მეუფე მიქაელი: "ახლა ერიც და ბერიც ძალიან მძიმე გზას გავდივართ" - კვირის პალიტრა

მეუფე მიქაელი: "ახლა ერიც და ბერიც ძალიან მძიმე გზას გავდივართ"

"ჩვენ ვილოცებთ მეუფე პეტრესთვის, რომ არ დაიღუპოს..."

ბოლო ხანებში საქართველოს ეკლესია არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე. თუმცა, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის შეკრებაზე მომხდარმა ფაქტმა ქართველი საზოგადოება გააოგნა. "კვირის პალიტრას" მიმდინარე პროცესებზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) ესაუბრება:

- წმინდა სინოდის სხდომაზე სამი საკითხი განიხილებოდა: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, მეუფე იაკობის გამოსვლა და ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის თემა, რომელზეც მეუფე იოანე გამრეკელი დამტკიცდა... სხდომის დაწყებისთანავე მეუფე იაკობმა გულწრფელი სინანულით ითხოვა შენდობა და პატიება როგორც ჩვენგან, ასევე პატრიარქისა და ერისგან...

- შენდობა საჯაროდ გამოსვლის გამო ითხოვა თუ საუბრის შინაარსის? - მან ასე თქვა: "თუ ჩემს საუბარს გადავამეტე თქვენი, ერისა და პატრიარქის მიმართ, მზად ვარ, სინოდისა და პატრიარქის წინაშე მოვიხადო ის სასჯელი, რასაც დამავალებთო..."

ჩვენ მისი გამოსვლისა და, ზოგადად, თემის განხილვა არ დაგვიწყია. როცა ადამიანი თავის საქციელს ინანიებს, მის გამოძიებასა და განქიქებას არ ვიწყებთ.

რა უფლება გვაქვს, არ შევუნდოთ, პროკურატურა ხომ არ ვართ?! ჯვარცმულმა ავაზაკმა, რომელიც მაცხოვრის მარჯვნივ იყო, შენდობა ითხოვა სინანულით და იმ დღესვე უფალთან ერთად მოხვდა სასუფეველში, რადგან თავად უფალი ბრძანებს, დღეს შენ ჩემ თანა იყავო...

როდესაც ადამიანი საკუთარ თავსა და დანაშაულს ხედავს, შენდობა ყველაზე ღვთისნიერი საქციელია... მეუფე მიქაელი

ამის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე გადავედით. საუბრის დაწყებისთანავე პატრიარქმა ბრძანა, მისი შეწყალების შესახებ მიგვემართა პრეზიდენტისთვის... ეკლესია ამ საქმეში ყოველთვის იყო ჩართული და ასეც იქნება. მანამდე ჩვენ მისმა ოჯახმაც მოგვმართა, პრეზიდენტისთვის დეკანოზ მამალაძის შეწყალება გვეთხოვა...

მეუფეები მანამდეც ვამბობდით, შეეწყალებინათ ის და შუამდგომლობას ვითხოვდით, მაგრამ პროკურატურამ გამოძიების დასრულებამდე არ ჩათვალა საჭიროდ... არაერთხელ შეგვიწყალებია და გვიპატიებია ადამიანებისთვის შეცდომები და მასაც ვაპატიებდით...

- თუმცა, კითხვები მაინც გააჩინა იმ ფაქტმა, რომ შეწყალების თემა მაინცდამაინც ახლა გააქტიურდა... - შეწყალებაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. უპირველესად, ეს უწმინდესის დამსახურებაა - თმენით, სიკეთითა და სათნოებით ის ყველასთვის მაგალითია, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკეთ იცის, როდის რა გააკეთოს. მისი გამოზრდილები ვართ და თუ რაიმე საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, რჩევისთვის მას მივმართავთ.

- რაც შეეხება მეუფე პეტრეს... რა გახდა მისი ასეთი გაღიზიანების საფუძველი? - ეს განწყობა მეუფე პეტრეს მხოლოდ იმ დღეს არ შეჰქმნია. სინოდის წინა შეკრებებზეც არაერთხელ ვურჩიეთ, ცოტა კორექტული ყოფილიყო და საკითხები, რომლებიც მხოლოდ სინოდში უნდა განიხილებოდეს, გარეთ არ გაეტანა. ერთხელაც არ შეისმინა ჩვენი რჩევა და თხოვნა. სინოდის სხდომაზე თავსა და ემოციებს აშკარად ვეღარ აკონტროლებდა, პატრიარქს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, რამაც ჩვენც დაგვაბნია. მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ - განკითხვებში იყო, რაც ადამიანს დასცემს, გამოფიტავს და გამოაშრობს. განკითხვა რომ დავიწყოთ და არ მოვინანიოთ, ყველას ასე დაგვემართება, შეიძლება უარესადაც... მძიმე სანახავი იყო, რაც წმინდა სინოდის შეკრებაზე ხდებოდა და ყველამ ძალიან განვიცადეთ.

ვიდრე მეუფე პეტრე ხმამაღალ საუბარზე გადავიდოდა, პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო? მეუფე ჩვენი შეგონებით უფრო ღიზიანდებოდა და წარმოუდგენლად იქცეოდა... ყველამ, და უპირველესად უწმინდესმა, შევთავაზეთ, გულწრფელად ეთხოვა შენდობა, რაც არ ისურვა. იმავე განწყობით გამოვიდა გარეთ და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ...

ასეთ დროს არსებობს გამოსავალი - სიმშვიდისა და სიმდაბლისთვის მონასტერში წასვლა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მონასტერი. ვიდრე მეუფე გახდებოდა, სნოში, სტეფანწმინდის ეპარქიაში, დიდხანს ცხოვრობდა მონასტერში. იქ მშვიდად არის ადამიანი, მას კი ეს ძალიან სჭირდება... ვერაფრით ვხსნი, როგორ მივიდა იქამდე, რომ ასე მოექცა სულიერ მამას, ადამიანს, რომელმაც აღზარდა და აქამდე მოიყვანა.

- მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში გამწესებაზე უარს ამბობს და ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერს ირჩევს. ამბობს, რომ პასუხს დაელოდება და თუ ასე არ მოხდება, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას... - ეს უკვე სცდება იმ მდგომარეობას, რაც აქამდე არსებობდა... მისი მონასტერში წასვლის საკითხი ჯერ გადასაწყვეტია. მან სული უნდა გადაირჩინოს...

- რა მოხდება, თუ ის მაინც თავის ნებაზე მოიქცევა და მონასტერში არ წავა?

- არ ვიცი, ამაზე სინოდმა უნდა იმსჯელოს...

- მარტვილის ეპარქიაში რამდენიმე მღვდელმსახურმა და მონაზონმა განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მეუფე გრიგოლ კაციას... - რა უფლება აქვთ მღვდლებსა და მონაზვნებს, სინოდის წინააღმდეგ წავიდნენ?! მაშინ არ სცოდნიათ, რა არის ეკლესიის მადლი და უპირველეს ყოვლისა, მორჩილება. ასეთი რამ წარმოუდგენელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ დედაეკლესიის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ!

სინოდის წევრები მუდმივად ვეუბნებით ერთმანეთს, თუ რამე გადაცდომა გვექნება, ერთმანეთს ვუთხრათ და რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებთ. ამაში სათაკილო არაფერია... სინოდის წევრები ყოველთვის საუკეთესოს ვურჩევთ ერთმანეთს.

მეც ასე ვაძლევდი რჩევებს მეუფე პეტრეს. მისმენდა, მაგრამ იმავე აზრზე რჩებოდა. ვხედავდი, რა დღეშიც იყო - მტრები ხომ არ ვიყავით ერთმანეთის, ჩვენზე კარგად ვის ესმის ის სიმძიმე, რასაც ვატარებთ...

- პატრიარქმა ბრძანა, მეუფე პეტრე გამორჩეული ღვთისმსახური იყო და სამწუხაროა მისი ასეთი სახეცვლილებაო... - ეს მეც ძალიან მაოცებს. 24 წლის განმავლობაში ის ჩემი მეგობარი იყო.

სამღვდელო და სამღვდელმთავრო ხარისხში, როგორც სხვა მეუფეებთან, მეუფე პეტრესთანაც ვმეგობრობდი, რომელიც თავისი ნიჭით, სიმშვიდით, სულიერებით, სიყვარულითა და მოწყალებით გამოირჩეოდა. უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ღვთის იმედი მაქვს, კეთილი საქმეების გამო მას უფალი შეეწევა და გონებას გაუხსნის. ასე მგონია, პოლიტიკურ და საერო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერია და ამან იმოქმედა, ბერული სულიერების აღსადგენად ძალა არ ეყო. ვერ გაუძლო ხილულ და უხილავ განსაცდელს.

ის, რომ დეკანოზ მამალაძის ერთ-ერთ დამცველად გვევლინებოდა, არ იყო სწორი პოზიცია. ანუ მას უყვარს მამალაძე და ჩვენ - არა? მას ებრალება და ჩვენ - არა?

ახლა ბერული თხოვნით მივმართავ, დაუკვირდეს თავის საქციელს და ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ მას, გათავისუფლდეს პოლიტიკური ცხოვრებისგან. იმ დღის შემდეგ ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჯახის წევრი შეცდომას უშვებს და ვერ ვშველი... მე ვარ ბერი, რომელსაც შეცდომების მიუხედავად, ის ისევე მიყვარს, როგორც აქამდე. არანაირ "პროს" არ ვაღიარებ - არც "პრორუსულს", არც "პროამერიკულს". მე ქართველი ვარ, ეკლესიის მსახური და ვიცი, ეკლესიას - გაძლიერება, ქვეყანას კი გადარჩენა სჭირდება...

შეიძლება მეც გამიჩნდეს რაღაც აზრი, მაგრამ მას ჩვენს ძმებთან, სინოდის წევრებთან განვიხილავ. ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანს არ შეიძლება, რაც ენაზე მოადგება, ილაპარაკოს და თავისი აზრი სიმართლედ მიაჩნდეს... ეტყობა, მას თავი მართალი ეგონა, ან ვინმე რამეს შეჰპირდა...

- რას? ვინ შეიძლება მის უკან იდგეს?

- არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, ვინმე რამეს შეჰპირდა. ახლა, ამ დაძაბულ ვითარებაში, ვერსიებით ვერ ვიმსჯელებ, თუმცა მე მეუფე პეტრე სხვანაირი მახსოვს.

მხოლოდ გიორგი მამალაძის საქმე ვერ გახდებოდა მიზეზი. მისი სახეცვლილება 4-5 წლის წინ დაიწყო. როგორც კი ეს შევამჩნიე, მაშინვე დავურეკე, თანაც არაერთხელ და ვუთხარი, მეუფე, არ ვიცი, რა გახდა თქვენი შეცვლის მიზეზი, მაგრამ თუ რაიმე საკითხზე თქვენი აზრი გაქვთ, იქნებ გადაამოწმოთ-მეთქი. არ მომისმინა... მან ვიღაცებს უფრო დაუჯერა, ვიდრე ჩვენ.

- ვიღაცებს, ანუ არასასულიერო პირებს? - შესაძლოა, სასულიეროსაც. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, ვიდრე არ გაირკვევა...

ვისაც უსმენდა, ის არ აღმოჩნდა კეთილისმყოფელი... მე არ მომისმინა, არც ქორეპისკოპოსის სიტყვა იღო ყურად და ბოლოს, არც პატრიარქს დაუჯერა. ეს ახლა პირველი შემთხვევა არ ყოფილა... წმინდა ჯვრის ტარებას ყველა ვერ უძლებს.

ეკლესიაში ყოფილა განკვეთები, მღვდელმსახურების შეჩერება, მონასტერში გამწესება, თუმცა, თუ სინანული გულწრფელი იქნება, ისევ ვიმსჯელებთ მასზე. თუ მას არ ექნება ამის სურვილი, რაღა უნდა გავაკეთოთ... გავიხსენოთ უძღები შვილი. მამის ხელში სწორად ცხოვრობდა, შემდეგ დაეცა... დაბრუნდა და მამას შენდობა სთხოვა, მან კი დიდსულოვნად მიიღო. შენდობა რომ არ ეთხოვა, დაიღუპებოდა. ჩვენ ვილოცებთ მეუფე პეტრესთვის, რომ არ დაიღუპოს...

- ის, რაც ახლა ეკლესიაში ხდება, ალბათ, მრევლზეც აისახება. - ახლა ერთადერთი გზა გვრჩება - სიმშვიდე და მოთმინება იქამდე, ვიდრე ყველაფერი თავის კალაპოტში არ ჩადგება. მხოლოდ მშვიდი გონებით შეგვიძლია სწორი გზის პოვნა... გვყავს პატრიარქი, ღვთისგან დაბრძანებული ტახტზე, მისივე ნებით არსებობს ყოვლად წმინდა სინოდი და მისი განჩინება, რომელიც გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ არასდროს მიიღებს.

ეს არც ერთ ჩვენგანს არ უნდოდა. მეუფე პეტრეს მტრები არ ვართ, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ იყო.

- ბოლო ხანებში არაერთხელ გავხდით ეკლესიაზე გალაშქრების მომსწრე. აშკარაა, ეს დაპირისპირება ვიღაცას აძლევს ხელს. - დიახ! ვინც დედაეკლესიას უპირისპირდება, უგუნურია. უფალი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩვენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას..."

თქვენს მკითხველს მივმართავ თხოვნით - ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ ახლა ერიც და ბერიც ძალიან მძიმე გზას გავდივართ და ეს გზა ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ, რადგან თუ ეკლესია იქნება ერთიანი, ქვეყანაც ერთიანი იქნება.

ახლა შეცდომის უფლება არ გვაქვს... გულწრფელი სინანული ყველაფერს ფარავს, თუმცა, ჩვენ ამას მეუფე პეტრესგან ვერ ვხედავთ, რაც უფრო გულსატკენია.

- შესაძლოა, რომ სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ მღვდელმსახურება?

- ძალიან არ მინდა, ეს მოხდეს, ამიტომ ვესაუბრებით ყველას, ვცდილობთ, სწორ გზაზე დავაყენოთ. თუ სწორ გზას გადაუხვევს, მე ვიქნები თუ სხვა, სასჯელის ღირსია... პატრიარქმა, როგორც ყოველთვის, სწორად ბრძანა - ახლა ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ უნდა დაბრკოლდეს... მას შემდეგ, რაც ის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელია, არაერთი ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა, უამრავი ბერი და მონაზონი ეკურთხა, ბევრი ადამიანი მოექცა ეკლესიურად. ეს ვერ აპატიეს ჩვენს უწმინდესს...

- გარე ძალები მუდმივად ცდილობდნენ საქართველოს ეკლესიაში გავლენის მოპოვებას და გაძლიერებას. ახლაც ხედავთ ამ საფრთხეს? - არაფერს გამოვრიცხავ... ყველამ იცის, რომ საქართველოს მტერი ჰყავს და მას სახელმწიფოსა და ეკლესიის სიძლიერე არ უხარია! ის ყველანაირად შეეცდება ჩვენს დასუსტებას. მაცდური ხომ ჯერ კიდევ ცოცხალია და შიგნით იქნება ეს თუ გარეთ, მაინც შეაცდენს ადამიანს...

ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენც გთხოვთ, მოგვიხსენიოთ თქვენს ლოცვებში... ქრისტესმიერი სიყვარულით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ყველას გვქონდეს ძალი და მადლი ღვთისა, განსაცდელს ღირსეულად გავუძლოთ.