრატი საავადმყოფოში იწვა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 26 მარტს საკეისრო კვეთა უნდა გამეკეთებინა. მანამდე მამა სოგრატთან წავედი. ექიმს ვუთხარი, ისე არ წავალ აქედან, სანამ მამა სოგრატი თავზე ხელს არ გადამისვამს-მეთქი. შემიშვეს. ვუთხარი ჩემი ამბავი, დამლოცვა, გამომისტუმრა და იმ საღამოს, 19 მარტს ბუნებრივად მოევლინა ქვეყანას გაბრიელი. მანამდეც არაერთხელ და ავადმყოფობის ჟამსაც მითქვამს, მამაო, მალე გამოჯანმრთელდით, ხომ იცით, თქვენ უნდა იყოთ ჩემი შვილის ნათლია-მეთქი. სამწუხაროდ, გაბრიელის ნათლობის დროს, 29 მაისს, მამა სოგრატი ისევ საავადმყოფოში იწვა, თუმცა ნათლიად მოვიხსენიეთ. მამა სოგრატი 9 ივნისს, ამაღლებას გარდაიცვალა.

- გაბრიელს რა პრობლემა ჰქონდა?

- ზაფხულში, ბავშვს რომ ვაბანავებდი, საზარდულთან სიმაგრე შევამჩნიე. გამოვიკვლიეთ და 8 მმ ზომის კისტა აღმოაჩნდა. ოპერაცია გარდაუვალია, თუმცა შეიძლება სექტემბრისთვის გადავდოთო, მითხრა ექიმმა. ეს რომ გავიგეთ, გამუდმებით მამა სოგრატის საფლავზე დავდიოდით, შევთხოვდით, ოპერაციას კარგად ჩაევლო. გაბრიელს სექტემბერში კისტა ძალიან გაუსივდა. განვიცდიდი ჯერ მხოლოდ 3 წლის, როგორ გადაიტანდა ოპერაციას, სულ ვთხოვდი, მამაო, შეეწიე შენს ნათლულს-მეთქი.

ოპერაცია 15 ოქტომბერს დაინიშნა. ჯერ მამა სოგრატის საფლავზე მივედით, მისი კანდელიდან ზეთი ვაცხე, მერე წავედით დანიშნულ დროს საავადმყოფოში. იქ ანალიზები აუღეს, 10 წუთში იქნება პასუხები და საოპერაციოში შევალთო, გვითხრეს. უცებ ჩვენი ექიმი, პოკა (პოლიკარპე) დოლიძე შემოვიდა პალატაში, ბავშვი დააწვინა, კიდევ ერთხელ უნდა შევხედოო, გასინჯა და ამბობს, აღარ ისინჯება, ბავშვს კისტა აღარ აქვსო. როგორ, ოპერაციას არ ატარებთ-მეთქი? ექიმი კი გვიმეორებდა, რაც არა აქვს, რა ამოვაჭრაო?! რამდენიმე წუთში ექოსკოპიამაც აჩვენა, რომ ბავშვს კისტა აღარ ჰქონდა. გაკვირვებული მედპერსონალი გაბრიელის მდგომარეობის ძველ და ახალ მონაცემებს ადარებდა.

მინახავს მამა სოგრატის სხვა სასწაულებიც. მათ შორის კვეთებულის ლოცვით განკურნებულები. ერთხელ გოგონა მოიყვანეს შაბათის ლოცვის დროს. აგრესიული იყო, გაკავებული ჰყავდათ მამამისსა და მამაჩემს. გაიძახოდა, "я сатана". მამა სოგრატმა ლოცვის წაკითხვა რომ დაუწყო, მამაჩემს ისე მწარედ უკბინა ხელზე, ხორცი ამოჰგლიჯა. სასწაულ ხმებს გამოსცემდა. რამდენიმე ლოცვის შემდეგ კი გოგონა განიკურნა.

მამა სოგრატის საფლავთან დღესაც ბევრ ადამიანს ნახავთ, რაღაცას შესთხოვენ, ავედრებენ.

პოკა დოლიძე, გაბრიელის ექიმი: - სათესლე სადინარის კისტა, ანუ სპერმატოცელე - ასეთი იყო გაბრიელის დიაგნოზი. სერიოზული კისტა იყო, დაახლოებით სანტიმეტრამდე. ამ დაავადებას ახასიათებს, სათესლე სადინარს აწვება და ჯირკვლის ზრდას აფერხებს.

- გაბრიელის ოჯახის წევრები სასწაულს მიაწერენ კისტის გაწოვას. - სასწაული როგორ არ არის, თვითგანკურნება სახეზეა.

"მრავალი ასეთი სასწაულის მოწმე ვარ"

ნათელა ვაშაკიძე, ტაძრის ყოფილი გამგებელი: "მამა სოგრატს მარჯვენა ხელი ჰქონდა პარალიზებული და მე, როგორც სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი, მიმიყვანეს მასთან. მაშინ 23-24 წლის ვიყავი. მას მერე ხანდახან სადილი მიმქონდა, მერე კი გარდაცვალებამდე ვუვლიდი.

ერთხელ ახალგაზრდა ქალი მოიყვანეს, მეუღლესთან განშორებით გამოწვეული ნერვიულობის გამო მხედველობა დაკარგა. ვისთან არ მიუყვანიათ, მაგრამ უშედეგოდ. ტაძრის კართან იდგნენ, მე შევიყვანე მამა სოგრატის სალოცავ ოთახში. მესამე ლოცვისას უთხრა: "ნათია, გაიხედე, აბა, ვინ დგას აქო. მოიხედა და უი, დედაჩემიო, თქვა. სრულად განიკურნა. მერეც ხშირად დადიოდა ტაძარში. მრავალი ასეთი სასწაულის მოწმე ვარ".

მამა სოგრატი

"ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მქონდა ჩვენება, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა. ღვთის მადლით, მართლაც ბევრი იკურნება. კვეთებული უძლიერესი ლოცვაა, რომელიც IV საუკუნეში მოღვაწე მსოფლიო მნიშვნელობის მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა შექმნა. ამ ლოცვას მოძღვრისგან დიდი ენერგია მიაქვს.

ზოგჯერ ეშმაკი ადამიანში შედის, ბატონობს მასზე, მართავს, ალაპარაკებს, თავის ჭკუაზე ატარებს. ძალიან ვიღლები მათთან, ვინც ეშმაკისგან არის შეპყრობილი ან ჯადო აქვს გაკეთებული. მეუბნებიან, რომ ამ დროს სახეზე მიტკლისფერი მადევს. მყისიერად ისე ვითიშები, უცებ ძილი რომ მოგეკიდება ადამიანს და ჩაგთვლემს. მერე ისევ მიბრუნდება ენერგია და მეც განვაგრძობ ლოცვას"."

მამა სოგრატი (ჭულუხაძე) 1933 წლის 19 თებერვალს სოფელ ზემო აჩაბეთში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა ომში დაეღუპა. დედამ უფლის რწმენით აღზარდა დაობლებული შვილები.

სკოლის დამთავრების შემდეგ მცხეთის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. 1968 წლის 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის მაისში მღვდლად აკურთხეს. ამის შემდეგ დეკანოზის ხარისხშიც აიყვანეს, ხოლო ბერად აღკვეცის შემდეგ, 1975 წლის 30 დეკემბერს, არქიმანდრიტობა უბოძეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც თითქმის 3 ათეული წელი იმსახურა. 1979 წლის 26 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ერთგული სამსახურისთვის მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, 1982 წლიდან კი მცხეთისა და შიომღვიმის მთავარ ხუცესად დანიშნა. მამა სოგრატი მისივე სურვილით 2003 წლიდან თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, რადგან ამ ტაძრის დაარსება მის სახელს უკავშირდება.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სოგრატი 2016 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ამავე ტაძრის ეზოში.