"სახის" ბიჭის მრავალსახოვანი პორტრეტი - კვირის პალიტრა

"სახის" ბიჭის მრავალსახოვანი პორტრეტი

"სიმღერის დაწერიდან 5 წლის შემდეგაც ვფიქრობ, რომ მიშა ძალიან მაგარია!"

არც პრესსამსახური, არც ოფიციალური მიმართვა... აი, ასე, გადავწყვიტე და პირად ნომერზე დავურეკე.

მეორე ზუმერის შემდეგ მიპასუხა.

გამიკვირდა, მინისტრია, ბოლოს და ბოლოს!

ყურადღებით მომისმინა და...

მეორე დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსკენ გავეშურე. საცობში გაჩხერილმა გზიდან კიდევ ერთხელ დავრეკე და... მორიგი გაოცება: "დიახ, სალომე!"

ნომერი ჩაუნიშნავს. "ყურადღებიანია, როგორც ჩანს", - ვფიქრობ.

სამინისტრო. ლიფტი. მე-4 სართული. კარი ერთი, მეორე, მესამე... - აბრებზე ჩემთვის უცნობი გვარებია ამოტვიფრული. დერეფნის ბოლოს წარწერა: "მინისტრი გოგა ხაჩიძე".

კაბინეტი მყუდროა და უჩვეულოდ სადა. ერთ კედელზე პატარა საქართველოს უზარმაზარი რუკაა, მეორეზე - გიგანტური გერბი, მესამეზე  პორტრეტი შევნიშნე - პრეზიდენტის, მეოთხეზე კი - ვაჟა-ფშაველასი.

- პრეზიდენტი გასაგებია, მაგრამ ვაჟა რატომ? - ვეკითხები.

- პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლოა, ვაჟა კი... გარემოს დაცვის რელიგია რომ არსებობდეს, ვაჟა-ფშაველა ღმერთი იქნებოდა. გენიალურია...

დილაა.

- ისაუზმე? - მეკითხება.

- ვერ მოვასწარი.

- წავედით...

სამინისტროს ბუფეტში შევდივართ. როგორც ჩანს, აქ ხშირად სადილობს - მენიუსაც კარგად იცნობს და მომსახურე პერსონალსაც.

- უკვე ერთი წელია, ხორცს არ ვჭამ.

- მარხვას იცავთ?

- არა.

- არც ეკლესიაში დადიხართ?

- ვერ ვახერხებ.

- ღმერთის გწამთ?

- ძალიან ინტიმური თემაა, - მშვიდად მპასუხობს და ვთანხმდებით - სამ თემაზე არ ისაუბრებს:

რელიგიაზე;

ოჯახზე;

ომზე.

კანონმორჩილია - არ არსებობს  პუნქტი, რომელსაც შინაგანად მაინც აპროტესტებდეს და არ ეთანხმებოდეს. თუმცა, ზოგიერთს, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ იყენებს, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას. ამის უფლებას თანამდებობა არ აძლევს. ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს კანონით მინიჭებული შემოქმედებითი თავისუფლება - ქმნის მუსიკას, წერს სიმღერებს, ფოტო და ვიდეოკამერით იღებს ყველაფერს, რაც მოსწონს და აინტერესებს.

პოლიტიკაში წასვლა ზურაბ ჟვანიას რჩევა  და გოგა ხაჩიძის არჩევანი იყო. "წამოდი, შენნაირი ხალხი პოლიტიკას სჭირდებაო, მითხრა. იმ დროს "სახეში" ვმღეროდი და ტელევიზიაში ვმუშაობდი.  საქართველოს დატოვება და საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ჟვანიას წინადადების შემდეგ გეგმები შევცვალე"...

პოლიტიკური მოღვაწეობა "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებითა და მისი ხელმძღვანელობით დაიწყო, მერე გამგეობაში გადაინაცვლა. შემდეგ დააწინაურეს - ჯერ მცხეთა-მთიანეთის, მერე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობები დაიკავა. ორი წელი და ერთი თვეა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს.

-  ყოფილი ცნობილი მომღერალი მოიყვანეს და დასვეს თანამდებობაზეო, ხშირად უთქვამთ. თან ცინიზმით... "ყოფილი მომღერალი"... ჰმ! (ეღიმება) არადა, პროფესიით ბიოლოგი ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ განვვლე გზა აქამდე მოსასვლელად, დიდი გამოცდილებაც მივიღე...(?!)

თანამდებობამ ბევრი რამ შეცვალა მასში - გაცილებით მეტის მოთმენა უწევს.

- ამბობდნენ, ხანძარს ტყეებში ხაჩიძე აჩენსო. ამაზე არც ღირს პასუხის გაცემა. ცილისწამებაზე გაცილებით მძიმე მოსათმენი შეურაცხყოფაა. ასეთი შემთხვევაც ხშირად ყოფილა, საჯაროდაც კი...

- მთავრობის სხდომებზე მინისტრებზე პრეზიდენტის არაკორექტულ გამონათქვამებს ხომ არ გულისხმობთ?

- პრეზიდენტიც ჩვეულებრივი ადამიანია. ემოციური ხალხი ვართ, ყოველთვის შეიძლება, შეუფერებელი ფრაზები ვთქვათ...

- როგორი ურთიერთობა გაქვთ პრეზიდენტთან?

- ძირითადად ოფიციალურ გარემოში ვხვდებით. პრეზიდენტზე სიმღერის დაწერიდან 5 წლის შემდეგაც ვფიქრობ, რომ მიშა ძალიან მაგარია! არც ერთხელ არ შემპარვია ამაში ეჭვი, ბრმაც არა ვარ... იცით, რა? გაცილებით მეტ კარგს ვიტყოდი, მინისტრი რომ არ ვიყო. ამას საზოგადოება სხვაგვარად გაიგებს, ამიტომ, როცა თანამდებობას დავტოვებ, ყველაფერს ვიტყვი...

დროა, სამინისტრო დავტოვოთ.

მინისტრი ხაჩიძე მცხეთის რაიონში წყალსაცავი ზოლის მოსანახულებლად მიდის. მეც მივყვები. მის ჯიპს გამჭვირვალე მინები აქვს.

KvirisPalitra.Ge- როგორ, თანამდებობის პირსაც ეხება ახალი კანონი? - ვეკითხები.

- არა, მე მაქვს უფლება, დამუქებული მინებით ვიარო, მაგრამ საკუთარი სურვილით ავაძვრე მინებს საბურველი. ვის დავემალო?

- არც პირადი დაცვა გყავთ...

- ვფიქრობ, დაცვა არ მჭირდება.

- სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელიც ხართ...

- ჰო, ფეისბუქზე მაქვს ჩემი პროფილი. ვიცი, ყოველ ჩემს აქტივობას ათასობით ადამიანი ხედავს, აკონტროლებს... იქაც გულწრფელი ვარ - ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, განვიცდი... ამას კანონი არ მიკრძალავს. ფსევდონიმით  დარეგისტრირებას არ ჯობს, გოგა ხაჩიძე ვიყო?

დიღომში ლაპარაკს წყვეტს და გარეთ მიმითითებს: - ნახეთ, რამდენი ახალი ხე დავრგეთ...

მინისტრობამდე მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა. გოგა ხაჩიძე საზოგადოებამ "სახით" გაიცნო, თუმცა თავად მრავალსახოვანი იყო. სურამის სკოლა მედალზე დაამთავრა, სტუდენტობისას კი სწავლაზე მეტად სხვა საქმეებით იყო დაკავებული. იყო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრიც. შემდეგ მათმა გუნდმა "იბერვიზიაში" წამოიწყო გასართობი გადაცემა "პარანოია". იმავე გუნდმა ჩამოაყალიბა "რადიო 105". გოგა რადიოს სარეკლამო სამსახურში მუშაობდა, ამავე დროს რამდენიმე პერსონაჟს ახმოვანებდა; საჩხერის გადასახვევთან იჯარით აიღო ავტოგასამართი სადგური, რომელსაც მხოლოდ შაბათ-კვირას ამუშავებდა, საწვავსაც კი თავად ასხამდა.

მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, საზოგადოებრივ არხზე აკეთებდა გადაცემას "სამხედრო-პატრიოტული ალმანახი" - წამყვანი იყო, ითავსებდა ოპერატორობასაც. ჯგუფი "სახე" დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, თუმცა შალვა რამიშვილთან დამეგობრებისა და ახლობლობის შემდეგ ის სხვა "სახე" გახდა - პირველი ქართული თანამედროვე ჯგუფი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, ფანებმა ლამის "სახის" კულტი შექმნეს. ამ წარმატებას გოგა შალვას პროდიუსინგს უკავშირებს.

შალვა და გოგა... გოგა და შალვა. იმ დროს ხაჩიძეს უკვე ცოლი ჰყავდა, დამეგობრებულმა რამიშვილმა კი გოგას ცოლისდა შეირთო.

მოგვიანებით ბევრი რამ შეიცვალა. ქვისლებს განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდათ, მერე კი.... როცა გოგა ხაჩიძე უკვე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი იყო, შალვა რამიშვილი ციხეში აღმოჩნდა.

KvirisPalitra.Geსამი შვილი ჰყავს - 15 წლის, სამწლინახევრის და... სამის

- ეგ როგორ?

- აი, ასე, ჩვეულებრივად. ქორწინებიდან ორი შვილი მყავს, მერე აღარ დავქორწინებულვარ. უდროობის გამო ვერ ვახერხებ შვილებისთვის კარგი მამა ვიყო.

საუბარს კვლავ წყვეტს და ისევ გარეთ მიმითითებს, - ნახეთ, რამდენი ნაგავი ყრია, - მერე მოულოდნელად მეუბნება:

- სხვათა შორის, შორენა ბეგაშვილს ორასლარიანი ჯარიმა დავაკისრეთ. რამდენიმე დღის წინ შვეულმფრენიდან დასახლებულ პუნქტში ფლაერები გადმოყარა და გარემო დაანაგვიანა.

- შორენა ხომ ბევრი მამაკაცისთვის სასურველი ქალია... ამის გამო მაინც არ დაინდობთ? - ვცდილობ, ვიხუმრო.

- რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ქალია!

- ჰო, მაგრამ... არ მოგწონთ?

- არ მიფიქრია შორენაზე, როგორც ქალზე...

- ბოლოს რა წაიკითხეთ?

- ახლა მონტესკიეს "კანონთა გონს" ვკითხულობ. საინტერესო და სასარგებლო წიგნია, თუმცა დიდი ხანია, ვკითხულობ.

მანქანაში მუსიკა გამორთულია.

KvirisPalitra.Ge- რას უსმენთ?

- ყველაფერს. ახლავე მოგასმენინებთ.

მუსიკას რთავს. დისკიდან დისკზე გადადის, სიმღერიდან - სიმღერაზე; აღმოჩნდა, რომ მართლა ყველაფერს უსმენს - ინდურ მუსიკასაც, კუხიანიძის შემოქმედებასაც.

ბოლოს ერთ მელოდიას რთავს და ჩუმდება. მასმენინებს. ვხვდები, რომ მისი დაწერილია.

სიყვარულზეა, ვხვდები...

- მოდი, სიყვარულზე არ ვილაპარაკოთ, - ისევ ღიმილით ამბობს.

მერე მიმხელს, რომ განსაკუთრებულად უყვარს პარაპლანით ფრენა. ეს მისი ჰობია.

ყველაზე მეტად დროს ნატრობს. ფიქრდება. მერე კი კმაყოფილი გამომეტყველებით მიყვება:

- მომავალი ასე წარმომიდგენია: მეცნიერება განვითარდება და შევძლებ, ორი კლონი მყავდეს. ვიქნებით სამნი: ერთი გაერთობა, მეორე დაიძინებს, მესამე კი იმუშავებს. შევცვლი ხოლმე, რვა საათი ვიმუშავებ, რვა საათი დავიძინებ, რვა საათი კი გავერთობი.

ერთმანეთს ვემშვიდობებით. მივუბრუნდი და მოულოდნელად ვკითხე:

- ერთი სიტყვით მითხარით, როგორი ხართ?

- თითქმის უნიკალური. თითქმის იმიტომ, რომ ჯერ ცოცხალი ვარ.