"პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე - პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან" - კვირის პალიტრა

"პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე - პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან"

"პატრიარქმა 2017 წელს ბრძანა, რომ მეუფე პეტრეს ეპარქია უნდა შეეცვალოსო. იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, რომ თუ შეიძლება ახლა გაფრთხილება მივცეთო," - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადაყენების კატეგორიული მომხრე არ ყოფილა.

"არა ასეთი კატეგორიული არ ვყოფილვარ. ჩვენ ვკითხეთ პატრიარქს, როგორ უნდა მოვქცეულიყავით ამ სიტუაციაში და უწმინდესმა ასე ბრძანა. სინოდის გადაწყვეტილება კანონიერია. პატრიარქმა 2017 წელს ბრძანა, რომ მეუფე პეტრეს ეპარქია უნდა შეეცვალოსო. იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, რომ თუ შეიძლება ახლა გაფრთხილება მივცეთო. მას მერე სინოდის ხუთი სხდომა ჩატარდა. სინოდის ამ სხდომაზე მეუფეებმა მას უთხრეს: მეუფეო, არ გინდა, რატომ აკეთებ ამას, არ გააკეთო, გეხვეწები... რთული სიტუაციაა. ვილოცოთ და გავიგოთ უფლის ნება," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბოლოდროინდელი მოვლენები ხომ არ დააჩქარებს პატრიარქის თანამდებობიდან გადადგომას, მეუფე გრიგოლმა უპასუხა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბოლო დღემდე პატრიარქი იქნება.

"პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე. პატრიარქი ავიდა ჯვარზე. ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

"ინტერპრესნიუსი"