"პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები - კვირის პალიტრა

"პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები

"მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ - განკითხვებში იყო"

ბოლო ხანებში საქართველოს ეკლესია არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე. თუმცა, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის შეკრებაზე მომხდარმა ფაქტმა ქართველი საზოგადოება გააოგნა. "კვირის პალიტრას" მიმდინარე პროცესებზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) ესაუბრა, გთვაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- წმინდა სინოდის სხდომაზე სამი საკითხი განიხილებოდა: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, მეუფე იაკობის გამოსვლა და ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის თემა, რომელზეც მეუფე იოანე გამრეკელი დამტკიცდა... სხდომის დაწყებისთანავე მეუფე იაკობმა გულწრფელი სინანულით ითხოვა შენდობა და პატიება როგორც ჩვენგან, ასევე პატრიარქისა და ერისგან...

- შენდობა საჯაროდ გამოსვლის გამო ითხოვა თუ საუბრის შინაარსის?

- მან ასე თქვა: "თუ ჩემს საუბარს გადავამეტე თქვენი, ერისა და პატრიარქის მიმართ, მზად ვარ, სინოდისა და პატრიარქის წინაშე მოვიხადო ის სასჯელი, რასაც დამავალებთო..."

ჩვენ მისი გამოსვლისა და, ზოგადად, თემის განხილვა არ დაგვიწყია. როცა ადამიანი თავის საქციელს ინანიებს, მის გამოძიებასა და განქიქებას არ ვიწყებთ.

რა უფლება გვაქვს, არ შევუნდოთ, პროკურატურა ხომ არ ვართ?! ჯვარცმულმა ავაზაკმა, რომელიც მაცხოვრის მარჯვნივ იყო, შენდობა ითხოვა სინანულით და იმ დღესვე უფალთან ერთად მოხვდა სასუფეველში, რადგან თავად უფალი ბრძანებს, დღეს შენ ჩემ თანა იყავო...

როდესაც ადამიანი საკუთარ თავსა და დანაშაულს ხედავს, შენდობა ყველაზე ღვთისნიერი საქციელია...

მეუფე მიქაელი

ამის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე გადავედით. საუბრის დაწყებისთანავე პატრიარქმა ბრძანა, მისი შეწყალების შესახებ მიგვემართა პრეზიდენტისთვის... ეკლესია ამ საქმეში ყოველთვის იყო ჩართული და ასეც იქნება. მანამდე ჩვენ მისმა ოჯახმაც მოგვმართა, პრეზიდენტისთვის დეკანოზ მამალაძის შეწყალება გვეთხოვა...

მეუფეები მანამდეც ვამბობდით, შეეწყალებინათ ის და შუამდგომლობას ვითხოვდით, მაგრამ პროკურატურამ გამოძიების დასრულებამდე არ ჩათვალა საჭიროდ... არაერთხელ შეგვიწყალებია და გვიპატიებია ადამიანებისთვის შეცდომები და მასაც ვაპატიებდით...

- რაც შეეხება მეუფე პეტრეს... რა გახდა მისი ასეთი გაღიზიანების საფუძველი?

- ეს განწყობა მეუფე პეტრეს მხოლოდ იმ დღეს არ შეჰქმნია. სინოდის წინა შეკრებებზეც არაერთხელ ვურჩიეთ, ცოტა კორექტული ყოფილიყო და საკითხები, რომლებიც მხოლოდ სინოდში უნდა განიხილებოდეს, გარეთ არ გაეტანა. ერთხელაც არ შეისმინა ჩვენი რჩევა და თხოვნა. სინოდის სხდომაზე თავსა და ემოციებს აშკარად ვეღარ აკონტროლებდა, პატრიარქს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, რამაც ჩვენც დაგვაბნია. მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ - განკითხვებში იყო, რაც ადამიანს დასცემს, გამოფიტავს და გამოაშრობს. განკითხვა რომ დავიწყოთ და არ მოვინანიოთ, ყველას ასე დაგვემართება, შეიძლება უარესადაც... მძიმე სანახავი იყო, რაც წმინდა სინოდის შეკრებაზე ხდებოდა და ყველამ ძალიან განვიცადეთ.

ვიდრე მეუფე პეტრე ხმამაღალ საუბარზე გადავიდოდა, პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო? მეუფე ჩვენი შეგონებით უფრო ღიზიანდებოდა და წარმოუდგენლად იქცეოდა... ყველამ, და უპირველესად უწმინდესმა, შევთავაზეთ, გულწრფელად ეთხოვა შენდობა, რაც არ ისურვა. იმავე განწყობით გამოვიდა გარეთ და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ...

ასეთ დროს არსებობს გამოსავალი - სიმშვიდისა და სიმდაბლისთვის მონასტერში წასვლა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მონასტერი. ვიდრე მეუფე გახდებოდა, სნოში, სტეფანწმინდის ეპარქიაში, დიდხანს ცხოვრობდა მონასტერში. იქ მშვიდად არის ადამიანი, მას კი ეს ძალიან სჭირდება... ვერაფრით ვხსნი, როგორ მივიდა იქამდე, რომ ასე მოექცა სულიერ მამას, ადამიანს, რომელმაც აღზარდა და აქამდე მოიყვანა. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: სად მიდის მეუფე პეტრე?