"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, სექტემბერში აზარტული და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვა შემცირდა - კვირის პალიტრა

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, სექტემბერში აზარტული და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვა შემცირდა

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, სექტემბერში აზარტული და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვა შემცირდა.

როგორც გოგიტა თოდრაძემ სექტემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,2% შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5%-ია.

მისივე განმარტებით, სექტემბერში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორებში.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

"რაც შეეხება ზრდისა და კლების მიზეზებს, მშენებლობის დარგში ზრდის ტენდენცია განაპირობა სამშენებლო სამუშაოების გააქტიურებამ, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი მშენებლობის მიმართულებით, ასევე გზების, ხიდების და ესტაკადების მიმართულებით. 9 თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო ფართობი დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის სექტორში ზრდის მიზეზებს შორისაა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავება, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის გააქტიურება. ვაჭრობის დარგში ზრდა უკავშირდება საცალო ვაჭრობის მიმართულებით , საკვები პროდუქტებით ვაჭრობას, თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობას.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ზრდა უკავშირდება საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობას.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-იანი ზრდაა ამ კუთხით.

დამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა უკავშირდებოდა ქიმიური მრეწველობის დარგში შექმნილ მაღალ დამატებულ ღირებულებას. აღსანიშნავია ფარმაცევტული პროდუქციისა და აზოტოვანი სასუქების წარმოების გაფართოვება.

ბოლო თვეების განმავლობაში გრძელდება შემცირების ტენდენცია მეტალურგიის მიმართულებით.

სამთომოპოვებით მრეწველობაში შემცირება ლითონია მადნების მოპოვების შემცირებას უკავშირდება. სექტემბერში კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების გაწევის დარგში შემცირება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის კლებამ განაპირობა", -აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით 9 თვეში საქონლის ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი შემცირებულია 3.3%-ით და 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

"საქსტატის" დირექტორის თქმით, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის სექტემბერთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 4014 შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"