დიეგო მარადონა: "2008 წელს საქართველოში ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა!"
დიეგო მარადონა: "2008 წელს საქართველოში ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა!"
ფოტო:თენგიზ სულაქველიძე და დიეგო მარადონა
2008 წლის 22 ოქტომბერს თბილისის­ აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა, რომ­ლითაც არგენტინელი ფეხბურთელი, ფიფა-ს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი დიეგო მარადონა თბილისში ჩამოვიდა. 5-დღიანი ვიზიტის ორგანიზატორი კულტურის, სპორტისა და საქმიან ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ნიკო პატარქალიშვილი გახლდათ. ჟურნალისტი­ ბესიკ ფიფია თავის წიგნში დეტალურად­ აღწერს ლეგენდარული ფეხბურთელის თბილისურ ვოიაჟს. "მაისურებით, ბურთ­ებით, ქაღალდის ნაგლეჯებით შეიარაღებული ქართველი ფანები­ მარადონას მოუთმენლად ელოდნენ".

18-საათიანი ფრენით დაღლილი "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მარადონას თხოვნით, ნომერში მინი-ბარიდან
ყველა ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს.

ლეგენდარული ფეხბურთელის ჩამოსვლიდან მეორე დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მან რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქ­სირა: "მე კარგად ვიცი, თქვენს ქვეყანაში რაც მოხდა და აქ ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა! საქართველოში­ თავს დიდებულად ვგრძნობ. გაუმარჯოს საქართველოს!"

საბჭოთა კავშირის
პერიოდში მარადონასთან თამაშმა რამდენიმე სახელოვან ქართველ ფეხბურთელს მოუწია, მათ შორის იყო თენგიზ სულაქველიძე.

- დიეგო მარადონას სულ 4-ჯერ შევხვდი - 1980, 1982, 1988 წლებში და უკვე თბილისში 2008 წელს. 1980 წელს არგ­ენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატაში გამა­რთულ მატჩზე არგენტინის ნაკრების კაპიტნის მეურვეობა დამევალა, ამოცანა დამისახეს, არა იმდენად მეთამაშა, არამედ ხელი შემეშალა მარადონას თამაშისთვის. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ძალების­ მობილიზება მოვახერხე და მოედანზე საბრძოლო განწყობით გავედი. მატჩი ფრედ დამთავრდა. მარადონა სასწაულებს ახდენდა მოედანზე, ასეთ ლეგენდარულ ფეხბურთელს მეორეს არ შევხვედრივარ. მეორე თამაში ბუენოს-აირესში გაიმართა და იმავე ანგარიშით დამთავრდა, მესამე თამაში - დასავლეთ ბერლინში­. მაშინ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონს 4:2 მოვუგეთ, თამაშის წინ, ალბათ, მარადონამ­ მიცნო, მხარზე ხელი დამკრა, რაღაც ესპანურად მითხრა, მაგრამ სიტყვების მნიშვნელობა ვერ გავიგე...

26 ოქტომბერს საქართველოსა და არგენტინის ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. თამაში 40 წუთით გვიან დაიწყო. ტრიბუნების მხოლოდ მეოთხედი იყო შევსებული, გულშემატკივრები კი სტადიონის გარეთ იყვნენ, 100 დოლარამდე ღირდა მატჩზე დასასწრები­ ბილეთი, მაშინ დიეგო მარადონამ განაცხადა, ხალხი უფასოდ შემოუშვითო და სტადიონის ყველა კარი გახსნეს. მატჩი 5:3, დიეგო მარადონას გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

თბილისში ვიზიტისას მარადონამ თავისი ოცნების შესახებაც ისაუბრა, არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა სურდა. საქართველოდან დაბრუნებისთანავე, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონომ მისი საოცნებო პოსტი შესთ­ავაზა. ეს თანამდებობა მას 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ დატოვა.

"იცით, რა ფეხბურთელი ვიქნებოდი, ნარკოტიკები რომ არ მიმეღო?"


დიეგო მარადონას ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე დიდი ხანია პრესაში წერენ, ამას თავად ფეხბურთელიც არ მალავს: "თავიდან ყველაფერი მხიარულად მეჩვენებოდა, სასიამოვნო შეგრძნებები მქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, მალე მთავრდებოდა, აი, ამ დროს მქონდა მოთხოვნა, რომ კვლავ ახლიდან მიმეღო ეს სასიამოვნო შეგრძნება და აღარ ვიცოდი, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვსულიყავი... საშინლად მახსენდება ის დრო, როდესაც ჩემი ქალიშვილები მოდიოდნენ და მთხოვდნენ, მათთან მეთამაშა, მე კი არ შემეძლო, რადგან არ ვიყავი ფხიზელი, ჩემი მეუღლე რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი","- იხს­ენებს მარადონა.

2014 წელს მარადონამ არგენტინულ პრესასთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება:L "53 წლის ვარ, მაგრამ 78 წლისას ვგავარ. ისე მეჩვენება, თითქოს უკვე ღრმად მოხუცი ვარ. ფეხბურთში კი ჩემი ავადმყოფობით უპირატესობას ვაძლევდი მეტოქეებს. იცით, რა ფეხბურთელი ვიქნებოდი, ნარკოტიკები რომ არ მიმეღო? უბრალოდ, წარმოუდგენელი დონის".

"ღვთის ხელი"


1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო მარადონამ ინგლისის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, პირველი გოლი - ხელით. მატჩის შემდეგ მარადონამ პრესას განუცხადა,"ეს ღვთის ხელი იყოო. ამ ამბავმა ინგლისში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, პრესამ კი ამ ეპიზოდს "ეშმაკის ხელი" შეარქვა. 22 წლის შემდეგ მარადონამ ბოდიში მოიხადა: "მინდა პატიება ვითხოვო იმ საქციელისთვის, რაც მოხდა". თბილისში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მარადონას სთხოვა: "შეიძლება ჩამოგართვათ ის ხელი, რომელსაც თქვენ"ღვთის ხელი უწოდეთ?" - მარადონას გაეღიმა და მარცხენა ხელი გაუწოდა ჟურნალისტს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?