"საელჩოდან რომ დამირეკეს და მითხრეს, აფთიაქში გერმანიის პრეზიდენტი უნდა მსტუმრებოდა, ხუმრობა მეგონა" - კვირის პალიტრა

"საელჩოდან რომ დამირეკეს და მითხრეს, აფთიაქში გერმანიის პრეზიდენტი უნდა მსტუმრებოდა, ხუმრობა მეგონა"

"ჩემს აფთიაქში ბევრი თანამდებობის პირი მოსულა სხვადასხვა ქვეყნიდან. გერმანიის პრეზიდენტის სტუმრობის შესახებ რომ მითხრეს, ძალიან გამიხარდა, რადგან ამ რანგის სტუმარი აქამდე არ გვყოლია..."

თუ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩას აუყვებით, შეგხვდებათ მწვანე აფთიაქი, სადაც მუდამ ხალხმრავლობაა. აფთიაქის კედელზე თვალსაჩინო ადგილას შემეცნებით-საინფორმაციო კუთხეა, რომელზეც გარდა აფთიაქის მფლობელის და ხელმძღვანელის, თენგიზ მაისურაძის პროვიზორ წინაპართა გენეალოგიური ხისა, აფთიაქის საპატიო სტუმრების ფოტოებსაც იხილავთ. ცოტა ხნის წინ ამ კუთხეს ახალი ფოტო შეემატა - მწვანე აფთიაქს "ჰერ და ფრაუ შტაინმაიერები ესტუმრნენ. ამ სტუმრობისა და სახელოვანი წინაპრების ტრადიციულ საქმიანობაზე თენგიზ მაისურაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- როდესაც გერმანიის საელჩოდან დამირეკეს და მითხრეს, მათი პრეზიდენტი უნდა მსტუმრებოდა, თავიდან ხუმრობა მეგონა.

- არ იკითხეთ, რატომ გაუჩნდათ სტუმრობის სურვილი? - ჩემს აფთიაქში ბევრი საპატიო და თანამდებობის პირი მოსულა სხვადასხვა ქვეყნიდან. ინფორმაციამ გერმანიის პრეზიდენტის სტუმრობის შესახებ ძალიან გამახარა, რადგან ამ რანგის სტუმარი აქამდე არ გვყოლია. ვფიქრობ, ამ ღონისძიების დაგეგმვისას გაითვალისწინეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის, გერმანისტ ვატო წერეთლის რეკომენდაციაც.

- სტუმრობამ როგორ ჩაიარა? - სტუმრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ, მეც სიამოვნებით ვპასუხობდი. მოკლედ ვუამბე ჩემი წინაპრების და ჩემი ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ; რომ ფარმაცევტ მაისურაძეების ყველა თაობა მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანელ კოლეგებთან. ბატონ პრეზიდენტს გავაცანი პარიზში 2006 წლის სექტემბერში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩემი აფთიაქისთვის მინიჭებული დიპლომი - "ოქროს ვარსკვლავი პროდუქციის ხარისხისთვის".

- მაინც რამდენი ხანია, რაც მაისურაძეთა თქვენი შტო სააფთიაქო საქმეს მისდევს? - ჩემი ქალიშვილი მანანა უკვე მეექვსე თაობაა, რომელიც სააფთიაქო საქმიანობას ეწევა.

ჩემი ბაბუის ბაბუას, სიმონ მაისურაძეს, ფარმაციის საფუძვლები ახალციხეში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებისგან შეუსწავლია. სიმონის უფროსი ვაჟი იოანე პირველი ქართველი გახლდათ, რომელმაც ფარმაციაში უმაღლესი განათლება მიიღო - მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი 1862 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ სოლოლაკში პროვიზორ კარლ შმიდტის აფთიაქში დაიწყო მუშაობა. 1865 წელს მან კავკასიის მეფისნაცვლისგან მიიღო ლიცენზია და სამაზრო ქალაქ ახალციხეში, რაბათში საკუთარი აფთიაქი გახსნა. მოგვიანებით ფილიალი აბასთუმანშიც აამოქმედა. იოანეს მემკვიდრეებმა, ანტონ და იოსებ მაისურაძეებმა, უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღეს. ანტონი ჯერ ახალციხის, შემდგომ კი თელავის აფთიაქის მმართველად მსახურობდა, ბაბუაჩემი იოსები კი ახალციხის აფთიაქის მეპატრონე და მმართველი იყო საქართველოს გასაბჭოებამდე. მამაჩემი ივანეც სხვადასხვა დროს ახალქალაქის, დმანისის, ბოლნისისა და ოჩამჩირის აფთიაქების მმართველი გახლდათ. როგორც ხედავთ, მეც ამ საქმის ერთგული ვარ.

- "მწვანე აფთიაქი" როდის აამოქმედეთ? - წელს მისი დაარსებიდან 30 წელი შესრულდა. 250-ზე მეტი დასახელების მცენარის, ნაკრებებისა და მცენარეული ზეთების დამზადება-რეალიზაციას ვეწევით.

- ყველა მათგანს თქვენ აწარმოებთ? - 80%-ს თავად ვაწარმოებთ, ნაწილი კი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. გვყავს ადგილობრივი დამამზადებლები, რომლებთანაც მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. ყველას არ ვენდობი, ადამიანი, ვისაც ამა თუ იმ მცენარის მოვლა-გამრავლებას ვუკვეთ, სუფთა და პატიოსანი უნდა იყოს.

25 წლის წინ ჩემი პარტნიორების, ქართულ-გერმანული ორგანიზაცია Kუნა Gეორგიკა-ს დახმარებით გერმანიიდან რამდენჯერმე ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, რომლებმაც ტრენინგები ჩაგვიტარეს. ცოდნასთან ერთად მათ ჩვენს დამამზადებლებს საჩუქრად ვერცხლის მაკრატლები გადასცეს, სიმბოლოდ იმისა, რომ სამკურნალო მცენარეები ვერცხლის მაკრატლით უნდა იჭრებოდეს.