ხილი, ხორცი და ხორცის პროდუქტები, პური - კიდევ რომელი პროდუქტები გაძვირდა და რამდენით ერთი წლის განმავლობაში - კვირის პალიტრა

ხილი, ხორცი და ხორცის პროდუქტები, პური - კიდევ რომელი პროდუქტები გაძვირდა და რამდენით ერთი წლის განმავლობაში

"საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი და ყურძენი 26.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14.7 პროცენტით,ხოლო პური და პურპროდუქტები 11 პროცენტით გაძვირდა.

"საქსტატი" ოქტომბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის თანასხმადაც, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიის ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით . კერძოდ, ხილი და ყურძენი 26.9 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 16 პროცენტით, თევზეული 15.8 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14.7 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული 12.4 პროცენტით, ასევე პური და პურპროდუქტები 11 პროცენტით გაძვირდა.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3 პროცენტი).

ერთწლიან ჭრილში დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3 პროცენტიანი მატება. სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფზე: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით.

"საქსტატის" მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), ასევე ხილი და ყურძენი (1.0 პროცენტი). ამასთან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9 პროცენტით, ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (10.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.9 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

"საქსტატის" ინფორმაციით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"