სიყვარულით მოქსოვილი თოჯინების გამოფენა - კვირის პალიტრა

სიყვარულით მოქსოვილი თოჯინების გამოფენა

ვირტუალურ ურთიერთობებს სიკეთის მოტანაც შეუძლია

ერთი ციდა კომპიუტერში ჩატეული საქართველო

ბოლო ხანს ფსიქოლოგებიც და მოქალაქეებიც ბევრს ლაპარაკობენ სოციალური ქსელების მავნე ზემოქმედებაზე. ამბობენ, რომ ინტერნეტურთიერთობა ბევრს რეალობის შეგრძნებას აკარგვინებს; ასეთი ადამიანები იმდენად ეჩვევიან წარმოსახვით სამყაროს, რომ ჩაისაც კი სოციალურ ქსელში ერთმანეთთან სტუმრობის დროს ვირტუალურად სვამენო.

ქართველი ემიგრანტები სულაც არ ეთანხმებიან სკეპტიკურად განწყობილ ფსიქოლოგებს. ბევრი მათგანისგან მსმენია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველები მომქანცველი სამუშაო დღის ბოლოს სიხარულით მიიჩქარიან შინისაკენ, რათა კომპიუტერს მიუსხდნენ და... ფეისბუქით ხომ შეუძლიათ დაუმეგობრდნენ ყველაზე ცნობილ ან ნაკლებად ცნობილ ქართველებს, განურჩევლად პროფესიისა;

KvirisPalitra.Geგაეცნონ სიახლეებს მათ ცხოვრებაში; თითქმის პირველებმა წაიკითხონ ახალი ლიტერატურული ნაწარმოები, დაათვალიერონ ახალი ფერწერული ნამუშევრები. "ფეისბუქმა თითქოს ძველი დრო დაგვიბრუნა, როდესაც ყველანი ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას თვალს ვადევნებდით. დავდიოდით თეატრში, გამოფენებზე, ლიტერატურულ საღამოებზე. ახლა ამ ყველაფრის დანაკლისს ფეისბუქით ვივსებთ.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ვირტუალური კავშირი საკმარისი არ არის. გვინდა, ის, რაც ინტერნეტსივრცეში გვაახლოებს ერთმანეთთან, რეალობაშიც ჩვენი დამაკავშირებელი გახდეს," - ამბობენ ფეისბუქელი ემიგრანტები და სოციალური ქსელით შეძენილ მეგობრებთან შეხვედრების მოსაწყობად საბაბს ეძებენ.

ორიოდე დღის წინ საბერძნეთში მცხოვრები ლელა საღლიანი მწერდა, ფეისბუქში ქართველებთან დამეგობრების შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საღამოობით შინ ვბრუნდები.

ამიტომაც ფეხს აღარ ვითრევ და სიხარულით მივდივარ ერთი ციდა კომპიუტერში ჩატეულ საქართველოსთან შესახვედრადო. ლელასავით ემიგრანტი გულნარა სვანიძე ერთ თვეში სამშობლოში ჩამოვა და ფეისბუქში დამეგობრებული თანამემამულეებისთვის (და არა მარტო მათთვის) თბილისსა და ბათუმში გრანდიოზულ გამოფენას გამართავს. ერთ დროს ყველასთვის უცნობ ქალბატონს დღეს არა მხოლოდ საქართველოში, იტალიაშიც დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ.

ქალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოხუცს უვლის, საღამოს, შინ დაბრუნებული, ფეისბუქელი მეგობრებისათვის თოჯინებს ქსოვს. "ვუყურებ მათ ფოტოებს და მათ ხასიათს ვიჭერ. მერე ვიწყებ ქსოვას და როცა დასრულებულ ნახელავს ვუყურებ, უზომო სიამოვნებას განვიცდი," - ამბობს გულნარა. იგი წლებია, სამშობლოდან შორს ცხოვრობს. დროდადრო ჩამოდის კიდეც, მაგრამ ასეთი მოლოდინი არასდროს ჰქონია. 13 იანვარს თბილისში, 22 იანვარს კი ბათუმში მისი თოჯინების, აქსესუარებისა და აპლიკაციების გამოფენა გაიმართება.

KvirisPalitra.Geგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფეისბუქელთა თოჯინები, რომელთაც ყველა თოჯინას პროტოტიპი საჩუქრად მიიღებს. "ეს იქნება ფეისბუქელი მეგობრების თოჯინების გამოფენა.

წარმოიდგინეთ, ინტერნეტით დამეგობრებული ამდენი ადამიანი პირველად ვნახავთ ერთმანეთს. ეს არ იქნება კომერციული ღონისძიება, ეს იქნება სიყვარულის გამოფენა. ჩვენ ერთმანეთის გულისძგერას ვიგრძნობთ და კიდევ ერთხელ ვაღიარებთ, რომ ადამიანთა ურთიერთობას არაფერი შეედრება", - ამბობს გულნარა და ბედნიერია, რომ შესაძლებლობა მიეცა, თავისი შემოქმედება წარუდგინოს ხალხს, რომელიც უყვარს და ვისგან სამუდამოდ დაშორებაც არასდროს უფიქრია.

უცხოეთში მცხოვრებ ქალბატონს მთელი დღე ფიზიკური შრომა უხდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ ძველი ქართული საბრძოლო ისტორიის მკვლევრისა და პოეტის, კობა ჭუმბურიძის ლიტერატურული ნამუშევრის - "რუბიკონის" გმირების მოქსოვა დაიწყო, მერე თვით ავტორის პორტრეტი მოქსოვა.

ნამუშევრებმა ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ გულნარამ "შეკვეთებიც" კი მიიღო. ბოლო დროს ცნობილი სახეების ქსოვაც დაიწყო. ავტორი უკვე ყუთებში აწყობს თოჯინებს და საქართველოში გზავნის - ბევრია და მათთან ერთად გამომგზავრებას ვერ |შევძლებთო.