"ყველა მეხანძრე გმირია" - კვირის პალიტრა

"ყველა მეხანძრე გმირია"

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

ამჯერად მეხანძრე-მაშველებზე უნდა გიამბოთ, ადამიანებზე, რომლებიც სხვათა გადარჩენას საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ. მეხანძრეები ამბობენ, ზოგჯერ დღე შეიძლება ისე გავიდეს, ერთი გამოძახებაც არ იყოს, ზოგჯერ კი დასვენებასაც ვერ ვახერხებთო. თურმე ცრუგამოძახებებიც არის. ეკიპაჟი გამოძახებიდან 45-47 წამში გადის. მეხანძრეებმა ამ დროში მომზადებაც უნდა მოასწრონ: წითელი ჩაფხუტი, მძიმე ჩექმები, ქამარი და ქამარში გარჭობილი ცული აუცილებელი ატრიბუტია. ამწე, 2 საბრძოლო ცისტერნიანი მანქანა, 1 სამაშველო და 1-იც ბატუტი სრულ მზადყოფნაშია.

"ცეცხლმოკიდებულ შენობაში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ..."

დავით გულბანი უკვე შვიდი წელია მეხანძრე-მაშველია. ამ პროფესიის არჩევა ადამიანების სიყვარულმა გადააწყვეტინა.

"ხელფასი რომ არ მჭირდებოდეს შეიძლება მუქთადაც მემუშავაო, ხუმრობს: "7 წელია აქ ვმუშაობ და ამ წლების განმავლობაში უამრავი რთული შემთხვევის მომსწრე გავხდი. 12 თებერვალს დღის 02:30 საათზე საბურთალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება და შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივედით. ძლიერი ხანძარი იყო. ხალხის ევაკუაცია ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა მაშიIნვე დაიწყეს. გამოვიყვანეთ დაშავებულები, ამის შემდეგ კი დაიწყო ყველაზე რთული პროცესი - გვქონდა ინფორმაცია, რომ მეორე სართულზე დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. ამ სართულზე კედელი ჩამოწვა და შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა, ამიტომ კედლების გამაგრებასა და სამაშველო ღონისძიებებს 5-6 საათი დასჭირდებოდა. ფიქრის დრო აღარ იყო, ვერც წყლის ჭავლს გამოვიყენებდით, წნევას შესაძლოა კედლები უფრო დაეზიანებინა და კონსტრუქცია ჩამოშლილიყო. ძლიერი დაკვამლიანების გამო ხილვადობა ძალზე შემცირდა, ავიღე ფარანი და დაუფიქრებლად შევედი შენობაში. სწრაფად ავირბინე კიბე და საიდანაც ბავშვების ტირილი მესმოდა, იქით წავედი. ქამრიდან ნაჯახი ამოვიღე და კარის მტვრევას შევუდექი. ვერ გეტყვით, რა დრო დამჭირდა მათთან მისასვლელად, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - უვნებლად გამომეყვანა პატარები და ქალი. კარი რომ შევამტვრიე, ქალს ბავშვები ჩაეხუტებინა და ლოცულობდა. პატარები ხელში ავიყვანე და ქალს ვთხოვე, ქამარს მოეჭიდეთ და გამომყევით-მეთქი. გარეთ ხელის ცეცებით გამოვაღწიეთ. ის იყო, სინათლეს თვალი გავუსწორეთ და შენობაც ჩამოინგრა.

ამ ამბის შემდეგ დიდხანს სულ ბავშვის ტირილი ჩამესმოდა ყურში. ყოველ გამოძახებაზე ღმერთს ვთხოვ, რომ იგივე არ განმეორდეს. ეს ყველაზე რთული იყო ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება... რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია ჩვენს სამსახურში მუშაობა, თუმცა მოქალაქეების მადლიერება ნამდვილად ღირს რისკად".

საოცრად ბედნიერი ვიყავი, რომ ვიღაცას დავეხმარე...

მოკლედ, ერთი დღით მეც მეხანძრე-მაშველი გავხდი. ის იყო, გავიფიქრე, რა სიმშვიდეა, იქნებ დღეს გამოძახება სულ არ იყოს-მეთქი, რომ რაცია ახმაურდა, წამის მეათასედში საგანგებო სიგნალიც ჩაირთო და ოპერატორმა კოორდინატები მიგვითითა. დანიშნულების ადგილს რამდენიმე წუთი გვაშორებდა, მაგრამ თითქოს დრო ზოზინით გადიოდა. როდესაც დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ, მღელვარებამ იმატა.""ცოცხლად ბიჭებო", - შესძახა ათმეთაურმა და მეც ჩემი ადგილი დავიკავე. საბარგულის კარი ჭრიალით გაიღო და მძიმე შლანგი გველივით გადმოიკლაკნა. მიუხედავად იმისა, ხანძრის არეალი არცთუ დიდი იყო, შეიძლებოდა მისი კერა კიდევ გაზრდილიყო. მეხანძრეებმა კერას მალევე მიაგნეს და ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ვითარება დისპეტჩერს მოვახსენე და დასტურის შემდგომ ოპერატორმა ბაზაში დაბრუნების ბრძანება გადმოგვცა. ხელსაწყოების ალაგებას შევუდექით, ყველაზე შრომატევადი შლანგის დაკეცვა აღმოჩნდა. აქამდე თუ ვჩქარობდით, ახლა შედარებით ნელა ვმუშაობდით. საოცრად ბედნიერი ვიყავი, რომ ვიღაცას დავეხმარე. მანქანაში ჩაჯდომისას დავითმა მითხრა, ხომ ნახე, ეს არის ბრძოლა ადამიანების გადარჩენისათვის, საიდანაც გამარჯვებული უნდა გამოხვიდეო.

ბაზაში დავბრუნდით, მეხანძრეები მილოცავდნენ პირველ გამარჯვებას ამ მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაში, მეც სიამაყით ვართმევდი ხელს.

"მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველმა არ დაიზიანოს თავი და შემდეგ უკვე შეძლოს სხვისი გადარჩენა"

რა უნარებს უნდა ფლობდე, რომ მეხანძრე-მაშველი გახდე? ამ საკითხებზე საგანგებო სიტუაციების მართვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს გიორგი ბუხნიკაშვილს ვესაუბრე.

- რამდენ ხანში ისწავლება მეხანძრე-მაშველის პროფესია?

- მსურველები სპორტულ ნორმატივებს აბარებენ და ადგილზე ამზადებენ, შემდეგ მეხანძრე-მაშველები ხდებიან.

- რა უნარებს უნდა ფლობდე, რომ მეხანძრე-მაშველი გახდე? - ჩვენის საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ადამიანი უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მეხანძრე იქნება. ეს პროფესიულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს.

- რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს პროფესია? - რისკები მაღალია და დროთა განმავლობაში იმატებს გარემო ფაქტორების გამო. მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველმა არ დაიზიანოს თავი და შემდეგ უკვე შეძლოს სხვისი გადარჩენა.

- რამდენად არის დაფასებული საქართველოში ეს პროფესია? - ვერ ვიტყვი, მეხანძრე და მაშველი ქართველ საზოგადოებას არ უყვარს-მეთქი. მუდმივად გრძნობენ ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ საზოგადოებას მეხანძრე-მაშველებზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, თუ რამდენს მუშაობენ და რამხელა რისკთან არის დაკავშირებული მათი საქმიანობა.

"ყველაზე ძლიერი ხანძარი კასპსა და "ბავშვთა სამყაროში" დაფიქსირდა"

რამდენი მეხანძრე იცავს ქალაქს სხვადასხვა სტიქიური უბედურებისგან, რამდენი ავტოცისტერნა ემსახურება და როგორია ხანძრები დონეების მიხედვით, ამის გასაგებად თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსს, ნოდარ ჭუმბაძეს ვესაუბრეთ:

- ყოველდღიურად 226, საგანგებო სიტუაციებში კი დაახლოებით 250 მეხანძრე ემსახურება თბილისს. მთლიანად თბილისში 678 მეხანძრე, 31 საბრძოლო ავტოცისტერნა და 7 სამაშველო ავტომობილია.

- წელიწადის რომელ დროს არის უფრო მეტი სტიქიური მოვლენა? - ყველა სეზონს თავისი სტიქიური უბედურებები ახლავს. ზაფხულს - ხანძრები, გაზაფხულს - წყალდიდობები, თუმცა, შედარებით წყნარი სეზონი მაინც შემოდგომაა.

- ყველაზე ძლიერი ხანძარი რომელი იყო თბილისში? - არსებობს დაბალი, საშუალო, მაღალი და მაქსიმალური ხანძრის ტიპები. ჩვენთან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მესამე დონის ხანძარი, კასპსა და "ბავშვთა სამყაროში" დაფიქსირდა. მესამე დონის ხანძრის დროს, თუ კონკრეტულ ლოკაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არის ავტოგასამართი სადგური ან სარკინიგზო მაგისტრალები, ევაკუაციას ვიწყებთ. მეორე დონის ხანძარში შედის საცხოვრებელი სახლები, საჯარო შენობები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები, სადაც მომუშავე პერსონალს საფრთხე ემუქრება, მაგრამ ხანძრის გავრცელების ნაკლები საშიშროებაა. პირველი დონის ხანძრები შედარებით უსაფრთხოა. ეს შეიძლება იყოს სანაგვე ურნების თუ სხვა მსგავსი ტიპის ხანძრები.

P.S. ჩვენმა მეხანძრეებმა ერთმანეთის გვერდში დგომის ფასი კარგად იციან, თუმცა ეს ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება. ყველა მეხანძრე გმირია - რისკი, რომელსაც ისინი თითოეული ჩვენგანისთვის სწევენ, ნამდვილად დასაფასებელია.

ზურა სოლომნიშვილი