"ჟოზე სერიების მიღმაც განაგრძობს არსებობას" - კვირის პალიტრა

"ჟოზე სერიების მიღმაც განაგრძობს არსებობას"

ჟოზესთან ერთად დაბადების დღეების გადახდა უკვე შესაძლებელია. რეგიონებიდან დავიწყეთ. ჟოზე მხოლოდ თბილისის კი არა, ყველა კუთხისაა. და კიდევ, მთავარი ამბავი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან - ნოემბრის ბოლოს ჟოზეს მომღერალი სათამაშო გამოვა და მაღაზიათა ქსელ "პეპელაში" გაიყიდება

- პირველი საცდელი სერია ჩემს პირად არხზე ხუთი წლის წინ ავტვირთე, ეს იყო "მხიარული მათემატიკა". ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა და ყოველდღიურად ვიზიტორთა რიცხვი იზრდებოდა. მივხვდი, რომ ბავშვებს აინტერესებდათ. თავიდან ჰობი იყო. სხვა ანიმაციებზეც ვმუშაობდით მე და ჩემი მეგობარი კემო, ორი წლის წინ კი Youtube-ზე არხი განვაახლეთ და ამ ყველაფერს საქმიანი სახე მივეცით. უკვე მესამე სეზონი დავიწყეთ, რომელშიც ჯერ მხოლოდ ერთი ვიდეო გვაქვს. სულ 21 სერიაა. არხს 110 ათასამდე გამომწერი ჰყავს, ნახვების რაოდენობამ კი 91 მილიონს გადააჭარბა.

- როგორი გამოხმაურება აქვს ჟირაფ ჟოზეს სერიებს? - ჟირაფი ჟოზე საბავშვო ბაღის ბავშვებისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მწერდნენ, კარგია, ქართული ანიმაცია რომ გამოჩნდაო. ჟოზე სერიების მიღმაც განაგრძობს არსებობას და ჩვენც არ ვჩერდებით. უკვე 15-მდე წიგნი გამოვუშვით. ძალიან ბევრი პედაგოგი მათ დამხმარე სახელმძღვანელოებადაც მოიხმარს.

- სერიების თემატიკას როგორ არჩევთ? - "მხიარული მათემატიკის " შემდეგ გავაკეთეთ სერია "ფერები". რამდენიმე წელი ბავშვთა გასართობ ცენტრში წამყვანად ვმუშაობდი და პატარებს ბურთებზე ვეკითხებოდი, აბა, ეს რა ფერია-მეთქი და, ინგლისურად მპასუხობდნენ. გასაგები იყო, რატომაც - უცხოური ანიმაციებით ისწავლეს ფერები... არსებული რეალობა და პრობლემები განსაზღვრავს თემატიკას. იგივე შეიძლება ითქვას "კარგად ვიქცევიზე". ვხედავ, ჩემი ძმისშვილებისთვის რა რთულია დაძინება, ბანაობა და ა.შ. შერჩევაში ბავშვთა ფსიქოლოგებიც გვეხმარებიან. თემატიკას სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომით განვსაზღვრავთ.

- სიმღერები სპეციალურად ჟოზესთვის იწერება? - დიახ. გვყავს ორი ძალიან მაგარი კომპოზიტორი და მუსიკოსი - რეზო ბლიაძე და მიშა ცინცაძე.

- რომელი სერია აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული? - ყველაზე მეტი ნახვა "ფერებს" აქვს, აქტიურად ნახულობენ "წელიწადის დროებსაც". თუმცა "ფერები" ერთი წლით ადრე დაიდო არხზე და ჯამში პირველ ადგილზეა, მაგრამ ნახვების სიხშირით ახლა "წელიწადის დროები" ლიდერობს.

- მომავალშიც აპირებთ ჟირაფ ჟოზეს სერიების გაგრძელებას? - რა თქმა უნდა, უკვე მესამე სეზონი დავიწყეთ. პირველი სერიაა "მარჯვენა-მარცხენა". ასევე გავაგრძელეთ "ხატვის გაკვეთილები". ფორმატი შევცვალეთ და უფრო მეტი გამოხმაურება აქვს, ვიდრე წინა ორ სეზონს. ხატვის ყოველ გაკვეთილს თამაში მოჰყვება - დავუშვათ, ჟოზე ბავშვებს კურდღლის ხატვას ასწავლის, შემდეგ ის ცოცხლდება და თამაშობს. გარდა ამისა, ვამზადებთ ახალ რუბრიკას - ჟოზეს ილუსტრაციების ფონზე მთხრობელი ბავშვებს რაღაც პრობლემასა და მათი გადაჭრის გზებზე ლექსად მოუყვება. ნოემბერში გვექნება პირველი სერიის პრემიერა. სხვათა შორის, ხატვისა და ანიმაციების სტილიც შევცვალეთ. რაც შეეხება სიმღერების ნაწილს, ამღერდებიან ჟოზეს მეგობრებიც: ჟოზეფინა, სპილო პიო, მაიმუნი მამინი, კურდღელი დუდუ, გააქტიურდებიან ჩიჩილაკი და ციყვები... ჟოზესთან ერთად დაბადების დღეების გადახდა უკვე შესაძლებელია. რეგიონებიდან დავიწყეთ. ჟოზე მხოლოდ თბილისის კი არა, ყველა კუთხისაა. და კიდევ, მთავარი ამბავი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან - ნოემბრის ბოლოს ჟოზეს მომღერალი სათამაშო გამოვა და მაღაზიათა ქსელ "პეპელაში" გაიყიდება.

ნათია სიბაშვილი