"მეუფე პეტრეს პატრიარქის გადაყენება უნდა... ილია მეორის მიმართ პირადად ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული" - კვირის პალიტრა

"მეუფე პეტრეს პატრიარქის გადაყენება უნდა... ილია მეორის მიმართ პირადად ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული"

მას აქვს ერთადერთი მიზანი, მაშინვე ვთქვი, რომ ის მიადგება პატრიარქს, მას პატრიარქის გადაყენება უნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა შალვა კეკელიამ განუცხადა. მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ამას თავიდან ხმამაღლა ვერ ამბობდა, რადგან პატრიარქისადმი ერის სიყვარული იცოდა.

"მას არ უნდა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყოს პატრიარქად და ილია მეორის მიმართ პირადად ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული. თავიდან ამას პირდაპირ ვერ ამბობდა, იმიტომ, რომ იცის, თუ როგორ უყვარს ხალხს პატრიარქი. პირდაპირ ასე რომ დაეწყო, რითაც ახლა დაიწყო სინოდიდან რომ გამოვიდა, ხალხი ჩაქოლავდა. მას ხალხი აღარ მოუსმენდა. ამიტომ მან თავიდან დაიწყო, რომ ეკლესიაში არის პრობლემები და მოდი ეს პრობლემები მოვაგვაროთ. მე მაქვს კითხვა - დეკანოზ მამალაძის დაჭერამდე თუ არსებობდა ეს ყველაფერი ეკლესიაში? თუ მანამდე არ იყვნენ მღვდლები, ვინც აღებ-მიცემობით არიან დაკავებულები ან ამ ცოდვაში არიან, მანამდე ეს ყველაფერი არ იყო? მანამდე რატომ არ იღებდა მეუფე ხმას ამ ყველაფერზე? რატო არ აიმაღლა ხმა 4 წლის წინ, რატომ არ თქვა ეს ყველაფერი10 წლის წინ, რატომ მაინც და მაინც დღეს დაიწყო ამაზე საუბარი? იმიტომ რომ მისი მიზანი იყო ერთადერთი რამ, რომ პატრიარქი გაენადგურებინა, რადგან ამ ცოდვის ბრალდებით პატრიარქი პატრიარქი ვერ იქნება. როგორ შეიძლება ამ ცოდვაში მყოფი პატრიარქი გვყავდეს?!" - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

დეკანოზის თქმით, ყოფილმა მიტროპოლიტმა ან უნდა დაამტკიცოს პატრიარქის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება, ან თავადვე უნდა განიკვეთოს.

"წესით ამ ბრალდების შემდეგ ყველანაირად საეკლესიო წესით ის უნდა განიკვეთოს, ან უნდა დაამტკიცოს ეს ცოდვა, რომ პატრიარქი ამ ცოდვაშია, ყველა ვარიანტში ეს უნდა დაამტკიცოს, ეს არ არის შენდობა ითხოვა, ასეთ რამეში შენდობის თხოვნა არც კი არსებობს, ან უნდა დაამტკიცოს, ან თვითონ უნდა განიკვეთოს", - განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გეგმა ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მზადდებოდა.

"როდესაც მეუფე გამოვიდა "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით, მე თავიდანვე შევიტანე მეუფეში ეჭვი. როგორც კი "ციანიდის საქმე" გახმაურდა, იმ წამსვე პირდაპირ დაიწყო გიორგი მამალაძის დაცვა. მას ეჭვიც კი არ შეპარვია დამნაშავე იყო თუ - არა. და ესეც ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, ხომ შეიძლება, რომ ადამიანს ეშლებოდეს?! ზუსტად რა ვიცი რომ მართალია?! საიდან უნდა ვიცოდე მე თუ თანამონაწილე არ ვარ ამ საქმის და თუ არ ვიცი რა ხდებოდა მანამდე?! მამალაძის დაჭერამდე. ესე როგორ იცავ ადამიანს?! მეუფე პეტრემ დაიწყო ასე, რომ ის ებრძოდა ეკლესიაში უზნეო საქციელს, უზნეო წესებს და რომ შორენა თეთრუაშვილს ებრძოდა, რომელიც პატრიარქს მართავდა, მე თავიდანვე ვთქვი, რომ მას ეკლესიის პრობლემები არ აინტერესებს. მას აქვს ერთადერთი მიზანი, მაშინვე ტელევიზიაში ვთქვი, რომ ის მიადგება პატრიარქს და მას პატრიარქის გადაყენება უნდა", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.