როდის "ამოისუნთქავს" მეტრო - კვირის პალიტრა

როდის "ამოისუნთქავს" მეტრო

"თუ ყველაფერი გეგმისამებრ გაკეთდება, ერთ წელიწადში უნდა გვეშველოს, რა თქმა უნდა, თუ რაღაც უბედურება არ მოხდა და არ შეაფერხა პროექტები"

პიკის საათებში თბილისში მგზავრობა უკვე მეტროთიც შეუძლებელი ხდება. როგორც ჩანს, საცობების გამო მგზავრები სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრობაზე უარს ამბობენ და მიწის ქვეშ ჩასვლას ამჯობინებენ. თუმცა ახლა მეტრო ვეღარ იტევს მგზავრებს... გაუმკლავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხალხის ნაკადის გაზრდას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ურბანული ლაბორატორიის დირექტორ გიორგი ბაბუნაშვილს ესაუბრა.

- ტაქსის გაძვირება თბილისელებისთვის შოკი იყო, მაგრამ ფასები აუცილებლად დარეგულირდება. თბილისში 28 000 ტაქსი დარჩა და მათ შორის კონკურენცია ჯერ კიდევ არის, ამიტომ ბაზარი ფასებს დაარეგულირებს - შეიძლება ცოტა უფრო ძვირი იყოს, ვიდრე რეფორმამდე, მაგრამ რაღაც ნიშნულამდე დაიწევს.

რაც შეეხება მერის მოადგილის განცხადებას, რომ მეტროში მგზავრთა ნაკადის ზრდა მათი წარმატებული რეფორმის შედეგია, მის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ, ალბათ, იგულისხმა, რომ მერიის სტრატეგია და მიზანია, ხალხი თანდათან საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიაჩვიოს.

- რამ განაპირობა მეტროში მგზავრთა ნაკადის ზრდა? - მგზავრთა ნაკადის ყოველწლიურმა გაზრდამ და ახალი სადგურის გახსნამაც. 2016 წელთან შედარებით ხალხის რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ნაკადი ყოველთვის იზრდება და ზაფხულში იკლებს. მგზავრთა ნაკადი მცირეა დეკემბრის ბოლოდან თებერვლის პირველ ნახევრამდეც. ახლა ამ ყველაფერს დაემთხვა გადათხრილი ქუჩებიც, რის გამოც, ფაქტობრივად, შეუძლებელია შეუფერხებლად გადაადგილება და ხალხის ნაკადმა მეტროში დღიურად 485 000 მგზავრს მიაღწია. მეტროს გამტარიანობა, ანუ მაქსიმალური ზღვარი, 520 000 მგზავრია და ჯერჯერობით კრიტიკული ვითარება არ არის, რადგან ნაკადი გაიწოვება. ახლა ხალხი ნამდვილად გროვდება, თუმცა გასვლის საშუალება აქვთ.

- ყოველწლიური ზრდის სტატისტიკა როგორია?

- მაგალითად, 2017 წელს მეტრომ 113 819 401 კაცის გადაყვანა უზრუნველყო, დღიურად ეს რიცხვი დაახლოებით 31 000 მგზავრს შეადგენს, 2018 წელს კი მეტროში 125 705 965 კაცი ჩავიდა, დღიურად - 344 000.

- შესაძლებელია, რომ მეტროში ხვალ-ზეგ ნაკადი კრიტიკულ ზღვრამდე მივიდეს?

- მგზავრთა რაოდენობას მუდმივად ვაკონტროლებთ და ჩვენი ვარაუდით, წელს ზღვარს ვერ გადასცდება, მომავალ წელს კი მეტროში დამატებით 29 ვაგონი შევა და მგზავრთა რიცხვი 520 000-საც რომ გადასცდეს, პრობლემა არ იქნება. ამასთან, გაჩერებებს შორის ინტერვალიც მოკლე იქნება. რაც შეეხება ხალხით სავსე ვაგონებს, ამას ჯერჯერობით არაფერი ეშველება.

- სხვათა შორის, მატარებელი გვირაბში ძალიან ხშირად ჩერდება. - სწორედ ამიტომ ყიდულობს მერია ახალ ვაგონებს და 1973-1977 წლებში გამოშვებულს ცვლის. ზოგიერთი ვაგონი კაპიტალურად ორჯერ გარემონტდა და მათი კვლავ გარემონტება შეუძლებელია. თბილისის მეტროს ბოლო მატარებლები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეუკვეთეს და 1992 წელს ჩამოვიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ დამზადებას დიდი დრო სჭირდება.

თბილისის მეტროს 29 ვაგონს ექსპლუატაციის ვადა გასული ჰქონდა. უკვე ერთი წელია მათ კაპიტალურად არემონტებენ და ნელ-ნელა მოდერნიზებული უბრუნდებიან ხაზებს. საბურთალოს ხაზის მატარებლების რაოდენობა იზრდება და რამდენიმე ვაგონი კიდევ დაემატება. შედეგად, მატარებლის მოსვლის ინტერვალი ორწუთ-ნახევრამდე შემცირდება. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით მზადდება ტენდერი და საქართველოს ისტორიაში პირველად უნდა შევისყიდოთ ახალი 40 ვაგონი, რაც 10 ახალ მატარებელს შეადგენს.

- მერი ამას წლებია იმეორებს, თუმცა ჯერ არაფერი ჩანს... - მეტროს მატარებელი არ არის ავტომობილი, რომ მიხვიდე, ნახო, მოგეწონოს და იყიდო. როგორც წესი, ამ პროცესს წინ უძღვის სატენდერო სამუშაოები. ამ საკითხზე ავსტრიული კომპანია მუშაობდა, შედგენილია დოკუმენტაციაც - როგორი მატარებლები უნდა ვიყიდოთ, რა ტექნიკური მახასიათებლებით. ახალი ვაგონები 2021 წლის ბოლომდე ჩამოვა.

- იმ ვაგონებსაც დაბურული მინები ექნება? - იმედია, არა. მინების დაბურვით მერიამ დიდი შეცდომა დაუშვა. როგორც ვიცი, 29 ახალი ვაგონი პარალელურად ჩაანაცვლებს დაბურულმინიანებს. ითქვა ისიც, რომ ამ მატარებლებს ახალი მინები გაუკეთდება. ასე რომ, მალე მეტროს მგზავრებს ახალი, კომფორტული მატარებლებით მოუწევთ მგზავრობა.

მერიამ 220 ახალი ავტობუსიც შეიძინა. აქედან 60 უკვე შემოსულია, დანარჩენებსაც მალე ველოდებით.

- ეს კარგია, მაგრამ ფაქტია, საღამოს საათებში მგზავრობა ძალიან ჭირს - ტრანსპორტი გატენილია ხალხით, ამასთან, ყველგან საცობია. - ასეა, მაგრამ ამას ახალი ავტობუსების შემოყვანით უნდა ვუშველოთ. სხვა გამოსავალი არ არის. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ქარხანაში მზადდება და დრო სჭირდება.

- მეტროში მგზავრთა უსაფრთხოება თუ არის დაცული?

- თუ არ დაკმაყოფილდა ის სტანდარტები, რაც მეტროს აქვს დაწესებული, დილით მეტრო არ გაიხსნება! ამჟამად იცვლება 500 კილომეტრამდე ძველი კაბელიც, რადგან მისი აალების საშიშროება იყო. თუ დააკვირდებით, გვირაბებში ახალ, წითელ და ვერცხლისფერ კაბელებს შენიშნავთ.

- გურამიშვილისა და ვარკეთილის მეტროსადგურების გარემონტებას საშველი როდის დაადგება? წლებია წყალი ჩამოდის... - თავის დროზე სატრანსპორტო კომპანიამ არ ჩაატარა სრულფასოვანი კვლევა და მოხდა ვარკეთილის ინციდენტი... ახლა ყველა სადგურAში სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია და მიმდინარეობს დეტალური გეოლოგიური კვლევა, რაც წელიწადია გრძელდება. თუ გვინდა, რომ ყველაფერი საფუძვლიანად გაკეთდეს, საჭიროა დრო. ადრე იმ ადგილს, სადაც წყალი ჩამოდიოდა, შელესავდნენ და ასე მალავდნენ დაზიანებულ ადგილებს. ასეთმა მიდგომამ მეტროსადგურ "ვარკეთილის" უბედურებამდე მიგვიყვანა. ახლა კეთდება სიღრმისეული ანალიზი, შეისწავლეს გრუნტის წყლები, რათა სატენდერო პირობებში ყველაფერი დეტალურად გაიწეროს. სწორედ ამიტომ აღარ არემონტებენ "გურამიშვილს", "ავლაბარსა" და "ვარკეთილს".

- როდის განახლდება რემონტი? - როცა კვლევები დასრულდება. როგორც ვიცი, მერიამ წლის ბოლომდე უნდა გამოაცხადოს ტენდერი. შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ საბოლოოდ მეტრო უსაფრთხო იქნება.

თუ ყველაფერი გეგმისამებრ გაკეთდება, ერთ წელიწადში უნდა გვეშველოს, რა თქმა უნდა, თუ რაღაც უბედურება არ მოხდა და არ შეაფერხა პროექტები. თუ ერთ წელიწადში ვითარება არ გაუმჯობესდება, მერე შეგვიძლია მერიას პასუხი მოვთხოვოთ.