"აღარც მახსოვს, რამდენი წელია, ერთად ვართ, მაგრამ რომ ვართ, ბედნიერი ვარ" - კვირის პალიტრა

"აღარც მახსოვს, რამდენი წელია, ერთად ვართ, მაგრამ რომ ვართ, ბედნიერი ვარ"

მათ შესახებ უცხოეთში უფრო იციან, ვიდრე საქართველოში. უცხოელი ტურისტები ვერ შეთანხმებულან, რომელი უფრო ხიბლავთ - 80 წელს მიტანებული მშვენიერი ირა ჩარქსელიანი თუ მისი მეუღლე, ენამოსწრებული პოლიგლოტი (ყველა ტურისტთან მათ ენაზე საუბრობს) ბუთული ხარძიანი.

უცხოურ მედიაში მათ "სვანეთის ელჩებს", "ყველას ბებოს და ბაბუას", "საოცარ ადამიანებს" უწოდებენ. გადის დრო და უცხოელები კვლავ ბრუნდებიან სვანეთის და სოფელ კალის მკვიდრი ტკბილი წყვილის სანახავად, ზოგჯერ საქართველოში წამომსვლელ ნაცნობ ტურისტებს ატანენ პრესას, სადაც ჩარქსელიანისა და ხარძიანის შესახებ წერენ. ფოტოებს, რომელსაც საგანგებოდ უღებენ, ჩარჩოში სვამენ და გულითად მოკითხვასთან ერთად უგზავნიან.

- აღარც მახსოვს, რამდენი წელია, ერთად ვართ, მაგრამ რომ ვართ, ბედნიერი ვარო, - ამბობს ბუთული ხარძიანი. ამ დროს ისეთი თვალებით უყურებს ირა, თითქოს წლები არც გასულა, სიყვარული შეჩვევაში არ გადასულა და ისევ ის, ერთმანეთის თავდავიწყებით მოტრფიალე ბიჭი და გოგო არიან

მათ შესახებ უცხოეთში უფრო იციან, ვიდრე საქართველოში. უცხოელი ტურისტები ვერ შეთანხმებულან, რომელი უფრო ხიბლავთ - 80 წელს მიტანებული მშვენიერი ირა ჩარქსელიანი თუ მისი მეუღლე, ენამოსწრებული პოლიგლოტი (ყველა ტურისტთან მათ ენაზე საუბრობს) ბუთული ხარძიანი.

უცხოურ მედიაში მათ "სვანეთის ელჩებს", "ყველას ბებოს და ბაბუას", "საოცარ ადამიანებს" უწოდებენ. გადის დრო და უცხოელები კვლავ ბრუნდებიან სვანეთის და სოფელ კალის მკვიდრი ტკბილი წყვილის სანახავად, ზოგჯერ საქართველოში წამომსვლელ ნაცნობ ტურისტებს ატანენ პრესას, სადაც ჩარქსელიანისა და ხარძიანის შესახებ წერენ. ფოტოებს, რომელსაც საგანგებოდ უღებენ, ჩარჩოში სვამენ და გულითად მოკითხვასთან ერთად უგზავნიან.

მოხუცები შემთხვევით გავიცანი, როდესაც უშგულიდან ემოციებითა და ხეტიალით დაქანცული კალაში შევჩერდით. მდინარის პირას ჩამოვსხედით, ჩემს მეგობარს გულმა მოპირდაპირე მხარეს, ხანში შესული წყვილისკენ გაუწია, მივყევი და...

ირა ბებოს და ბუთული პაპას სახლი გზის პირას დგას. მდინარესთან პატარა ჯიხური აქვთ, სადაც ყველაფერს ნახავთ, რაც გზად გამვლელ ტურისტს შეიძლება დასჭირდეს. თუმცა ჯიხურში რაც აქვთ, იმასთან რა მოსატანია, რასაც გულით და თვალებიდან აფრქვევენ - აგრესიამომატებულ სამყაროში რომ თითქმის სანატრელი გახდა, იმ სიყვარულს, სტუმართმოყვარეობასა და სიყვარულს წააწყდებით, რომელიც არსად, არც ერთ ჯიხურსა და მარკეტში არ იყიდება.

- რა ლამაზი ხართ, ბებო, ალბათ, ახალგაზრდა თავგზას უბნევდით ამ ბიჭს, - ვუთხარი ქალბატონ ირას და ბატონ ბუთულის გავხედე. ისიც არ დაიბნა და დაიწყო:

- იცით, როგორ იყო ეგ ამბავი? ირა უშგულელია. ჰოდა, ვიღაცას, ჩემი ცოდვით სავსეს, ჩემი ფოტო აუტანია უშგულში, იქაური გოგოები გადაურევია და ერთ-ერთი გადარეული, ჩემი ირა, გულში ჩახუტებული ჩემი ფოტოთი ტირილ-ტირილით გამოჰყოლია გზას. გაოცებული ხალხი აჩერებდა, თურმე ცდილობდნენ დახმარებოდნენ, ეს კი ჩემს ფოტოს აჩვენებდა ყველას, ამ ბიჭს ვეძებო. მომადგა კარზე და რას ვიზამდი, უკვე ღამდებოდა და უშგულში დაბრუნდი-მეთქი, ხომ ვერ ვეტყოდი? ღამით მგელი იცის ამ გზებზე და დავიტოვე ჩემთან.

ბუთული პაპას შეთხზულ ზღაპარს მხიარული სიცილი მოჰყვა. ეს ზღაპარი უყვართ შვილებს, შვილიშვილებს, სტუმრებს, ყველას, ვინც თუნდაც ერთი საათით ნახულობს მათ. ზღაპარს მაშინვე მოაყოლებს ბუთული, ხუმრობა იქით იყოს და, აღარც მახსოვს, რამდენი წელია, ერთად ვართ, მაგრამ რომ ვართ, ბედნიერი ვარო. ამ დროს ისეთი თვალებით უყურებს ირა, თითქოს წლები არც გასულა, სიყვარული შეჩვევაში არ გადასულა და ისევ ის, ერთმანეთის თავდავიწყებით მოტრფიალე ბიჭი და გოგო არიან.

30 წლის წინ, როგორც ბევრი კალელი, ისინიც გარდაბანში ეკოლოგიური პრობლემების გამო გადასახლებულან. 8 წლის წინ კი ისევ დაბრუნებულან. სახლს ვაშენებთ, ვაშენებთ, მაგრამ ვერ დავასრულეთო. ბუთული ისევ ხუმრობს, ირა ხომ უშგულელია, მაგათ შენება არ იციან და სხვისიც არ ესმითო. ისევ ღიმილი, სიცილი, მერე უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი ჩერდება და ცოლ-ქმარს ეხვევიან, ეფერებიან, ხუმრობენ, იცინიან და რწმუნდები, რომ ისინი მართლა ყველას ბებო და პაპა არიან და უშგულისკენ ამვლელს ან უკან მომავალს სიყვარულის გაკვეთილს უტარებენ, ისე, უბრალოდ, უშუალოდ და დიდრონი კოშკებისგან მოგვრილი ემოციით სავსეს, კიდევ იმდენს გიმატებენ, რომ დაფრინავ და სულ გახსოვს ორი წყვილი სიყვარულით სავსე თვალი.

- სევდიანია ზამთარი. გაზაფხულის, ხალხის მოლოდინში ვცხოვრობთ, გვიხარია, ბევრ ხალხს რომ ვხედავთ, ვლაპარაკობთ, მარტოობას არ ვგრძნობთ. თუმცა სევდიანი მონატრება კი არის, კიდევ ერთი წლით რომ დავბერდებით, კიდევ მეტად რომ მოგვერევა დროო, - თქვა ირა ბებომ დამშვიდობებისას.

არადა, სიყვარულს დრო ვერ ერევა, სულ არის.