"ჩემი ქმარი დღემდე იხსენებს იმ გაფრენილ ორაგულს..." - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი დღემდე იხსენებს იმ გაფრენილ ორაგულს..."

"რომ შევედი, ოცი წუთი არც ერთი ჟიურის წევრი ხმას არ იღებდა. ხუთწუთიან დამონტაჟებულ ვიდეოში ისე ჩანს, თითქოს თავიდანვე ისტერიკა მეწყება, არადა, ასე არ იყო. ოცი წუთი შეფასება რომ ვერ მივიღე, ძალიან ვინერვიულე. ვერ ვიგებდი, მოსწონდათ თუ არა, მათ სახეზე ემოცია არ იხატებოდა. ბოლოს, ხმა რომ ამოიღეს, აღარაფერი მესმოდა"

დაიწყო რეალითი შოუ "მასტერშეფის" ახალი სეზონი და ახალი სახეებიც გამოჩნდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი სოფი გოგებაშვილია. სოფი კალათბურთელ ნიკოლოზ ცქიტიშვილის მეუღლეა. სოფის და ნიკას სამი შვილი ჰყავთ. რატომ გადაწყვიტა "მასტერშეფში" მონაწილეობა და როგორია მათი ოჯახური ცხოვრება, თვითონ გვიამბობს.

- რამდენიმე წელია, აქტიურად ვარ კულინარიაში ჩართული. კერძებს მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ვამზადებ, ვიგონებ რეცეპტებს... შარშან, შოუ რომ დაიწყო, ყველასგან მესმოდა, წადი "მასტერშეფშიო", მაგრამ მეცინებოდა, მეგონა, ალბათ პროფესიონალები უნდათ-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოყვარული მზარეულები უფრო საინტერესონი არიან მაყურებლისთვის. ქასთინგი რომ გამოცხადდა, ანკეტა შევავსე და გავგზავნე. დამიბარეს გასაუბრებაზე, გადავლახე პირველი ეტაპი, მერე მეორე და ასე ჩავები...

- შენი შეფებთან წარდგენის ემოციური ეპიზოდი ყველას დაამახსოვრდა... - ამდენი ბოლოს როდის ვინერვიულე, არ მახსოვს. რომ შევედი, ოცი წუთი არც ერთი ჟიურის წევრი ხმას არ იღებდა, ჩუმად იყვნენ. ხუთწუთიან დამონტაჯებულ ვიდეოში ისე ჩანს, თითქოს თავიდანვე ისტერიკა მეწყება, არადა ასე არ იყო. შევედი ჩვეულებრივად და ოცი წუთი შეფასება რომ ვერ მივიღე, ძალიან ვინერვიულე. ვერ ვიგებდი, მოსწონდათ თუ არა, მათ სახეზე ემოცია არ იხატებოდა. ბოლოს ხმა რომ ამოიღეს, აღარაფერი მესმოდა. წინსაფარი რომ მივიღე, მივხვდი, უკან დასახევი გზა არ მქონდა...

- ნიკა არის ჩართული ამ პროცესში? - ნიკა არის ჩემი კერძების პირველი შემფასებელი. ძირითადად, კრიტიკულია, უნდა, ყველაფერი იდეალურად გავაკეთო. მას უამრავ ქვეყანაში უცხოვრია და ყველა კულტურის კერძი აქვს გასინჯული, ამიტომ მისი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ტურისთვის ვემზადები, გვერდით მიდგას, მამხნევებს...

- გურმანი ხარ და ამიტომ შეგიყვარდა კერძების კეთება?

- პატარა გავთხოვდი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. ცალკე ვცხოვრობდით საზღვარგარეთ, ყოველ წელს ვიცვლიდით გარემოს და მომიხდა, სახლში დამეწყო კეთება. ნიკა ყოველთვის ჯანსაღად იკვებებოდა და მეც დავიწყე ასეთი საკვების მომზადების შესწავლა. მერე ამ ყველაფრით სიამოვნება ვიგრძენი და ჰობად გადამექცა...

- პირველად რა კერძი გააკეთე? - პირველი კერძი, რაც მოვამზადე, იყო ორაგული. მახსოვს, მთელი დღე ვაკეთებდი, არადა, ზუსტად სამი წუთი სჭირდება. ნიკა მოვიდა დაღლილ-დაქანცული... მიმაქვს კერძი... უცებ ამიცურდა ფეხი და ეს ჩემი ორაგული მაგიდაზე ჩიტივით დაუფრინდა, თეფშის გარეშე. დღემდე იხსენებს იმ გაფრენილ ორაგულს...

- "მასტერშეფშიც" ორაგული მოამზადე, არა?

- კი, პირველი კასტინგის კერძი იყო ორაგული ბრინჯით და ჩემი პიტნისა და ქინძის სოუსით.

- ნიკას ყველაზე მეტად შენი გაკეთებული რომელი კერძი მოსწონს? - ბოლო დროს მოსწოს ხინკალი. ცოტა გვეშინია გარეთ ხინკლის ჭამა და სახლში ვაკეთებ. როცა მე და ნიკა მარტო ვართ, აუცილებლად ლამაზად ვშლით მაგიდას. სუფრაზე უნდა იყოს ნიკას დაწურული საფერავი - საკუთარი ღვინო აქვს.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი? - მე მოცეკვავე ვარ. 17 წლის ვიყავი, როცა ნიკამ მნახა. ქართულს ვცეკვავდი ფრიდონ სულაბერიძის შვილთან ერთად. სოცქსელით დამიკავშირდა და ასე დაიწყო. ხუთი თვის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში და დავაგვირგვინეთ ქორწილით.

- ყველაზე მეტად რით მოგხიბლა? - არ მაჩქარებდა, ზედმეტად არ აქტიურობდა, თითქოს მე მომყვებოდა. მეც მშვიდად ვგრძნობდი თავს. დღემდე ასე ვართ, ერთმანეთს მივყვებით...

- არ ეჭვიანობდი?

- ახალი დაქორწინებული ვერ ვიაზრებდი ბევრ რამეს. თან ცნობილი ბიჭია, თან სიმპათიური (მომკლავს, ამას რომ ვამბობ!) და ხშირად ვეჭვიანობდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არაფერი მქონდა საეჭვიანო.

ჩემსა და ნიკას შორის ზუსტად ათი წელია სხვაობა. ერთმანეთის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე ჩემს შეხედულებებს ვუზიარებ, ის - თავის გამოცდილებას და დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს.

- ნიკა როგორი მამაა? - ძალიან აქტიურად არის ჩართული ბავშვების ცხოვრებაში. მონდომებულია, ბიჭი პროფესიონალ სპორტსმენად გაზარდოს. ცდილობს სპორტულად გაზარდოს გოგონებიც.

- როგორ ახერხებ სამი შვილის გაზრდას?

- ნიკა მეხმარება, დედაჩემიც, ნიკას დედაც, დამხმარე ქალიც მყავს და ვუმკლავდები.

- დიზაინერობასაც ითავსებ. - ორი წელია, საბავშვო ტანსაცმლის ხაზს - "მიშელს" ვხელმძღვანელობ. უფრო კრეატიული დირექტორი ვარ, ვიდრე დიზაინერი. მე უფრო იდეები მაქვს, დეტალებს დედაჩემი უძღვება.

- ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნიკას დისშვილია. გულშემატკივრობს შენს ახალ წამოწყებას? - ჩემმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მეტად თაკოს აღტაცება გამოიწვია. ძალიან უყვარს ეს გადაცემა და სულ უყურებს, მაგრამ ახლა მე რომ ვმონაწილეობ, ორმაგად შეუყვარდა. მაძლევს რჩევებს. თვითონაც ძალიან კარგი კულინარია, უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. ყოველთვის ვითვალისწინებ მის რჩევებს. ახლა ძალიან მჭირდება ეს ყველაფერი...

ხათუნა კორთხონჯია