"კარგია, რომ მეუფე იაკობმა გადადგომის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რადგან ეს საკითხი ალბათ, სინოდის დღის წესრიგში დადგებოდა" - კვირის პალიტრა

"კარგია, რომ მეუფე იაკობმა გადადგომის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რადგან ეს საკითხი ალბათ, სინოდის დღის წესრიგში დადგებოდა"

თავად რომ არ მიეღო გადაწყვეტილება, ეს საკითხი ალბათ, სინოდის დღის წესრიგში დადგებოდა, - ასე ეხმაურება პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მეუფე იაკობის გადაწყვეტილებას, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია.

როგორც მეუფე ანანიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია და მეტყველების სტილი მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

“ახლა გავიგე, ამ წუთას, მეუფე იაკობის გადადგომის შესახებ. კარგია, რომ ასეთი გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. ნამდვილად ძალიან კარგია. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თავად რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, ეს საკითხი, ალბათ, სინოდის დღის წესრიგში დადგებოდა. როდის გაიმართება სინოდის სხდომა ჯერ არ ვიცი, ველოდები რომ ჩაინიშნება. ისეთი საკითხები გააჟღერა მეუფე იაკობმა, რომ ეს არის საერო საკითხები, ერის წარმომადგენლებს ეხება და ამიტომაც ამ საკითხით საერო სამართალი უნდა დაინტერესდეს. რაც შეეხება განცხადებას, როდესაც ვნახე ეს იყო ჩემთვის შოკი, წარმოუდგენელი იყო შინაარსიც და მეტყველების სტილიც“, - განაცხადა მეუფე ანანიამ.

"ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რა სახის უფლებამოსილებების განხორციელება აღარ მოუწევს მეუფე იაკობს, ქორეპისკოპოსის თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეუფე ანანიამ შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა:

"იაკობი მეუფედ რჩება, ქორეპისკოპოსი პატრიარქის დამხმარეობას ნიშნავს. ის ეხმარებოდა პატრიარქს თბილისში, ახლა მხოლოდ თავის ეპარქიაში იქნება, სადაც არის და დავალებებს პატრიარქისგან აღარ მიიღებს“, - განაცხადა მეუფე ანანიამ.

იხილეთ ასევე: მეუფე იაკობი: "ქორეპისკოპოსობიდან გადავდექი"

"ინტერპრესნიუსი"