"ჰესები რომც აშენდეს, ელექტროენერგიის ტარიფი მაინც გაიზრდება" - კვირის პალიტრა

"ჰესები რომც აშენდეს, ელექტროენერგიის ტარიფი მაინც გაიზრდება"

"კა-გე-ბემ ძალიან კარგად იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფოზე გავლენა მოიპოვო - მისი ენერგეტიკა უნდა ჩაიგდო ხელში ან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინო მასზე. ამიტომ დაიწყო ხუდონჰესისთვის ბრძოლა. პანკისის ამბავშიც, მგონი, ისევ რუსეთის ხელი ურევია"

"თუ არ გვინდა გაგვეზარდოს ტარიფი, ჰესები უნდა ავაშენოთ", - სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას ამ სიტყვებს საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა, მეორენი კი გამოსავლად ჰესების აუცილებლობას ხედავენ, წლიდან წლამდე ქვეყანა ვითარდება, მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და არსებული რესურსები ვეღარ ჰყოფნისო. ამ საკითხებზე სასაუბროდ დეპუტატს, ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო რევაზ, ეთანხმებით სემეკის ახალ ხელმძღვანელს, როცა ამბობს, თუ ჰესები არ აშენდა, დენის ტარიფი გაიზრდებაო?

- არ შეიძლება არ დაეთანხმო, რომ თუ ჰესები არ აშენდება, ადრე თუ გვიან, ტარიფი გაიზრდება. მეორე მხრივ, ჰესები რომც აშენდეს, ტარიფი მაინც გაიზრდება - ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენება ძვირი ჯდება და ამიტომ, სანამ ინვესტორი ჩადებულ თანხას დაიბრუნებს, ცხადია, ახალ ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროენერგია დღევანდელთან შედარებით ძვირი იქნება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმის თქმა, ჰესების აშენება იმოქმედებს გაძვირებაზეო, მთლად სწორი არ არის.

თუ ელექტროსადგურები ვერა, მაშინ რაღაც სხვა უნდა ავაშენოთ, რათა ეკონომიკა წინ წავიდეს. როდესაც იგივე ხალხი, ვინც ენერგეტიკის განვითარებას ეწინააღმდეგება, ითხოვს პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების ხელფასები გაიზარდოსო, ამბობს, ჯარის შენახვა ძვირი ჯდებაო და ა.შ., რატომ არ ფიქრობს, რითი უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები, თუ ბიუჯეტში საჭირო თანხები არ იქნება?! - ბიუჯეტის წყარო ეკონომიკაა, ეკონომიკის ზრდის წყარო კი ენერგეტიკა.

ენერგეტიკის გაჩერება ქვეყნის პარალიზებას იწვევს. ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ ხალხის მოთხოვნებს ავყვებით - ჩემი აზრით, არაჯანსაღსა და არასწორს, მაშინ ავაშენოთ თბოელექტროსადგურები, მაგრამ არც ამის სახსრები გვაქვს, ეგეც იმპორტით უნდა შემოვიტანოთ. გინდ ელექტროენერგია შემოგვიტანია, გინდ გაზი, დიდი სხვაობა არ არის. თუმცა ელექტროენერგიის შემოტანა ნაკლებად სასარგებლოა ქვეყნისთვის, რადგან თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე შენი ქვეყნის მოქალაქეებს დაასაქმებ და აქ წარმოებული ელექტროენერგიაც შეიძლება ნაკლები დაგიჯდეს, ვიდრე იმპორტირებული.

მეორე მხრივ, არც ეს არის კარგი - გარემოს აბინძურებ გამონაბოლქვით.

- კალაძის ქარის ელექტროსადგურები გამახსენდა. - შეუძლებელია საქართველოში მზემ და ქარმა მოგვიგვაროს ენერგეტიკული პრობლემები.

- მაგალითად, გერმანიაში ქარის ელექტროსადგურები მრავლადაა. - ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ მერკელმა გამოაცხადა, 2022 წლისთვის ატომურ ელექტროსადგურებს დავხურავთო. 2018 წლისთვის, გლობალური დათბობიდან გამომდინარე, გერმანიაში გადაწყვეტილი იყო ნახშირის ელექტროსადგურების გაჩერება, მაგრამ ცხადი შეიქნა, რომ ქარის ელექტროსადგურები ვერ ამართლებს და არც ატომური ელექტროსადგურების გაჩერება შეიძლება, ამიტომ იძულებული გახდნენ, ზოგი უკვე გაჩერებული ნახშირის ელექტროსადგური თავიდან აემუშავებინათ.

დავუბრუნდეთ საქართველოს - თუ ელექტროსადგურის და თბოელექტროსადგურის არა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის ამოქმედებაზე. ეს ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო სადგურია, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი კატასტროფებისგან, როგორიც ჩერნობილში ან ფუკუსიმაზე დატრიალდა.

- როგორც ენერგეტიკოსს, რა გადაწყვეტილება მიგაჩნიათ სწორად?

- მხარს ვუჭერ მხოლოდ ისეთი ჰიდროელექტროსადგურების აშენებას, რაც ეკონომიკურად ეფექტიანი და ეკოლოგიურად მისაღებია. წესით, ჰიდროელექტროსადგურების პროექტირების დროს ყველა ზიანი, რაც შეიძლება მოიტანოს ამ სადგურმა, აუცილებლად უნდა იყოს კომპენსირებული.

- ჰესების მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერნი ცდილობენ აპოკალიფსურად წარმოაჩინონ სიტუაცია. - დადგენილია, რომ მხოლოდ ნახევარ კილომეტრზე დაახლოებით 1-1,5%-ით იცვლება ტენიანობა, ქარის მიმართულება და სიჩქარე კი არ იცვლება.

ჩვენთან არც ერთი საერთაშორისო კლასიფიკაციის დიდი სადგურის მშენებლობა არ იგეგმება. ერთადერთი ენგურჰესია დიდი, რომლის სიმძლავრე 1 300 მეგავატია, დანარჩენები საშუალო სიმძლავრისაა. ხომ ნახეთ, პატარა ჰესზე რა ამბავი ატყდა პანკისში, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ ზეგავლენას ის არ მოახდენდა.

- არსებობს ვარაუდი, რომ ეს პროცესები მართულია. - 80-იანი წლების ბოლოს ამ პროცესებს რუსეთი მართავდა. კა-გე-ბემ ძალიან კარგად იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფოზე გავლენა მოიპოვო - მისი ენერგეტიკა უნდა ჩაიგდო ხელში ან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინო მასზე. ამიტომ დაიწყო ხუდონჰესისთვის ბრძოლა. პანკისის ამბავშიც, მგონი, ისევ რუსეთის ხელი ურევია. ამერიკამ გამოაცხადა, ამერიკის მოქალაქეები სადაც უნდა იყვნენ, დავიცავთო და ცოტა ხნის მერე იგივე გამოაცხადა რუსეთმა.

პანკისის ხეობაში ბევრი რუსეთის მოქალაქეა და ვფიქრობ, ამიტომაც ხომ არ ააგორეს ეს ამბავი, რომ შემოსვლის მიზეზი გამხდარიყო. მარტო პანკისში კი არა, ბოდორნაზე რამხელა წინააღმდეგობა გაუწიეს.

თუ ასე წავიდა საქმე, დაახლოებით 5 წელიწადში მძიმე სიტუაცია შეიქმნება. ყოველწლიურად იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა, რადგან მოთხოვნილების ზრდას ვერ მიჰყვება გენერაცია. ამიტომ უნდა მივიღოთ ზომები, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ცნობიერებას ავამაღლებთ.