"დავალომბარდებთ, ქურდებს­ ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, რაო ძმაო პატივს არ სცემო?" - ქუჩებში ბავშვთა ბანდები გამოჩნდნენ - კვირის პალიტრა

"დავალომბარდებთ, ქურდებს­ ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, რაო ძმაო პატივს არ სცემო?" - ქუჩებში ბავშვთა ბანდები გამოჩნდნენ

"ცოტა ხნის წინ თავად შევესწარი, 8-9 წლის ბიჭს ხელიდან ფული რომ გამოჰგლიჯეს... არა მგონია, ეს დაღუპვის გზაზე დამდგარი ბავშვები ფულს მართლაც ციხეებში გზავნიდნენ, მაგრამ ქურდებს რომ ახსენებენ, ეს უკვე ტრაგედიაა"

ამ დღეებში ფოტოგრაფმა ნიკო ჯავახიშვილმა ინტერნეტსივრცეში სტატუსი გამოაქვეყნა: "აქ, უბანში (განახლებულ აღმაშენებელზე) დადის არასრულწლოვანთა ჯგუფი, რომლებიც თანატოლებს აბულინგებენ, თავიანთ ტოლებსაც და მათზე ბევრად პატარებსაც. ისინი რამდენჯერმე ვნახე. პირველად 4-ნი იყვნენ, მერე კი 6-ნი. ამ ჯგუფის ბავშვების მაქსიმალური ასაკი 12 წლამდეა. ახლახან შევესწარი მათ საუბარს დაახლოებით 8 წლის ველოსიპედიან ბიჭთან, რომელიც მათ შეშინებული შეჰყურებდა:

- ე, ბიჭო, ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, ბიჭო, გესმის?!

...ბავშვი დაითრგუნა და შეშინებულმა ამოილუღლუღა, მშობლები გამიბრაზდებიანო.

- რაო, ძმაო? არ სცემ შენ პატივს ქურდებს?! - აგრესიულად მიაძახა მას როგორც ჩანს, ჯგუფის ლიდერმა, მაგრამ ამასობაში ჩვენკენ მოიხედა და რადგანაც დააფიქსირა, რომ ვუყურებდით, ჯგუფიანად ქუჩის სხვა მხარეს გადაინაცვლა...

გუშინ ეს ბიჭები ერთ პატარა ბიჭს ართმევდნენ ბურთს. ბავშვი გაუძალიანდა, რის გამოც ჯგუფის ოთხივე წევრი მიაწვა "ქურდული ბაზრით", - როგორ, შენ ქურდებს პატივს არ სცემო?! ამჯერად უბნელთან ერთად იქვე ვიდექი და ორივე სასწრაფოდ ჩავერიეთ, მაგრამ ამ ლაწირაკებმა ჩვენც უხეშად შემოგვიტიეს. რასაკვირველია, თავისი არც ამჯერად გაუვიდათ და გაიქცნენ. რა ხდება? ვის მოვთხოვოთ ბავშვებში გაღვიძებულ ამ ე.წ. ქურდულ მენტალიტეტზე პასუხი? როგორ მოვიქცეთ?" - წერდა მომხმარებელი, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ბევრი წერდა, რომ ე.წ. ბავშვთა ბანდებს მთელ თბილისში შეამჩნევ, რაც იმის შედეგია, რომ ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს, დაუმარცხებელი კრიმინალი კი მიმბაძველობას იწვევს.

ჩვენ თავად გადავწყვიტეთ სიტუაციის ადგილზე ნახვა. ამ ბიჭების თავაშვებულობით, ვორონცოვის მოედნის მიმდებარედ მცხოვრები არაერთი მობინადრეა შეწუხებული. ბავშვების ნაწილი ბულინგის შიშით ქუჩაში მარტო ვეღარ გამოდის.

ნატო უთურგაშვილი, ადგილობრივი მცხოვრები: - ქუჩის საფეხმავლოდ გადაკეთებამ და აქ გახსნილმა უამრავმა კაფემ ბევრი საეჭვო პირი მოიზიდა და ბოლო ხანს ეს ბავშვებიც გამოჩნდნენ. სახელმწიფოს უყურადღებობა დანაშაულად მიმაჩნია. ამ ჯგუფის მიზანს მხოლოდ თანატოლების დაჩაგვრა, მათთვის ბურთის ან ველოსიპედის წართმევა როდი წარმოადგენს - დარწმუნებული ვარ, ქურდობენ კიდეც. როცა დროს იხელთებენ, კაფეებს, მაღაზიებს და მათ კლიენტებს ძარცვავენ. მეორე სართულზე ვცხოვრობ და მოწმე ვარ მათი საქციელის. ამ ბავშვების გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ სახელმწიფოს მათი ბედი არ აინტერესებს. ცოტა ხნის წინ თავად შევესწარი, 8-9 წლის ბიჭს ხელიდან ფული რომ გამოჰგლიჯეს.

- უთხრეს, ქურდებს უნდა შევუგზავნოთ ციხეშიო? - სწორედ ასე იყო. არა მგონია, ეს დაღუპვის გზაზე დამდგარი ბავშვები ფულს მართლაც ციხეებში გზავნიდნენ, მაგრამ ქურდებს რომ ახსენებენ, ეს უკვე ტრაგედიაა.

- მიმართეთ პოლიციას? - რომ მივმართე, რა გამოვიდა? ყველამ ვიცით, რომ მსგავსი დანაშაულისთვის არასრულწლოვნებს არ სჯიან. იცით, რა მოხდა, როცა მათ სოლიდური ასაკის მამაკაცებმა შეუტიეს? იქით მიაწვნენ უტიფრად, როგორ ბედავთ, რომ გვაგინებთო. არადა, არავინ აგინებდა, პროვოკაციაზე აქეთ წამოვიდნენ. მართალია, მაშინ იქაურობას მოსცილდნენ, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ იქნება? თანატოლებიდან ქედს ბევრი არ წაუხრის და საშინელება მოხდება. უბანში ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთს დასახმარებლად ეძახიან. ასეთ ჩხუბებს რაც მოსდევს, ყველამ ვიცით.

- ეს ბავშვები თქვენს უბანში არ ცხოვრობენ? - რომ ცხოვრობდნენ, უსათუოდ გვეცოდინებოდა. აქ შებინდებისას მოდიან. უპატრონოებსაც არ ჰგვანან, კარგად ჩაცმულ-დახურულები არიან. მათი მეთაური 11-12 წლის იქნება, "ხინკალა" ქუდით დადის და ჯგუფს თავის ჭკუაზე ატრიალებს. კიდევ კარგი, სოციალური ქსელი მაინც არსებობს. იმის იმედი მაინც გვრჩება, რომ საზოგადოების შეტევა პოლიციას გამოაფხიზლებს და რაიმეს იღონებს.