რით მონუსხა ფრანგი ლამაზმანი ალკოჰოლიზმით შეპყრობილმა ვისოცკიმ და როგორ გადაურჩა მტკვარში დახრჩობას? - კვირის პალიტრა

რით მონუსხა ფრანგი ლამაზმანი ალკოჰოლიზმით შეპყრობილმა ვისოცკიმ და როგორ გადაურჩა მტკვარში დახრჩობას?

ფოტოგალერეა

"მსოფლიო მედიამ ვერ ამოხსნა, რით მონუსხა ფრანგი ლამაზმანი ალკოჰოლიზმით შეპყრობილმა ვისოცკიმ"

ვლადიმერ ვისოცკისა და მარინა ვლადის სიყვარულზე უამრავი დაწერილა და თქმულა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ წყვილმა საქორწინო მოგზაურობა თბილისში გაატარა. მანამდე მომღერალი ორჯერ იყო საქართველოში. ვისოცკის საქართველოში მოგზაურობას ბესიკ ფიფია აღწერს წიგნში "დიდი ადამიანები საქართველოში". ის საუბრობს დეტალებზე, რომლებიც აქამდე საზოგადოებამ არ იცოდა.

ვისოცკის გიტარას უკრავენ... თაგვები

ვლადიმერ ვისოცკი საქართველოში პირველად 1966 წელს ჩამოვიდა თავის მეორე მეუღლესთან, ლიუდმილა აბრამოვასთან ერთად. მოგვიანებით აბრამოვამ თავის წიგნში საქართველოში მოგზაურობის შესახებ დაწერა: "თბილისი აღმოჩენა იყო ჩვენთვის. არ მეშინია ვთქვა, რომ ვალოდია იქ ბედნიერი იყო, ჩვენ ძალიან ბევრს დავდიოდით თბილისის მიდამოებში. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ ჩვენთვის თბილისიც და საქართველოს კულტურაც..."

წყვილის საქართველოში სტუმრობის დროს ფილმ "ტაგანკას" დასი თბილისიდან სოხუმში გაემგზავრა. სწორედ სოხუმში დაწერა ვისოცკიმ ყველასათვის ცნობილი სიმღერა "А люди все роптали и роптали". სოხუმში დაიბადა ვისოცკის კიდევ ერთი სიმღერა - "ქარიშხალია მთელი საღამო".

1966 წლის შემოდგომაზე, ფილმ "ვერტიკალის" გადაღებებზე ვისოცკი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, ამჟამად მას სვანეთში მოუწია მოგზაურობამ. დასი ტურბაზაში დაბინავდა. მოგვიანებით ერთმა მსახიობმა გაიხსენა, რომ ტურბაზაში ვისოცკი გიტარის ხმას გაუღვიძებია - თურმე თაგვები მისი გიტარის სიმებზე დარბოდნენ.

გონდაკარგული ვისოცკი წყლიდან ამოიყვანეს

1966 წლის ზაფხულში ვისოცკი ისევ ჩამოვიდა თბილისში ფილმის გადაღებებზე. რეჟისორი იური ლიუბიმოვი რამდენიმე მსახიობთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ ვისოცკი და გიორგი ეპიფანცევი, მეგობარს ესტუმრა. ქართული სუფრა მტკვრის სანაპიროზე გაიშალა. ვისოცკი არ სვამდა, ამიტომ სუფრასთან ჯდომა მოსწყინდა და მტკვარში ბანაობა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ცურავდა, მტკვრის სისწრაფემ და გაყინულმა წყალმა მომღერალს სძლია, მას ფეხის კუნთი დაეჭიმა და დინებას ვეღარ გაუმკლავდა. ამის შემხედვარე ეპიფანცევი მდინარეში გადაეშვა და გონდაკარგული ვისოცკი წყლიდან ამოიყვანა.

საქორწინო მოგზაურობა

მარინა ვლადიმ აღიარება მოიპოვა ანდრე მიშელის ფილმით "ჯადოქარი". 1967 წელს მსახიობი საბჭოთა კავშირში ჩავიდა ფილმის - "სიუჟეტი პატარა მოთხრობისთვის" გადასაღებად. სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი ვისოცკიმ და მომხიბვლელმა ფრანგმა მსახიობმა. გაცნობიდან სამ წელიწადში კი იქორწინეს. თბილისში ჩამოსვლის ამბავს ზურაბ წერეთელი ასე იგონებს: "თავიდან ვალოდიამ ჯერ მოსკოვში მოლხენა გადაწყვიტა, მაგრამ ყველა ღატაკი ვიყავით. მარინა ერთოთახიან ბინას ქირაობდა და იქ დაგვპატიჟა რამდენიმე მეგობარი, მათ შორის - მეც. რამდენიმე ბოთლი შამპანური ვიყიდეთ. მაშინ ვთქვი: "წავედით თბილისში, იქ ვიქეიფოთ"!

მოგვიანებით მარინა ვლადიმ თავის წიგნში "ვლადიმერი, ანუ შეწყვეტილი ფრენა" ქართული ქორწილი ასე გაიხსენა: "ძველ თბილისში ვზეიმობთ ჩვენს დაქორწინებას, რომელიც მოსკოვში მხოლოდ ნახევარი საათი გრძელდებოდა. ჩვენ აქ ნამდვილი ძველებური ქორწილი მოგვიწყვეს. მაგიდის თავში ვსხედვართ, ხელიხელჩაკიდებულები, ორივეს თეთრი გვაცვია. თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს; სტუმრებს ღვინოს ყანწში უსხამენ; პირველს მეორე სადღეგრძელო მოსდევს. ვცდილობ, მთლიანად დავლიო, მაგრამ არ შემიძლია და მეც ღვინოს ჩემ უკან მდგომ ახალგაზრდა კაცს გადავცემ. მასპინძლობა დიდებულია, სადღეგრძელოებს დასასრული არა აქვს. ჩვენ ვხედავდით, რამდენს სვამდა ხალხი და ამავე დროს ღირსებას არ კარგავდნენ. შემდეგ ვიანგარიშეთ და აღმოჩნდა, რომ თითოეულმა სტუმარმა ერთ საღამოს ათი ლიტრი ღვინო დალია."

ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი ბათუმში

ახალდაქორწინებული წყვილი ზურაბ წერეთელმა ლადო გუდიაშვილთან მიიყვანა. გუდიაშვილის სახლში მოდილიანის ნახატის დანახვაზე მარინა ვლადიმ ემოციები ვერ შეიკავა და მხატვრისთვის უთქვამს, ის მამაჩემთან მეგობრობდაო. ლადოს მამის ვინაობა უკითხავს. "ვლადიმერ პოლიაკოვი-ბაიდაროვი", - უპასუხია მარინას. ამ გვარის გაგონებაზე გუდიაშვილი ოთახიდან გასულა და ცოტა ხნის შემდეგ ფოტოსურათით დაბრუნებულა, რომელზეც ვლადის მამა იყო გადაღებული პარიზში, რესტორან "კოპელაში" პიკასოსთან, ლეჟესა და მოდილიანისთან ერთად. ლადო მთელი საღამო უამბობდა მარინას მამის ცხოვრების ისეთი ეპიზოდებს, რომლებზეც მანამდე არაფერი იცოდა.

მარინა ვლადი 82 წლისაა

მარინა ვლადიმ თავისი პირველი კინოროლი 15 წლისამ შეასრულა ფილმში "შავი ბუმბული". სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო 27 წლის მარჩელო მასტროიანი, მასტროიანით მონუსხულა მარინა, თუმცა არც იტალიელი მსახიობი დარჩენილა გულგრილი. მოგვიანებით ვლადი იხსენებდა, რომ ამ ურთიერთობას მხოლოდ პლატონური სიყვარული ერქვა, რადგან მარჩელო დიდი კრძალვით ექცეოდა პატარა მსახიობს. მარჩელოს გაცნობიდან მალევე ვლადი მარლონ ბრანდოს შეხვდა, რომელიც დანახვისთანავე შეჰყვარებია, მაგრამ ქალების გულთამპყრობელ 29 წლის ბრანდოს მარინასთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ფრანგი მსახიობი, ჟოფრეის როლის შემსრულებელი რობერ ოსეინი ისე მოიხიბლა 17 წლის მარინათი, რომ ყველაფერი გააკეთა მისი გულის დასაპყრობად. პირველი ქორწინებიდან ვლადის ორი ვაჟი ჰყავს. ცნობილია, რომ ანჟელიკას როლი სწორედ მას უნდა ეთამაშა, თუმცა ოსეინის ეჭვიანობის გამო უარი თქვა. ხუთწლიანი თანაცხოვრება ოსეინის ეჭვიანობის გამო დასრულდა. მაშინ მარინამ პირობა დადო, რომ აღარ გათხოვდებოდა, თუმცა პროფესიით მფრინავმა ჟან-კლოდ ბრუიემ მას აზრი შეაცვლევინა. ბრუიესთვის, რომელიც შავი მარგალიტებით ვაჭრობდა და ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით, რთული აღმოჩნდა ასეთ პოპულარულ მსახიობთან ცხოვრება. ეჭვიანობით გატანჯული ბრუიე და ვლადი 3 წელიწადში განქორწინდნენ.

მსოფლიო მედიამ ვერ ამოხსნა, რით მონუსხა ფრანგი ლამაზმანი ალკოჰოლიზმით შეპყრობილმა ვისოცკიმ, რომელთანაც წინა ქმრებისგან განსხვავებით, დიდხანს - 10 წელი, ანუ მის გარდაცვალებამდე იცხოვრა. ქმრის სიკვდილის შემდეგ მარინა დიდხანს ვერ უსმენდა მის სიმღერებს, შემდეგ კი წიგნი დაწერა, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.

1981 წელს მარინა ფრანგ ექიმს, ლეონ შვარცენბერგს გაჰყვა ცოლად. უგონოდ შეყვარებულმა კაცმა ცოლ-შვილი მიატოვა. წყვილმა ერთად 23 წელი იცხოვრა.

იხილეთ ფოტოგალერეა