"ბიბილოვის პირადი მსხვერპლი..." - კვირის პალიტრა

"ბიბილოვის პირადი მსხვერპლი..."

"ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი ჩაიკეტა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ"

თითქმის ორი თვეა ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი, ფაქტობრივად, იზოლირებულია. ადგილობრივი ხელმძღვანელობის თქმით, ვიდრე ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს საკითხი არ მოგვარდება, ანუ სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

საოკუპაციო ძალებმა რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს. მისი გახსნა 6 სექტემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა დღემდე პირობა არ შესრულებულა. 2019 წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ოსურმა მხარემ ქართველებს გზა ჩაუკეტა. თბილისთან დამაკავშირებელი გზა წლის დასაწყისში - 11 იანვრიდან 25 მარტამდე - ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მოტივით ჩაკეტეს.

რამდენიმე დღის წინ ახალგორელი მარგო მარტიაშვილი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. იქაურთა ცნობით, მას სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა, თუმცა ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო მისი გადმოყვანა ვერ მოხერხდა. ადგილობრივმა მედიამ მას უკვე უწოდა "ბიბილოვის პირადი მსხვერპლი..." ადგილობრივთა თქმით, გზის ჩაკეტვის შემდეგ რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებს ვეღარ ერევიან, რადგან წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასაც კი, რომელსაც ადრე თბილისში შედარებით ადვილად გადმოჰყავდა პაციენტები, შეზღუდვა დაუწესეს და ანატოლი ბიბილოვის "სპეციალური განკარგულების" გარეშე ვეღარც ისინი მოქმედებენ. მათივე თქმით, ხელმძღვანელობამ ახალგორის რაიონიდან საუკეთესო ექიმი გააგდო. ის დასვენების დღეებში წეროვანში იყო წასული და უკან აღარ შემოუშვეს; მის ადგილას ახალი თანამშრომლები მოიყვანეს, თუმცა მათ კვალიფიკაცია არ ჰყოფნით, ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს "გუგლში" ეძებენ და პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმას ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ.

თემური, ახალგორში მცხოვრები ქართველი: - მოხუცმა ინსულტი მიიღო. ადრინდელი ვითარება რომ ყოფილიყო, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თბილისის რომელიმე კლინიკიდან გამოიძახებდა. ახლა ისინი ანატოლი ბიბილოვის სპეციალური განკარგულების გარეშე ვერ შემოვლენ, ამიტომ პაციენტები ცხინვალში მიჰყავთ. ასე წაიყვანეს მარგო მარტიაშვილიც, მაგრამ მხოლოდ შუაღამეს მიიყვანეს ცხინვალამდე, სადაც 3 საათი სამედიცინო დახმარების გარეშე იყო, რადგან იქ შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ არის, ამასობაში კი ქალი გარდაიცვალა.

ნანა, ახალგორის რაიონში მცხოვრები: - ადრე გზას კი კეტავდნენ, მაგრამ პაციენტების გადაყვანის ან დაკრძალვაზე გადმოსვლისთვის მაინც გვიხსნიდნენ. ახლა ორი თვეა, იზოლაციაში ვართ. აქ არაფერი იყიდება, ნისიად რომ წამოვიღოთ, ცხინვალში კი ვერ წავალთ. გზაც ძვირია, მაღაზიებშიც ძალიან მაღალი ფასებია, ფული კი საჭმლისთვის არ გვაქვს. მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ვინც იქით მხარეს სწავლობენ, მეცადინეობები უცდებათ. ვითარება ყოველდღიურად უარესდება, მოსახლეობა შეშინებული და დაბნეულია, რადგან არავინ გვეუბნება, როდის გახსნიან გზას. ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი ჩაიკეტა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ.

- სურსათი და მედიკამენტები გაქვთ? - აღარაფერი დაგვრჩა... აფთიაქში მხოლოდ აუცილებელი მედიკამენტებია, მაგრამ სამმაგი ფასი აქვს, აქ უმეტესობა მოხუცი ვართ დარჩენილი. წამალი რომ არ ვიყიდოთ, რა ვქნათ... არაფერს ვამბობ ონკოპაციენტებზე, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. საავადმყოფოში წვებიან, სადაც მნიშვნელოვანს ვერაფერს უკეთებენ, მაგრამ დღეში სამჯერ უფასო კერძი და რაღაც მედიკამენტები მაინც აქვთ...

თამარ მეარაყაშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი: - რამდენიმე დღის წინ ქართულ მხარეს მამიდა გარდამეცვალა. მამაჩემი მის დაკრძალვაზე ვერ წავიდა... ადრე ასეთ საკითხებში ახალგორის ძველი გამგებელი ვლადიმერ გულიევი პირადად იყო ჩართული, ახლა სხვა გამგებელი გვყავს - ვიტალი მამიტოვი, რომელსაც გარდაცვლილი ქალის შესახებ თავის გასამართლებლადაც კი არაფერი უთქვამს.

ზოგს ზამთრის ტანსაცმელი არა აქვს. საყიდლად ცხინვალში უნდა წახვიდე, სადაც ყველაფერი ძვირია. ფეხსაცმელში, რომელიც თბილისში 80 ლარი ღირს, ცხინვალში 300 ლარამდე უნდა გადაიხადო.

გზა ცხინვალამდე მოასფალტებულია, მაგრამ უღელტეხილებია. თან მიკროავტობუსით წასვლა-წამოსვლა 20 ლარია, ტაქსით მხოლოდ ახალგორამდე - 100 ლარი... სოფლებში ცუდი გზებია და ტრანსპორტი არ მიდის... ახლა იქ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, თანაც ნისიებით. მოხუცები ქართულ პენსიას ვერ იღებენ და იძულებული ხდებიან, ნისიად წაიღონ. მაღაზიების ნისიების რვეული რომ ნახოთ, ერთი მოხუცის სახელზე იმდენი პლუსია, გული მოგიკვდებათ... ერთმა გამყიდველმა შემომჩივლა, პურზე უარი როგორ ვუთხრაო...

- ადრე უფრო დიდხანსაც ხომ იყო ჩაკეტილი გზა? - დიახ, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში მაინც უშვებდნენ ხალხს. ახლა, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოგვაქციეს. ოჯახის წევრები იმ პენსიას აქ ვერ ჩაურიცხავენ, არადა, ვლადიკავკაზში რომ წავიდეთ, 50 ლარი გვინდა გზაში...

- ამ პრობლემის განხილვისას ერთმა ოსმა ახალგორელებს ურჩია, "ოსეთის მოქალაქეობა" მიიღეთ და აქაური პენსიითაც ისარგებლებთ, რომელიც უფრო მეტიაო... - დიახ, ეს ის კატეგორიაა, ვინც პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. სინამდვილეში არც მათ აქვთ მოქალაქეობა და პენსიაც 3.400 მანეთია, რაც ქართული ვალუტით 120 ლარია. ამის მთქმელებს იქაური ჯანსაღად მოაზროვნეებიც აკრიტიკებენ -–თუ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვეს, არ უნდა ვუმკურნალოთო?! ნაცისტური გერმანია მეტს კი არაფერს აკეთებდაო.

"ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის..."

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს მუშაობენ, რათა გადასასვლელი გაიხსნას.

"დიახ, მოსახლეობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე, როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია... მათ არ უნდა შეეშინდეთ. გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დარეკონ ცხელ ხაზზე, დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას. აქ საქმე სიცოცხლეს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება".