"მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია... რუს სპორტსმენთან რა მაქვს გასაყოფი?" - კვირის პალიტრა

"მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია... რუს სპორტსმენთან რა მაქვს გასაყოფი?"

28 წლის ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. 2013-დან 2018 წლამდე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული 11 ტურნირიდან 9 შემთხვევაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, რათა ქართული სპორტის ისტორიაში თავისი სახელი დატოვოს...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"არ მიკვირს, რომ ჩემით თქვენც მას შემდეგ დაინტერესდით, რაც რუსი სპორტსმენი დავამარცხე. ყველა ამაზე აკეთებს აქცენტს. ზოგჯერ მგონია, რომ ხალხს ჩემი ოქროს მედალი კი არა, რუსი სპორტსმენის დამარცხება უფრო უხარია. ამ დროს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ტატამზე რუსი მეყოლება მეტოქედ, აზერბაიჯანელი თუ ამერიკელი. ტატამზე მდგომი მეტოქე მტერი ვერ იქნება, თუნდაც რუსი იყოს..."

"მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, შეიარაღებულია და ჩემს მიწას იტაცებს, ჩემს ხალხს კლავს. რუს სპორტსმენთან რა მაქვს გასაყოფი? ჩვენ ერთი საქმე, ერთი მიზანი და ცხოვრების ერთნაირი წესი გვაქვს. მე მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია. ორთაბრძოლას დავასრულებთ და ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, სულ ეს არის..."

"ყოფილა შემთხვევა, როცა მავანს ჩემი მოგება არ სდომებია და თანაბარ ბრძოლაში დამარცხებულად მივუჩნევივარ. პატარა შეცდომის გამოც არაერთხელ დავჩაგრულვარ. მერე მივხვდი, რომ აღიარების მოსაპოვებლად სხვებზე ერთი თავით კი არა, ათი თავით მაღლა უნდა ვყოფილიყავი. იმდენი ვივარჯიშე, ისე მოვინდომე, მივაღწიე კიდეც მიზანს..."

"ჩემი შვილები ჯერ ძალიან პატარები არიან, 4 ვაჟი და ერთი წლის ქალიშვილი მყავს. როგორც კი წამოიზრდებიან, სპორტით დავაკავებ. ნამდვილი ქართველები უნდა გავზარდო..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 31 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე