"კრედიტი მაქვს აღებული, "პორშეს" გავყიდი და ვალს გავისტუმრებ" - რის გამო გრძნობს უხერხულობას ამბროლაურის მერი? - კვირის პალიტრა

"კრედიტი მაქვს აღებული, "პორშეს" გავყიდი და ვალს გავისტუმრებ" - რის გამო გრძნობს უხერხულობას ამბროლაურის მერი?

"კრედიტი მაქვს აღებული, "პორშეს" გავყიდი და ვალს გავისტუმრებ, მერე ოჯახის წევრებთან, ჩემს დისშვილებთან დავიხარჯები, არიან გაჭირვებულები ახლობლებში, სანათესავო-სამეგობროში, შეძლებისდაგვარად დავეხმარები, აბა, მარტო ჩემთვის რად მინდა"

ერთხელ პირდაპირ ტელეეთერში რომელიღაც ონლაინკაზინოს სარეკლამო გათამაშებას შევესწარი, დოლურიდან რომ იღებენ ბედნიერ ბილეთს აზარტული თამაშების პიარაქციებში ჩართული ცნობილი სახეები. ვიღაც მამაკაცმა ავტომანქანა მოიგო, რომელიც გამარჯვებას იმდენად უემოციოდ შეხვდა, წამყვანებმა გაკვირვება ვერ დამალეს, ნუთუ არ გაგიხარდათო? რა გამახარებს, 5 მაგ მანქანის ფასი მაქვს მანდ დატოვებულიო, უპასუხა... ეს ამბავი ხშირად მახსენდება აზარტული თამაშების სარეკლამო ბილბორდებით მოფენილ დედაქალაქის ქუჩებში სიარულისას. გასულ კვირასაც ორჯერ გამახსენდა - ერთხელ, როცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ახალგაზრდა ოპერატორის დაღუპვის ამბავი გავიგე, და მეორედ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ 2019 წლის გამოშვება წითელი "პორშე კაიმანი" მოიგო. ამის შესახებ მერის შვილმა მარიამ მხეიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, ვიდეო გაავრცელა და მამას ავტომანქანის მოგება მიულოცა. იყო სხვათა მილოცვებიც და სარკაზმიც - ჩვენი სირცხვილია, რომ ამბროლაურის მერს აქამდე "პორშე" არ ჰყოლიაო.

"კვირის პალიტრა" ამბროლაურის მერს, დავით მხეიძეს დაუკავშირდა:

- აზარტული ხართ, ბატონო დავით?

- თამაში შორს არის ჩემგან, მაგისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ერთი-ორჯერ თუ მითამაშია. თამაშის პოპულარიზაციას არ მივესალმები, არც ხელს ვუწყობ, წინააღმდეგი ვარ და ცოტა უხერხულადაც ვგრძნობ თავს, ასე რომ მოხდა, მაგრამ რა ვქნა, უარს ხომ არ ვიტყვი?

- რამდენი ბილეთი გქონდათ? - 48, თუმცა ჩემი 4, მაქსიმუმ 5 ბილეთი იყო, დანარჩენი დისშვილების. გვერდი, რომლითაც მოვიგე, მათ გააკეთეს ჩემს სახელზე ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მერად ამირჩევდნენ. ამ გვერდით ვსარგებლობთ ისინიც და მეც.

- როცა ქვეყანაში ამხელა ამბებია ატეხილი აზარტული თამაშების საწინააღმდეგოდ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ თანამდებობის პირი და მით უმეტეს, საჯარო მოხელე, თამაშობთ? - თამაში ცოტა მძიმე ნათქვამია... უხერხულად ვგრძნობ თავს, რა თქმა უნდა, მე სხვას მაგალითს უნდა ვაძლევდე. წინააღმდეგი ვარ აზარტული თამაშების და ვემიჯნები. იმ ახალგაზრდის, სანდროს ოჯახსაც ვუსამძიმრებ.

- მოგებას როგორ განკარგავთ? - კრედიტი მაქვს აღებული, "პორშეს" გავყიდი და ვალს გავისტუმრებ, მერე ოჯახის წევრებთან, ჩემს დისშვილებთან დავიხარჯები, არიან გაჭირვებულები ახლობლებში, სანათესავო-სამეგობროში, შეძლებისდაგვარად დავეხმარები, აბა, მარტო ჩემთვის რად მინდა.

- თქვენს ქალაქსაც შეახვედრებთ? - ამბროლაურისთვის არაფერი მენანება. კაცს ვერ ნახავთ მუნიციპალიტეტში, რომელიც იტყვის, საქმე არ კეთდება ან მერი არ მუშაობსო. ჟურნალისტები იყვნენ ჩამოსული და ერთი ინტერვიუც ვერ წაიღეს უარყოფითი, იმიტომ, რომ მართლა საქმეს ვაკეთებთ. ჩამოდით, ნახეთ, როგორ მშვენდება ჩვენი ქალაქი.

"ჯობია, საჯარო მოხელე ამ სახის გართობისგან თავს იკავებდეს"

ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი:

- საჯარო მოხელე რომ არ იყოს ბატონი დავითი, შეიძლება მიულოცო და გაგიხარდეს კიდეც მისი გამარჯვება, მაგრამ საჯარო მოხელეობა სხვა პასუხისმგებლობას მოიცავს. ჯობია ამ სახის გართობისგან თავს იკავებდნენ. ბატონი დავითის საქციელი არ არის უკანონო, მაგრამ, ჯერ ერთი, ცუდი მაგალითის მიმცემია და მერე, როცა თამაშობს ადამიანი, რომელსაც ხელი მიუწვდება სახელმწიფოს განსაკარგავ თანხებზე, არის რისკი, რომ წააგოს, წაგების შემთხვევაში კი განმეორების ცდუნების წინაშე დგება... ამას ვამბობდი სულ მთავრობის წარმომადგენლებთან - ეს რისკი რომ არ იყოს, საჯარო მოხელეებს უნდა აუკრძალონ აზარტული თამაშები, სანამ თანამდებობაზე იქნებიან.

- სხვა ქვეყნებში როგორაა დარეგულირებული ეს საკითხი? - ყველა ქვეყანას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ეს არ არის ერთიანი სამართლებრივი მოწესრიგების სისტემა. იმდენად ინდივიდუალური და დამახასიათებელია ცალკეული ქვეყნების კულტურისა და მორალისთვის, რომ ევროპული სამართალი ამბობს, გადაწყვიტეთ ისე, როგორც თქვენი ქვეყნისთვის ჯობსო.

- თქვენ რომელი ქვეყნის მიდგომა მოგწონთ?

- ფინური, სადაც მოქალაქეებს აკრძალული აქვთ თამაში და იქ ეს ბიზნესი მხოლოდ უცხოელებზეა ორიენტირებული.

ელზა ძველაია