"გაგიჟებულან ეგ საწყლები, თუ პატრიარქს გადადგომას სთხოვდნენ" - რას ამბობენ ხელოვანები საპატარიარქოს გარშემო აგორებულ სკანდალზე? - კვირის პალიტრა

"გაგიჟებულან ეგ საწყლები, თუ პატრიარქს გადადგომას სთხოვდნენ" - რას ამბობენ ხელოვანები საპატარიარქოს გარშემო აგორებულ სკანდალზე?

საქართველოს საპატრიარქოს გარშემო სკანდალი გრძელდება. ამ ცოტა ხნის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში საჯაროდ დაადანაშაულა. როგორც მეუფემ განაცხადა, შეხვედრა მაშინდელი პრემიერის კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე, სადაც მას დაუძახეს, იმყოფებოდა გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი. მეუფე იაკობის თქმით, პატრიარქის გადაყენების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. მეუფემ "ციანიდის საკითხზეც" ისაუბრა და თქვა, რომ ესეც სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილი იყო.

დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ პროცესებზე ცნობილი ხელოვანები:

კახი კავსაძე, მსახიობი: - პატრიარქმა დამლოცა რთული ოპერაციის წინ, იმედი მომეცა და გამოვჯანმრთელდი კიდეც... მთელი სულით და გულით ჩემს პატრიარქთან ვარ! ძალიანაც მინდა, პირადად ვნახო, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს, ბატონო. თუ მომცემენ უფლებას, ძალიანაც გავიხარებ! ჩემი გამხნევება პატრიარქს რაში სჭირდება, მაგრამ თუ ამის საჭიროება ოდნავ მაინც დგას, ნებისმიერ წამს მზად ვარ, ულაპარაკოდ!

- მეუფე იაკობის მტკიცებით, მას პატრიარქობიდან გადადგომას სთხოვდნენო...

- არ ვიცი, ეგ ინფორმაცია სწორია, თუ არა... ვის რა უფლება აქვს პატრიარქს უთხრას, გადადგეს ან არ გადადგეს... ილია მეორე უნდა იყოს ეკლესიის წინამძღვარი, ვიდრე მას სული უდგას! მე მას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას და მოსწრებოდეს ბედნიერ, გაერთიანებულ საქართველოს! ის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ არის ამ ქვეყნად მოსული და უნდა მოესწროს ქვეყნის კარგს! ამ სიბინძურეს კი არ უნდა უყურებდეს, საქართველოს ფეხზე დადგომით უნდა ტკბებოდეს!

თენგიზ არჩვაძე, მსახიობი: - არ ვიცი, რატომ დამაკავშირეთ იმ სიბინძურესთან, რაც ახლა ეკლესიის ირგვლივ ხდება! მე რა უნდა გითხრათ?! საშინელება ხდება და ჩემი თქმა სჭირდება ვინმეს პატრიარქს როგორ უნდა მოექცნენ? რაც ხდება ძალიან ცუდია, ამგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის პირველი პირები გამოიჩენენ გონიერებას და პატრიარქს არ შეეხებიან, ამას ვერ გაბედავენ!

იმედა კახიანი, მსახიობი: - ყველაფერს ველოდი, ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ პატრიარქზე თუ ეს ამბები იქნებოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი! პატრიარქის კრიტიკას ვინც ბედავს, არ ვიცი, ვინ არიან, რა ხალხია მაგენი! პატრიარქზე ვინც რა უნდა თქვას, ამით მისი ავტორიტეტი, სიწმინდე არ შეიბღალება! ისევ იმ ხალხის სიმდაბლე და ცოდვა გამოჩნდება, რომლებიც დაუპირისპირდებიან...

- თუნდაც ქვეყნის მაღალჩინოსნები იყვნენ?

- რასაკვირველია! ჩემი სიტყვები ყველას ეხება! პატრიარქი ჩემი წარმოდგენით ხელშეუხებელია და თუ ეგ სიმართლეა, გადადგომას თხოვდნენ და ახლაც თხოვენო, ვინ არის ეგ ხალხი, რა დამსახურება აქვთ? ვინ თხოვს გადადექიო?!

- ყოფილი და მოქმედი პრემიერებიო...

- გაგიჟებულან ეგ საწყლები, თუნდაც პრემიერებზე იყოს საუბარი! თუ ეგ სიმართლეა, გული ძალიან მეტკინება, რადგან ამ ხალხს იმედის თვალით შევყურებ ქვეყნისთვის რამეს გააკეთებენ, ჩვენთვის ზრუნავენ-მეთქი და ეგენი თუ პატრიარქს ეხებიან, მაშინ მართლა მეორედ მოსვლაა უკვე და ეგ არის! ღვთის რისხვა არის მარტო მაგათზე კი არა, არამედ მთელ ქვეყანაზე გადმოვა. ეს თუ ცილისწამებაა და ეკლესიის შიგნითაც მავანი ცდილობს საკუთარი ინტერესებით იმოქმედოს, ეს არანაკლები საშინელებაა და ძალიან აზარალებს ეკლესიას.

მე რომ უფლება მქონდეს, პატრიარქს ყოველდღე ვნახავდი. ამ ადამიანს რომ უყურებ, მეტი აღარაფერი გინდა, იმხელა მადლი და სიკეთე გადმოდის მისგან.

გუჯა ბურდული, მსახიობი:

- მე ვინ ვგდივარ ეკლესიაზე ვილაპარაკო?! ერთი ის ვიცი, რომ არავის არ აქვს უფლება პატრიარქს მოთხოვოს თანამდებობიდან გადადგომა, ვიდრე არ გარდაიცვლება...

ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი: - მართლმადიდებლურ მრევლად თუ თვლი ადამიანი თავს, წესია, რომ არ ილაპარაკო იმ საკითხებზე ბევრი, რაც შენ არ გეკითხება! უნდა დაელოდო რას გადაწყვეტს სინოდი, რას იტყვის პატრიარქი და დაემორჩილო... ასე უნდა გავუფრთხილდეთ პატრიარქს და ბევრი არ ვიტლიკინოთ! იმაზე უფრო დიდი პატრიარქები ნუ გავხდებით, ვიდრე ჩვენი უწმინდესია! თუ გვიყვარს და გვინდა რამით ხელი შევუწყოთ, ზედმეტი აქტიურობა ჩვეულებრივი საზოგადოების წევრებისგან არ მიმაჩნია სწორად! თუ ეკლესიური ხარ, არსებობს ეკლესიაში წესები და იმის მიხედვით უნდა იცხოვრო და თუ არ ხარ ეკლესიური, მითუმეტეს ვინ გეკითხება ადამიანს ამ საკითხებში ჩარევას?!

ნანა ქავთარაშვილი, საოპერო მომღერალი: - ბოლო 40 წელია საქართველოს არ ჰყოლია უწმინდესზე უფრო ავტორიტეტული მოღვაწე. ჩვენი პატრიარქის მიმართ ხალხის სიყვარული გამოწვეულია მისი თავდადებით, თავგანწირვით ჩვენი ეკლესიის მიმართ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, არ დაბრკოლებულა, არ შეშინებულა, პირიქით, სირთულეები აძლიერებდა მას, რომ ადამიანებში რწმენა დაებრუნებინა, ხალხი ტაძრებში მიეყვანა... ქართველს ქართველი შეაყვარა, სამშობლო შეაყვარა! სწორედ მისი პატრიარქობის პერიოდში აშენდა უამრავი ეკლესია - მონასტერი. იმატა მრევლმაც, მისი ლოცვა-კურთხევის შედეგია, რომ მრავალი გაჭირვების მიუხედავად შევინარჩუნეთ ენა, მამული, სარწმუნოება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ნანა ქავთარაშვილი

პატრიარქს მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში პატივს სცემენ, აფასებენ, სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერების საქმეში თავისი დამსახურებების გამო. დღესაც რთული ვითარებაა ეკლესიის მიმართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძენი პატრიარქი ამასაც გადალახავს. გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ, დავუფასოთ უწმინდესს თავგანწირვა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის მიმართ, ეს ჩვენი ვალია!

ვუსურვებ უწმინდესს და უნეტარესს ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და გამძლეობას სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!

იხილეთ ასევე: "მეუფე იაკობს ჰყავდა ლობი "ოცნების" ერთ-ერთ შტოში. მოსაყდრეობას ჰპირდებოდნენ, ასე არ მოხდა და ახლა ცდილობს შური იძიოს"

(სპეციალურად საიტისთვის)